აშშ-მა და რუსეთმა სირიის საჰაერო სივრცეში ინციდენტების აღკვეთის მიზნით მემორანდუმი დადეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დოკუმენტის მიღების მიუხედავად, მხარეები თანამშრომლობასა ან კოორდინირებულ ქმედებებს არ აპირებენ.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უწყება მემორანდუმის დადებას "მნიშვნელოვან ნაბიჯად" მიიჩნევს.
"ჩვენი მოლოდინით, აღნიშნული დოკუმენტი გავრცელდება კოალიციის ყველა ქვეყნის ავიაციაზე", - აღნიშნა კონაშენკოვმა.
მანამდე, პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხდა, რომ მემორანდუმი პოლიტიკურ შეთანხმებას არ წარმოადგენს.
"სირიაში რუსეთის ქმედებებს არ ვეთანხმებით", - განმარტა დევისმა.
პენტაგონის ინფორმაციით, სირიაში რუსული ავიაციის ავიდარტყმების 10%-ზე ნაკლები "ისლამური სახელმწიფოსა" და ალ-ქაიდას წინააღმდეგ არის მიმართული.