იტალიის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ცნობისთვის, ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოში იტალიის ელჩია 2015 წლის 1 სექტემბრიდან. წლების განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონში იტალიის საელჩოს პრესსპიკერი, პრესასთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი საქმეების და კულტურის სამსახურის უფროსი; პეკინში, იტალიის საელჩოში ასრულებდა საელჩოს მრჩევლის მოვალეობებს კულტურის საკითხებში, პოლიტიკური მრჩევლის რანგში კურირებდა ჩინეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებს; ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მსახურობდა მინისტრის აპარატში, პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურში, ხოლო დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, პროფესიულ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა.