ხელისუფლება ისეთ აგონიაშია, შეიძლება მომვარდეს, კაბა გამხადოს და მითხრას, ჩემიაო - ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლება ისეთ აგონიაშია, შეიძლება მომვარდეს, კაბა გამხადოს და მითხრას, ჩემიაო - ჩერგოლეიშვილი

ტელეკომპანია "ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი "რუსთავი 2"-თან განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების "აგონიაში" ყოფნას უკავშირებს და ამბობს, რომ "ივანიშვილის დაკვეთით ღარიბაშვილი ყველაფერზეა წამსვლელი".

როგორც ჩერგოლეიშვილმა დღეს, "რუსთავი 2"-ის შენობასთან განაცხადა, "ძალიან რთულია აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა".

"ფაქტია, რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები, თუმცა საზოგადოების რეაქციას შეუძლია ეს მოვლენები გააჩეროს. ყველას მოვუწოდებთ, დღეს იქ დადგეს, სადაც თავისუფლებას ვიცავთ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. ეს ნამდვილად არ არის პარტიული ბრძოლა, დღეს ჩვენ თავისუფლებისთვის და ქვეყნის მომავლისთვის.

ხელისუფლება ისეთ აგონიაშია, რომ ყველა ნაბიჯი შეიძლება გადადგას, შეიძლება მომვარდეს ახლა, კაბა გამხადოს და მითხრას, ჩემიაო, აგონიაში არიან და ეს ყველაფერზე იკვეთება. ისეთი გაბანკროტებულები არიან, რომ მოსახლეობის მეათედი თუ უჭერს მხარს, ამ სამი წლის მანძილზე მოახერხეს და მიიღეს საზოგადოებისგან ასეთი მაღალი ხარისხის უარყოფა. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მაგრამ არ გამოუვათ, თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ", _ აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

მისივე შეფასებით, "პრეზიდენტის განცხადება იყო მკაფიო და ისეთი, როგორიც უნდა გაეკეთებინა საღად მოაზროვნე სახელმწიფოს მეთაურს".

"პრემიერის განცხადება იყო კატალიზატორი პრეზიდენტის განცხადებისა და მან დააჩქარა პრეზიდენტის ამ დამოკიდებულების გამჟღავნება. პრეზიდენტის განცხადებამ დაადასტურა ის, რაც აქამდე ვიცოდით, თუმცა ახლა ყველაფერი ნათელია, ახლა ყველაფერი არის შავ-თეთრი. აქ, ამ ეზოში დგანან და მომავლშიც დადგებიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც ძვირფასია ქვეყანაში თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა, მეორე მხარეს კი დგანან ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ოლიგარქი და მისი მარიონეტები, რომლებიც აუცილებლად წააგებენ ამ ბრძოლას. მთავარია, ჩვენ თავისუფლების დამცველებმა ვიმოქმედოთ ცივი გონებით და არ მივცეთ ირაკლი ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მორიგი სისხლისღვრა გამართოს ამ ქვეყანაში", _ აცხადებს ჩერგოლეიშვილი.