“კვალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით...

“კვალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით..."

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაში ნამდვილი გარდატეხა XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ამ პერიოდში გაცილებით ინტენსიური გახდა დიპლომატიური კონტაქტები, რაც იმით იყო განპირობებული, რომ მოსკოვის სახელმწიფოს სამხრეთი საზღვარი მჭიდროდ მიებჯინა კავკასიონს, ხოლო საქართველო ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ირან-ოსმალეთის მხრივ. გაცილებით ვრცელია ამ ურთიერთობათა შესახებ არსებული საისტორიო წყაროებიც, რომლებიც რუსულ არქივებსა და მატიანეებშია დაცული. XVI საუკუნიდან საგრძნობი გახდა კიდევ ერთი ტენდენცია - კერძოდ ის, რომ მინიმუმამდე შემცირდა თხრობით ძეგლებში დაცული ცნობების რაოდენობა და ამ თვალსაზრისით სიმძიმის ცენტრი არქივებსა და სხვა სიძველეთსაცავებზე გადავიდა. თუმცა, ამ დროისთვისაც შემორჩენილია რამდენიმე საინტერესო ნარატიული წარმოშობის ცნობა.

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე არსებულ არსებულ ურთიერთობათა ამსახველი მასალები. ამის მიზეზი შეიძლება ისიცაა, რომ ადრინდელი დოკუმენტები, სავარაუდოდ, განადგურდა, ან ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია.

რაც შეეხება ქართულ ძეგლებს, ამ მხრივ, სრულიად საპირისპირი სურათი ჩანს. ფაქტობრივად, გაგვაჩნია ერთადერთი ცნობა, რომელიც ახალი “ქართლის ცხოვრების” მეორე გაგრძელებაშია დაცული.

სანამ კონკრეტულად ამ საკითხზე გადავალთ, საჭიროა რამდენიმე წინადადებით მიმოვიხილოთ XVI საუკუნის 20-იანი წლების კახეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი.

როგორც ცნობილია, 1513 წელს ქართლისა და კახეთის მმართველთა მეტოქეობა ქართლის მეფე დავით X-ის გამარჯვებით დასრულდა. მისმა ძმამ, ბატონიშვილმა ბაგრატმა (ეს პიროვნება ცნობილია იმით, რომ 1512 წელს საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს) შეიპყრო კახთა მეფე ავგიორგი და კახეთიც დაიმორჩილა. 1513-1518 წლებში დავით X გაერთიანებული ქართლ-კახეთის მფლობელი გახლდათ, თუმცა ავგიორგის დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი ლევანი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა მამის სამკვიდროზე.

ტახტის მემკვიდრე და დედამისი ელენე დედოფალი სახლთუხუცეს გარსევან ჩოლოყაშვილის სასახლეში აფარებდნენ თავს. ჩანს, ყმაწვილ ლევანს მრავალი კახელი დიდებული უჭერდა მხარს, რაც ქართლის მეფის შეშფოთებას იწვევდა. დავითმა გადაწყვიტა ავგიორგის შთამომავლის შეპყრობა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო კახეთის სეპარატისტული პოლიტიკისთვის და ამ ამოცანის განხორციელება საკუთარ ძმას მიანდო.

ახალი “ქართლის ცხოვრების” მეორე გაგრძელებაში ამის შესახებ ნათქვამია- “და წარავლინა ძმა თვისი ბაგრატ და ერისთავი ქსნისა, და ამილახორი, რათამცა მოიძიონ ყრმა იგი თუ სადა არს: მაშინ იწყეს ძიება მკვიდრთა მას კახეთისა სახლსა შინა დიდთა თუ მცირეთასა, და განავლინეს ბრძანება, და შემოიფიცეს ყოველნივე, რათამცა გამოაცხადონ ყრმისა მისთვის, თუ სადა არს, და ესრეთ მოვლეს რომელიმე კახეთის კერძონი”. ამას მოსდევს ცნობა იმის შესახებ, რომ მომხრეებმა “წარიყვანეს ლევან მოსკოვის კნიაზთანა”, ხოლო დედამისი ელენე მაღრანის ციხეში იყო თავშეფარებული. ბაგრატ ბატონიშვილი დიდი ამალით ესტუმრა გარსევან ჩოლოყაშვილს, რომელმაც კეთილად უმასპინძლა და მეორე დღეს ფიცით დაუდასტურა, ვინც თქვენ საკუთარი თვალით იხილეთ, იმის მეტი ჩემს სასახლეში არავინ იმყოფებაო. “ხოლო იყო რაოდენიმე ხანი, კვალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით და შთამოვიდა კახეთს და შევიდა ციხესა მას შინა ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა”. კახელებმა თავიანთ ბატონიშვილს ერთგულება შეჰფიცეს, “მიერთნეს ლევანს, წარმოიყვანეს და გაიბატონეს და დაიპყრა კახეთი ლევან”.

აღნიშნული ეპიზოდი არაერთი, მსგავსი და ზოგიერთი განსხვავებული დეტალით გამდიდრებული, მოთხრობილია სხვა ქართულ ნარატიულ ძეგლებშიც. კერძოდ, ამის შესახებ გვიამბობენ ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი ბატონიშვილი.

ვახუშტი, პრინციპში, იმეორებს ახალი “ქართლის ცხოვრების” მეორე გაგრძელების ცნობას და ზოგიერთი ყოფითი ეპიზოდით ავსებს მას. კერძოდ, თუ როგორ “ჰყო ხვანჯი და ცბიერება დიდი” გარსევან ჩოლოყაშვილმა, “რამეთუ ლევან ჰყო მეწდედ უშუერითა სამოსლითა და იმსახურებდა ჟამსა სერისასა სტუმრებულის ბაგრატის წინაშე” (ესე იგი, მერიქიფედ გაასაღა ნადიმის დროს. ზ.დ.). მეორე დღეს გარსევანმა ბაგრატ ბატონიშვილის თანდასწრებით დაიფიცა, ვინც თქვენ იხილეთ, ყველა აქაა, სხვა ჩემთან არავინ არისო. ბაგრატმაც დაიჯერა ცბიერი სახლთუხუცესის ფიცი და ქართლში გაბრუნდა.

დაახლოებით მსგავს ისტორიას გვიამბობს ბერი ეგნატაშვილიც.

აშკარაა, სამივე წყარო ერთნაირად გადმოგვცემს, როგორ გააცურა გარსევან ჩოლოყაშვილმა ბაგრატ ბატონიშვილი და მისი ამალა. განსხვავებას ვხედავთ მხოლოდ ახალი “ქართლის ცხოვრების” მეორე გაგრძელების ტექსტში, სადაც აღნიშნულია ტახტის ნორჩი მემკვიდრის რუსეთში გახიზვნისა და შემდეგ რუსთა რაზმით უკან დაბრუნების შესახებ. 

რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით?

ქართულ ისტორიოგრაფიაში ახალი “ქართლის ცხოვრების” მეორე გაგრძელების ვერსია გაზიარებული არაა. ძირითადი არგუმენტი გახლავთ ის, რომ არცერთი სხვა წყარო ამ ფაქტის შესახებ არაფერს გვამცნობს. როგორც დღეისთვისაა გარკვეული, მეორე გაგრძელების ტექსტი XVIII საუკუნის 40-50-იან წლებში დაიწერა. მისი ანონიმი ავტორი იმავე წყაროებით სარგებლობდა, რაც ხელთ გააჩნდათ ვახუშტი ბატონიშვილსა და ვახტანგ VI-ის ბრძანებით შექმნილ “სწავლულ კაცთა” კომისიას. კონკრეტულად, კახეთის ისტორიის საკითხების გაშუქებისას მას ალავერდში შედგენილი ქრონიკით უსარგებლია. ივანე ჯავახიშვილმა თავის დროზე ყურადღება მიაქცია მეორე გაგრძელების ავტორის პედანტურ თვისებას, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო გამოყენებული წყაროთი თითქმის უცვლელად სარგებლობა. შედარებამ აჩვენა, რომ მეორე გაგრძელებისა და მისი წყაროს ცნობები, უმეტესწილად, სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს.

აღნიშნულ მომენტს ისტორიოგრაფიაში ხაზს უსვამენ იმის საჩვენებლად, რომ მეორე გაგრძელების ავტორისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი იმპროვიზაცია და იგი კეთილსინდისიერად იმეორებს სხვათა მონათხრობს.

ნიშნავს თუ არა ყოველივე ეს იმას, რომ ცნობა ლევან ბატონიშვილისთვის რუსთა რაზმის მიერ დახმარების აღმოჩენის შესახებ რომელიმე სხვა ძეგლიდანაა აღებული და სინამდვილეს შეეფერება?

ახალი წყაროების აღმოჩენამდე დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება ძნელია. თუმცა, საფიქრებელია, რომ მეორე გაგრძელების ავტორი უნდა ცდებოდეს და მოსკოვის “კნიაზთან” დაკავშირებით ინტერპოლაციასთან (გვიანდელი ჩანართი) უნდა გვქონდეს საქმე. იასე ცინცაძის დაკვირვებით, ანონიმი ავტორი თვითონვე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, როდესაც აღნიშნავს, გარსევან ჩოლოყაშვილთან ბაგრატის სტუმრობის დროს ლევანი უკვე მოსკოვში იყოო და ამის შემდეგ ურთავს იმავე გარსევანის ცრუ ფიცის ეპიზოდს. ცხადია, სახლთუხუცესის ცრუ ფიცს მნიშვნელობა მაშინ ჰქონდა, როცა იგი უბირ ტანისამოსში გამოწყობილ ლევანს მალავდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიცი, როგორც ცრუ, ასევე გულწრფელი, აზრს კარგავდა.

აქედან გამომდინარე, ცნობა ლევან ბატონიშვილის მოსკოვის მთავართან დაკავშირების შესახებ თვით მეორე გაგრძელების ავტორის მიერ უნდა იყოს ჩამატებული თავდაპირველი წყაროს ტექსტში.

თუ XVI საუკუნის 20-იანი წლების მოსკოვის სახელმწიფოს ისტორიას ყურადღებით გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ მტკიცება იმ პერიოდისთვის კახეთსა და რუსეთს შორის რაიმე კავშირურთიერთობის შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. რუსეთში ტახტზე იჯდა ვასილი III და ამ ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი ჯერ კიდევ საკმაოდ იყო დაშორებული ამიერკავკასიას. წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, რომ იმიერკავკასიის სტეპებში იმ დროისათვის ნოღაელთა ურდოები დათარეშობდნენ, ხოლო ჩრდოლოეთ შავიზღვისპირეთსა და ვოლგის ქვემო წელზე ჯერ კიდევ მყარი პოზიციები გააჩნდათ ყირიმის, ყაზანისა და ასტრახანის სახანოებს. ვასილი III-ს არაერთი შინაპოლიტიკური პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი (იგულისხმება რიაზანის სამთავროს საკითხი, ბრძოლა სმოლენსკისთვის, ურთიერთობა ლიტვასთან და მსხვილ ბოიარებთან) და, ცხადია, არც ძალა ჰქონდა, არც სურვილი, რომ კახეთის ტახტის მემკვიდრისთვის შეიარაღებული დახმარებს აღმოეჩინა.

XVI საუკუნის 20-იანი წლები ირან-ოსმალეთის მძაფრი დაპირისპირების ხანა იყო. მოსკოველი პოლიტიკოსებისთვის კარგად გახლდათ ცნობილი ის გარემოება, რომ მახლობელი აღმოსავლეთის ორი უძლიერესი სახელმწიფოს შუღლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ ა მ ი ე რ კ ა ვ კ ა ს ი ა-ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი დამკვიდრების მისწრაფება წარმოადგენდა. სხვა ფაქტორები რომ გამოვრიცხოთ, ი მ დ რ ო ი ნ დ ე ლ რუსეთში მხოლოდ ამის გამო შეიკავებდნენ თავს კახეთის საქმეებში აქტიური ჩარევისგან (იგულისხმება სამხედრო ძალის გაგზავნა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე). საერთოდ, ისტორიაში კარგადაა ცნობილი, რომ სამხრეთის მიმართულებით რუსეთმა აქტიური დაინტერესება მხოლოდ XVI საუკუნის მეორე ნახევარში გამოამჟღავნა.

ასეა თუ ისე, ახალი “ქართლის ცხოვრების” მეორე გაგრძელებაში ჩვენი საანალიზო ცნობის გაჩენას მხოლოდ მემატიანის დაუსაბუთებელი ახირებით ვერ ავხსნით.

ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე იყო მცდელობა იმის გარკვევისა, კონკრეტულად რა მიზეზმა განაპირობა ამ ყალბი ფაქტის შეტანა თხზულებაში. ფიქრობენ, რომ ანონიმ ისტორიკოსს ერთმანეთში აერია ორი ეპოქა და ასევე კარგად ცნობილი ფაქტი XVI საუკუნის 60-იან წლებში რუსეთ-კახეთის ურთიერთობისა (მაშინაც ლევანი იჯდა ტახტზე. ამის თაობაზე მომდევნო წერილში ვისაუბრებთ) მექანიკურად იმავე საუკუნის 20-იან წლებზე გადაიტანა.

ეს მოსაზრება საკმაოდ არგუმენტირებულად გამოიყურება და ახალი ფაქტოლოგიური მასალის გამოჩენამდე, ძირითადად, გაზიარებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში.