მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლის შოთაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან, მათ მიერ გარკვეულ ზეწოლაზე საუბრის შემდეგ, მათთან შეხვედრა იგეგმება.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, თუკი აღნიშნულ ფაქტებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იქნება, მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„გარკვეული გასაუბრება უკვე გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეულ წევრებთან, მაგრამ უმეტესობა არ იმყოფებოდა საქართველოში, როცა ეს ამბავი ხდებოდა და შესაბამისად, ყველასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა. თუმცა, უახლოეს მომავალში მოხდება ყველას გამოკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ“, - განაცხადა შოთაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მათ მოუწოდებს, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.