„ამ თემაზე “ნაცმოძრაობის“ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ქულების მოპოვების შთაბეჭდილებას ტოვებს“

„ამ თემაზე “ნაცმოძრაობის“ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ქულების მოპოვების შთაბეჭდილებას ტოვებს“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე და ენერგოუსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ანალიტიკოსის თქმით, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბრები მხოლოდ კომერციული გაზის შესყიდვის შესაძლებლობაზე მიმდინარეობს.

„ამ თემაზე “ნაცმოძრაობის“ მიერ ატეხილი აჟიოტაჟი, ცალსახად ტოვებს პოლიტიკური ქულების მოპოვების და საქართველოს ხელისუფლებისთვის მტერთან გარიგებაში დადანაშაულების მცდელობის შთაბეჭდილებას.  „გაზპრომის“ თემით სპეკულირება ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. უცნაურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად თანამშრომლობდა „გაზპრომთან“ და ამას ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებდა, დღეს გაცილებით დაბალი ხარისხის თანამშრომლობას, რუსეთთან გარიგებას და ქართული ეკონომიკის რუსეთზე მიბმის მცდელობას უწოდებს. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოს ბუნებრივი აირის ბაზარი აუცილებლად საჭიროებს დივერსიფიკაციას. საქართველოში, ბუნებრივი აირის ყოველწლიურად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, აუცილებელია ისეთი მომწოდებლების გამოჩენა, რომელიც შეძლებს გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას. აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მთავარი საბადოს, „შაჰ-დენიზი 1“-ის მარაგები თანდათან იწურება და თავად აზერბაიჯანიც სხვადასხვა ვალდებულებების შესასრულებლად წარმატებით თანამშრომლობს „გაზპრომთან“ და რუსეთიდან შესაბამისი მოცულობების ბუნებრივი აირი მოაქვს“, –განაცხადა გვიდიანმა.

როგორც გვიდიანმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაციაა და ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.

ანალიტიკოსის თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამოდის არა ცალკეული საკითხების ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის თანხვედრაში სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.