„ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ, აქ არ არსებობს დამარცხებული“

„ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ, აქ არ არსებობს დამარცხებული“

მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე დამსწრე პროკურორებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვებულებს მიულოცა.

როგორც ბადაშვილმა განაცხადა, კონფერენცია, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითოეული მონაწილის დახმარებით, სრულიად ორგანიზებულად და მაღალ დონეზე ჩატარდა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატო თითოეული პროკურორის, გამომძიებლის, იმ თანამშრომლის მიმართ, რომელმაც ამ სამი დღის განმავლობაში მუხლჩაუხრელად იშრომა იმისთვის, რომ ძალიან ორგანიზებულად ჩაგვეტარებინა საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პროკურორთა პირველი კონფერენცია. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს პროკურატურა არის ყველაზე ორგანიძებული და ერთიანი სულისკვეთებით გამსჭვალული ორგანიზაცია. ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მინდა მივულოცო საპროკურორო საბჭოს არჩეულ წევრებს საქართველოს პროკურატურის ისტორიაში პირველ არჩევნებში მონაწილეობა და კოლეგების ნდობის და მანდატის მოპოვება. მაგრამ ეს არის არჩევნები, რომელშიც ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ, აქ არ არსებობს დამარცხებული“, - განაცხადა ბადაშვილმა.

პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ყველა, რვავე წევრი აირჩიეს.