ეს იქნებოდა მხოლოდ გასართობი მასალა და სოციალურ ქსელებში დასაცინი სისულელე, რომ არა სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ამას სერიოზულად აღიქვამს , _ ასეთი კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ინტერნეტში უკრაინულ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, არ ეგონა, რომ რუსულ საიტზე ატვირთული ამ ნაბოდვარის გამო კომენტირება მოუწევდა.
"ეს როგორც ნაბოდვარიც, ძალიან არასერიოზულად შესრულებული ნაბოდვარია. ძალიან ბევრი ლაფსუსებითა და სასაცილო ნიუანსებით. ვიღაცამ გადაწვიტა ერთიანად გადაჭრას პრობლემა და დაწყებული პრეზიდენტ მარგველაშვილით დამთავრებული ვიღაც მისტიური "გაგუშათი", შეთქმულების თეორია შექმნა, მაგრამ სამწუხარო ამ ვითარებაში არის ის, რომ ამაზე სახელმწიფო იწყებს გამოძიებას. სუსი სერიოზული სახით დგას და აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაზე არის დაწყებული გამოძიება. ეს მხოლოდ ასუსტებს სახელმწიფოს და მასხრად ასაგდებად ხდის სახელმწიფო ინსტიტუტებს. მათ შორის ქვეყანის უსაფრთხოების სისტემას. თუ ასეთ რაღაცეებს ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურია, ეს არაფერი კარგით ქვეყნისთვის არ დასრულდება. ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება. ამას ძალიან სერიოზულად აღიქვამს სახელმწიფო. ტრაგიკული ვითარეებაა. პრინციპში, ეს იქნებოდა მხოლოდ გასართობი მასალა და სოციალურ ქსელებში დასაცინი სისულელე, რომ არა სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ამას სერიოზულად აღიქვამს", _ განაცხადა გაბაშვილმა.
მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.