მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე 438 პროკურორს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საბოლოო გამარჯვება ჯერ კიდევ წინ არის.
როგორც პროკურორთა კონფერენციაზე ბადაშვილმა აღნიშნა, საპროკურორო საბჭომ უნდა აირჩიოს მთავარი პროკურორი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ეცოდინება სისტემის ყველა თანამშრომლის საჭიროება.
„ვფიქრობ, რომ საბოლოო გამარჯვება კიდევ წინ გველოდება და გვექნება მაშინ, როცა არჩეული იქნება ისეთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად ეცოდინება თითოეული პროკურორის, გამომძიებლის და თანამშრომლის საჭიროება. კარგად ეცოდინება პროკურატურის სპეციფიკა. ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვენახა მაგალითი. ზუსტად ამიტომ, მე ვფიქრობ და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი იყოს სისტემის განუყოფელი ნაწილი და ემსახურებოდეს პროკურატურის ინტერესებს. იყოს მიმართული განვითარებისკენ, ჰქონდეს ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვა, ხელმძღვანელობდეს სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული ღირებულებებით და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ შედეგს ყველა ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა ბადაშვილმა.