ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, გასულ წლებში რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი დანიშნულებისამებრ არ გამოყენებულა.
"ვისაც ამ რესურსებთან წვდომა ჰქონდა, საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესა, მაშინ როცა მოსახლეობის უმეტესობა კვლავ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია", - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, რუსული ფინანსური დახმარება "სამართლიანად", "აფხაზური ეკონომიკის აღდგენაზე" უნდა იხარჯებოდეს.
ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ რუსეთში არსებული ვითარება ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახა.
"წელს ჩვენ ვერ მივიღეთ დახმარება, რომელიც ეკონომიკის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი. ამის გამო ბიუჯეტის შესრულების კუთხით გარკვეული სირთულეები შეიქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით და საგადასახადო შემოსავლის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 500 მილიონი რუბლით გავზარდეთ", - განაცხადა ხაჯიმბამ.
"უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და ამ ინტერესების უგულვებელყოფა არ შეგვიძლია", - აღნიშნა ხაჯიმბამ.