ნინო ბურჯანაძე - რაც

ნინო ბურჯანაძე - რაც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ხდება, "ქართული ოცნების” უსუსურობის გამოვლინებაა

ის რაც დღეს ხდება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ეს არის იმ უსუსურობის გამოვლინება, რაც გამოიჩინა "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მაესტროს" ეთერში გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას განაცხადა. 
მისი თქმით, "რუსთავი 2" არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი ტელევიზია, მაგრამ ნამდვილად უმაღლესი კლასის პროფესიონალები მუშაობენ. 
"ის, რაც დღეს ხდება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ეს არის იმ უსუსურობის გამოვლინება რაც გამოაჩინა "ქართულმა ოცნებამ". "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა ის, რომ ადამიანების უმრავლესობას გაუჩნდა განცდა, რომ სასამართლო არის მანიპულირებადი. დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას", -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
მისივე თქმით, "დემოკრატიული მოძრაობა" არ აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" წამოწყებულ აქციებს შეუერთდეს. 
"არასოდეს არაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძალა შეემატოს. ეს ძალა უნდა მოშორდეს ქვეყანას. "რუსთავი 2" ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხშირ შემთხვევაში ობიექტურად, მაგრამ "რუსთავი 2"-ის კრიტიკაში არავის არ შეეპარებოდა ეჭვი ასეთივე ობიექტურობით რომ გაეკრიტიკებინა "ნაციონალური მოძრაობა". შანტაჟი, ფარული ჩანაწერები, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ვის მიმართაც და ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული. თუ მართალია ის რაც გვარამიამ თქვა, თუ ამაში იოტისოდენა სიმართლეც არის, ეს მიუთითებს იმას, რომ "ქართული ოცნება" ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობა" შეგნებულად გააცოცხლა და ფეხზე დააყენა, რათა საპარლამენტყო არჩევნებზე ხალხი იგივე არჩევანის წინაშე დაეყენებინათ როგორიც წინა არჩევნების დროს - ან "ქართული ოცნება", ან "ნაციონალური მოძრაობა".
"დღეს "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს უზარმაზარი ფული, აქვს დიდი რესურსი ასევე აქვს დიდი მხარდაჭერა და NDI-ის ე.წ. გამოკითხვები ნათლად აჩვენებს იმას, რომ დასავლეთი "ნაციონალურ მოძრაობას" მფარველობს. ეს არის უსუსური, უუნარო ხელისუფლებაა და მე როდესაც ვამბობ, რომ დამნაშავე ხელისუფლება უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". დღეს რაც საქართველოში ხდება არის კატასტროფა სახელმწიფოს ხვალინდელი დღისთვის. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ეს ორი ძალა მოშორდეს ხელისუფლებას და ხელისუფლებაში ნამდვილად მოვიდეს ყველაზე ჯანსაღი ძალა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.