პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უვიზო მიმოსვლის მიღების პროცესისათვის ხელის შეშლას ცდილობენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ბერძენიშვილმა სამი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც დღეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს.
"15 დეკემბერს მეოთხე შეფასება იქნება. სავარაუდოა, რომ ეს იქნება დადებითი შეფასება. ამის შემდეგ, უახლოეს ხანებში პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის თანახმად, ჩვენი მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. საწყენია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ. ცოტა გაუგებარია, რადგან წარმოდგენილია მთელი მთავრობა და თუკი რაიმეა კრიტიკული, ამაზე უკეთესი ტრიბუნა არ არსებობს. ვიცით, გვაქვს ინფორმაცია და განსაკუთრებით ეს "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება, ცდილობენ უცხოეთში ხელი შეუშალონ ამ პროცესს - თითქოსდა, საქართველო ამას არ იმსახურებს. ფაქტობრივად, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იბრძვიან, თორემ მთავრობის წევრებსა და დეპუტატებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ და ევროპაში ისედაც უვიზოდ მოგზაურობენ. ამიტომ მათი ეს მოღვაწეობა გულწრფელად რომ გითხრათ, გამაოგნებელია, რადგან მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, თან იმალებიან და ვერ მოდიან, ერიდებიან აქვე გვითხრან, რომ ამის მომხრე არ არიან. რა დააშავა ქართველმა ხალხმა ასეთი "ნაციონალური მოძრაობის" წინაშე, რომ ის ხალხთან ომში შედის ასეთ ვითარებაში, ცოტა გაუგებარია", – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.