ვადასტურებ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ხელის შეშლის მცდელობები ნამდვილად არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის შემდეგ განუცხადა, სადაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების ანგარიშები მოისმინეს.
ვოლსკის თქმით, "არის განცხადებები და ინფორმაციები იმის შესახებ, რომ საერთაშორისო წარმომადგენლები, ექსპერტები ინტენსიური ზეწოლის ქვეშ არიან, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.
"დღეს ყველა სამინისტროს მოვუსმინეთ, მოვუსმინეთ მაღალი თანამდებობის პირებს, მინისტრის მოადგილეებს და პრაქტიკულად, საზოგადოებას შეგვიძლია ჩავაბაროთ მოკლე ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა. უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ საქმის პოზიტიურ განხილვას ველოდებით. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ხელშეშლაც იქნება და სამწუხაროდ, საქართველოდან, პოლიტიკური ოპონენტებისგან. არის განცხადებები, არის ინფორმაციები, რომ საერთაშორისო წარმომადგენლები, ექსპერტები ინტენსიური ზეწოლის ქვეშ არიან, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან მხრიდან. ოფიციალური თუ არაოფიციალური ინფორმაციით და ხშირ შემთხვევაში უფრო არაოფიციალური ინფორმაციით, რომ საქართველოში არაფერი პროგრესი არ ხდება, ადამიანის უფლებები ირღვევა. ზუსტად იმის გამეორება ხდება, რაც თვითონ აწვნიეს ჩვენს ქვეყანას და რის გამოც ძალიან სერიოზულ უარყოფით შეფასებებს იმსახურებდნენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან", – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ და აქვე დასძინა, რომ ოპონენტებს ხელის შეშლა არ გამოუვათ.