" გათიშული უნდა იყოს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს გაზი შესაძლოა რუსულით ჩაანაცვლო"

ენერგეტიკის ექსპერტი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანიდან შემოტანილი გაზი არ არის საკმარისი, ერთადერთი საშუალება რუსეთია.

„ერთი მომწოდებელი, ნებისმიერ რამეზე, მასალა იქნება ეს თუ ნივთიერება, ცუდია. ჩვენ ერთი მომწოდებელი გვყავდა რუსეთი და საუბარი იყო მუდმივად, რომ დივერსიფიკაცია გაგვეკეთებინა და სხვა ქვეყნებიდან მომხდარიყო გაზის შემოდინება, საბოლოოდ გადავერთეთ მხოლოდ აზერბაიჯანზე. რუსეთიდან შემოდიოდა სოხმეთში გატარებული გაზის 10%. დივერსიფიკაცია სწორედ ის არის, რომ სხვადასხვა მომწოდებელი გყავს, თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებიდან. კარგად გვესმის, რომ რუსეთი აირს და ნავთობს იყენებს თავისი პოლიტიკისთვის. აზერბაიჯანი კიდევ მეტად არის დამოკიდებული გაზზე და ნავთობზე, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ან სხვა რაიმე მიზეზით რომ შეწყდეს აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდება, კარგი იქნება სხვა მომწოდებელიც იყოს. ქვეყანა ვალდებულია გაფორმებული ჰქონდეს ხელშეკრულებები საგანგებო სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესახებ. თუ შეწყდა აზერბაიჯანიდან მოწოდება, რუსეთმა უნდა აიღოს გარკვეული პერიოდი აირის მოცულუბის გაზრდის ვალდებულება, ხოლო თუ რუსეთიდან მოხდა, იგივე უნდა გააკეთოს აზერბაიჯანმა. არსებობს ასევე თურქმენეთი, თუმცა ის ჩვენი მომწოდებელი ვერ გახდება, რადგან რუსეთის გავლით უნდა მოხდეს გაზის მოწოდება, რუსეთს კი მასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რომ მას უნდა მიჰყიდოს გაზი და სად გაყიდის, თავად გადაწყვეტს. რეალურად ჩვენ ამ ორი ქვეყნიდან შეგვიძლია გაზის მიღება, ეს კი გადანაწილებული უნდ იყოს“,- განაცხადა არველაძემ.

ენერგეტიკის ექსპერტის თქმით, თუ კომერციულ გაზს რუსეთი საქართველოს უფრო იაფად შესთავაზებს, ვიდრე აზერბაიჯანი, ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება.

„ყოველწლიურად იზრდება გაზის მოხმარება, ჩვენ ვიცით, რომ ახლახანს ექსპლუატაციაში შევიდა 230 მეგავატიანია თბოელექტროსადგური გარდაბანში, რომელმაც მალე უნდა დაიწყოს მუშაობა, რაც გაზის მოხმარებას გაზრდის. ასევე იგეგმება 500 მეგავატიანის აშენება, რაზეც ბუნებრივი აირი დამატებით გახდება საჭირო. ჩვენ აზერბაიჯანთან ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომლითაც გარკვეულ ნაწილს შეღავათით ვიღებთ, გარკვეულს უფასოდ, მაგრამ არის კომერციული გაზი, რომლის ღირებულება 250 დოლარია, თუ აზერბაიჯანზე უფრო იაფად რუსეთიდანაა შესაძლებელი გაზის მიღება, ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ, ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა კარგი იქნება, როდესაც რამდენიმე მომწოდებელი გყავს“, - განაცხადა არველაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოხდეს იმ პირობების გათვალისწინება, რომელიც ქვეყნისთვისაა მომგებიანი.

„ხდება ხოლმე რომ ხელშეკრულებებს ვაფორმებთ და მერე ვხვდებით რომ შეცდომა მოგვივიდა, შესაბამისად, რუსეთთან იქნება თუ სხვასთან, წინასწარ უნდა გავთვალოთ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ვაფორმებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ჩვენთვის სასარგებლო მომენტები ჩავდოთ. რაც შეეხება აზერბაიჯანთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც შევარდნაძის დროს გაფორმდა, იქაც შეიძლებოდა თავის დროზე, ჩვენ სასარგებლოდ ჩადებულიყო ბევრი რამე. ბევრი რამეა დამოკიდებულება ხელშეკრულებაზე, განმსაზღვრელი ფასია, თუმცა ამის გარდა ბევრი მომენტია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განაცხადა არველაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს, რომ ხელისუფლებას სურს აზერბაიჯანურლი გაზის რუსულით ჩანაცვლება, არველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო წელი მოდის და ოპოზიცია ნებისმიერი ხერხით ცდილობს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხოს.

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს“, ნებიმიერის რამ შეიძლება ხელზე დაიხვიო როდესაც საარჩევნო წელი მოდის და გინდა, რომ გაიმარჯვო, ნებისმიერი მეთოდებით გინდა, რომ  მოწინააღმდეგეს ჩირქი მოსცხო. ისინი პოლიტიკურად თამაშობენ ხალხის თვალში. როგორ შეიძლება ჩაანაცვლო, მაგალითად შაჰდენიზის პროექტით მიწოდებული გაზის 5% გვეკუთნის ჩვენ უფასოდ, სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ეს შეიძლება ჩაანაცვლო. აბსოლუტურად გათიშული უნდა იყოს ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს გაზი შესაძლოა რუსულით ჩაანაცვლო. აქ საუბარია იმაზე, რომ ის 250 დოლარიანი გაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის და კომერციული გაზი ჰქვია, ან იმის ზევით რაც დაჭირდება საქართველოს, ის აწონ-დაწონოს, აზერბაიჯანიდან მიიღოს თუ რუსეთიდან, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა შეთავაზება იქნება და არა იმაზე, რომ რუსული გაზით სრულად ჩანაცვლება მოხდეს“, - აღნიშნა არველაძემ.