თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ნებისმიერი დიალოგისა და კომუნიკაციისთვის მზად არის. ამის შესახებ ლადო პაპავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, ის რაც უნივერსიტეტში ხდება, ჩვეულებრივი ამბავია.
"უნივერსიტეტი ღიაა და ყველა სტუდენტს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. მქონდა აქციის მონაწილეებთან შეხვედრა, რომლებიც ჩემს გადადგომას ითხოვენ. მე წავიკითხე 10 პუნქტი, რომელიც მათ წამოაყენეს და მქონდა საუბარი. ათივე პუნქტი არ იწვევს არანაირ გაუგებრობას და ჩვენ ვართ სრულად თანამოაზრეები. არ მინდა, რომ ზოგიერთი სტუდენტი აღმოჩნდეს ვინმეს პოლიტიკური ინტერესების იარაღი, დანარჩენი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესები არის ჯანმრთელი, როცა სტუდენტები რაღაცას ითხოვენ და ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ საკითხები განვიხილოთ. მაგრამ არის მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან. ჩვენ შევეცდებით, მაგრამ ამას მარტო ჩვენი ძალები არ ეყოფა. იქ არის საკითხები, რომელიც მოითხოვს კანონში ცვლილებებს, მარტო ჩვენი ძალები ამას არ ეყოფა. იქ არის მოთხოვნები, რომ ჩვენ შევქმნათ დამოუკიდებელი ფონდი, საუნივერსიტეტო განვითარების, სადაც თანამშრომლები შეიტანენ წვლილს. მე პირადად ასეთი წვლილი განადგურებული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის შექმნაში შემაქვს და არა მარტო მე, უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორს. თუ ასეთი ფონდი შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე განმარტებით, სტუდენტების ნაწილს, რომლებიც დღეს უნივერსიტეტის ეზოში პროტესტს გამოხატევენ, მან პირადად უთხრა, რომ დაეყენებინათ საკითხი როგორც თვითმმართველობის წამომადგენლებს ფონდის შექმნასთან დაკავშირებით და იგი გვერდით დაუდგებოდა.
"ნებისმიერ ჯანსაღ დიალოგზე, კომუნიკაციაზე, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა ლადო პაპავამ.
რაც შეეხება უნივერსიტეტის საქმიანობით საგამოძიებო უწყებების დაინტერესებას, უნივერისტეტის რექტორი აცხადებს, რომ თუ ვინმე დაინტერესებულია უნივერსიტეტის მუშაობით, შეუძლია შევიდეს და ნახოს.
"წლის დასაწყისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ინფორმაცია და ეს დოკუმენტი ინტერნეტში განთავსებული და ხელმისაწვდომია. ვისაც უნდა შეუძლია გაეცნოს. იქ არის რეკომენდაციები რა უნდა გამოასწოროს უნივერსიტეტმა და ამ მიმართულებით მუშაობა მიდის", - განაცხადა პაპავამ.