შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქვეყნის მთავარი ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი ისტერიკაშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იმ შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო.
"მე ვერ გავაკეთებ კომენტარს უშიშროების ორგანოების გადაწყვეტილებაზე. ეს მათი კომპეტენციია. მე არ ვფლობ ინფორმაციას, რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. თუ იმ რაღაც ე.წ.ვიკილიქსის საფუძველზე, მაშინ, რა თქმა უნდა, სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ არ ვიცი, იქნებ რაიმე სხვა ინფორმაცია აქვთ, მათ შორის, "რუსთავი 2"-ის მიმართ არსებული საფრთხის შესახებ, არ ვიცი, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მგონია და შთაბეჭდილება მრჩება, რომ სინამდვილეში სრული ისტერიკაა, რომ ისტერიკაშია ამ ქვეყნის მთავარი ხელისუფალი ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, გუშინდელი კონცერტის მერეც. მას ხომ ხალხის რაოდენობა ზოგადად, აშინებს. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ამის შედეგია", - განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება იმას, რომ შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივ მორიგეობას გეგმავს, გვარამიას განცხადებით, "თუ უშიშროების ძალები ამბობენ, რომ დაცვა სჭირდება "რუსთავი 2"-ს და ამისთვის რაიმე ინფორმაცია აქვთ, მაშინ მათი ვალდებულებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ".
"სამსახურში ვიქნები რამდენიმე ხანში და გავარკვევ რას გეგმავენ და რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ თუ უშიშროების ძალები ამბობენ, რომ დაცვა სჭირდება "რუსთავი 2"-ს და ამისთვის რაიმე ინფორმაცია აქვთ, მაშინ მათი ვალდებულებაა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ, თუმცა იმედია, შიგნით შემოსვლას და თვალთვალს არ აპირებენ", - განაცხადა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
გარდა ამისა, შსს განსაკუთრებულ ზომებს იღებს და "ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივი მორიგეობის დაწესებას გეგმავს.