ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა „SOCAR Georgia“-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებას გამოეხმარა.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანში გასულ წელს მეთანილის ქარხანა გაიხსნა, რომელმაც თვითონ დადო ხელშეკრულება რუსეთთან გაზის 2 მილიარდი მოცულობის მოწოდებაზე.
„SOCAR Georgia“-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ თითქმის აკმაყოფილებს ბუნებრივი აირით საქართველოს მოსახლეობას, საუბარი კი კომერციულ სტრუქტურებზეა. იმაზე, რომ მოსახლეობას სრულად აკმაყოფილებს, ორი აზრი არაა, მაგრამ არის სარისკო, რომ გაზრდილი მოთხივნილების პირობებში, აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი, არ ეყოს კომერციულ მომხმარებელს, ესაა დაახლოებით 10%. მოსახლეობისთვის ესაა 2002 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი, რომელსაც სპეციალურ ფასად იღებს საქართველო. კახა კალაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გაზპრომთან“, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გაზის გატარებასთან, ტრანზიტთან დაკავშირებით. მოხმარება მარტო მოსახლეობა და ენერგეტიკა არაა, ამის გარდა არის უამრავი პატარა და დიდი საწარმო, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ფუნქციონირებისთვის ბუნებრივი აირი, სწორედ ამაზეა საუბარი. ვიმეორებ, საუბარია 10-15%-ზე გაზის კომერციულ ნაწილზე, სადაც შესაძლოა, აზერბაიჯანს პრობლემა შეექმნას მოცულობების მოწოდებაში. აზერბაიჯანში გასულ წელს მეთანილის ქარხანა გაიხსნა, რომელმაც თვითონ დადო ხელშეკრულება რუსეთთან გაზის 2 მილიარდი მოცულობის მოწოდებაზე. კომერციულ ნაწილში რომელიმე კომპანია თუ კონკურენტულ ფასად იყიდის „გაზპრომიდან“ გაზსს, ეს მოცულობაც მხოლოდ 10-15% იქნება. საქართველოში არის კომერციული კომპანიები, რომლებიც კომერციულ გაზს ყიდულობენ, რაც საკამაოდ ძვირია“, - განაცხადა მირცხულავამ.
დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია წინა ისტორია რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე, უამრავი პრობლემა იყო, თუმცა დღეს როცა საუბარია კომერციულ გაზზე, ეს ვერანაირ პრობლემას ვერ შექმნის.
„ბუნებრივია, რომ წყაროები როცა არის მრავალი, ეს კარგია ქვეყნის ენეგოუსაფრთოებისთვის, ასევე გასათვალისწინებელია ჩვენი წინა ისტორია რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე, ჩვენ უამრავი პრობლემა გვქონდა, თუმცა დღეს როცა საუბარია კომერციულ გაზზე, ეს ვერანაირ პრობლემას ვერ შეგვიქმნის. თეორიულად, რაც უფრო მეტი მომწოდებელი ჰყავს ქვეყანას და მოწოდება დივერსიფიცირებულია, ეს ბუნებრივია ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რუსეთიდან პრობლემური მოწოდებები და აქედან გამომდინარე გვაქვს შიში. შესაძლოა, არცერთმა კომპანიამ არ იყიდოს, რადგან ფასი მიუღებელი და არაკონკურენტუნარიანი იყოს საქართველოს ბაზარზე“, - განაცხადა მირცხულავამ.
მისი თქმით, საქართველო მონაწილეა იმ პროექტების, რომელიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო.
„საქართველო აგრძელებს შაჰდენიზის მეორე ფაზაში მონაწილეობას. ჩვენთვის გაზის მოწოდებაში ყველაზე დიდი პარტნიორი არის აზერბაიჯანი, ჩვენ ამ პროექტის მონაწილე ვართ. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რუსულ გაზზე გადავალთ, გამორიცხულია. კომპანიებს კანონითაც ვერავინ აუკრძალავს თუ „გაზპრომმა“ მისცა კონკურენტულ ფასში ბუნებრივი აირი ბუნებრივია, იყიდიან რადგან კომერციული გაზი საქართველოში ძვირი ღირს. მე მინდა შევახსენო ოპოზიციურ პარტიებს, პირველად საქართველოს ისტორიაში „გაზპრომის“ ფილიალი დაფუძნდა 2005 წელს, რომელიც რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა. იმ პერიოდში ჩვენ გაზი აზერბაიჯანიდან არ გვქონდა. ევროპაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაიკლო ბუნებრივი აირის ფასმა, ასეთი ფასი შესაძლებელია საქართველოშიც იქნას მისაღები გაზგასამართი სადგურებისთვის, რომელიც ფართოდაა საქართველოში, თუმცა კომერციული გაზის მთლიანი მოცულობა 10%-ს არ აღემატება. ეს პატარა სეგმენტია და ამან ასეთი ვნებათაღელვა, არ უნდა გამოიწვიოს“, - განაცხადა მირცხულავამ.
ცნობისთვის, „SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას.
როგორც მაჰირ მამედოვმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ საქართველოში ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი, პლუს „შაჰდენიზის“ კიდევ 1 მილიონი კუბური მეტრი შემოდის. საქართველოს მოსახლეობის მოხმარებული რაოდენობა კი, დღეში 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.