ირაკლი ალასანია – დღეს

ირაკლი ალასანია – დღეს "რუსთავი 2" არ არის მიუკერძოებელი, მაგრამ არის დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ არის მიუკერძოებელი, მაგრამ არის დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან. ამის შესახებ აშშ-ში მყოფმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას განაცხადა. 
მისი თქმით, სწორედ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე შეტევა ვნებს ყველას, მათ შორის ქვეყნის იმიჯს. "ილუზია არავის აქვს, რომ "რუსთავი 2" არის მიუკერძოებელი ტელევიზია. მე მახსოვს პირადად "რუსთავი 2"-ის შემოტევები ჩემს თავზე, როდესაც კრიტიკულს ვიძახდი სააკაშვილის წინააღმდეგ და მაბრალებდნენ, რომ პრორუსი ვიყავი. ეს ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ ხომ უნდა დავტოვოთ რაღაცეები წარსულში, წავიდეთ წინ და განვვითარდეთ. დღეს "რუსთავი2" არ არის მიუკერძოებელი, მაგრამ არის დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან", - აღნიშნა ალასანიამ. 
მისივე თქმით, მედიასივრცეზე იერიშის მიტანა ამერიკული და ევროპული საზოგადოებისთვის არის იმის ნიშანი, რომ დემოკრატია ვერ განვითარდება. "ვერც დახმარებას, ვერც დაფინანსებას, პირდაპირ უცხოურ ინვესტციიებს ვერ წამოვიღებთ, თუკი დაინახეს, რომ იმ ქვეყანაში, ვისი მხარდაჭერაც უნდათ, უკან მიდის დემოკრატიული პროცესები. 2012 წელს სწორედ იმიტომ მოვედით ხელისუფლებაში, რომ გაგვეთავისუფლებინა მედია, აღარ ყოფილიყო პროკურატურა პოლიტიზირებული, დღეს ივანიშვილის ხელში ყველაფერი ისევეა ზუსტად, როგორც იყო სააკაშვილის დროს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, აშშ-ში საქართველოს უყურებენ, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს და ბუნებრივია მათ სურვილი აქვთ, რომ საქართველომ იმ წარმატებულ გზაზე გააგრძელოს სიარული, რომელიც 2012 წლიდან დაიმკვირდა. 
"უფრო თავისუფალი გახდა მედია გარემო. შესაძლებელი გახდა შიშის გარეშე ეცხოვრა მოსახლეობის დიდ ნაწილს, მაგრამ ბოლო პერიოდში, რა მოვლენებიც განვითარდა, აშკარად დაანახა, რომ დღევანდელი "ქართული ოცნების" ხელისუფლება აბსულუტურად იგივე გზას აგრძელებს, რა გზაზეც იდგა სააკაშვილის რეჟიმი. დაიწყეს მედიაზე ზეწოლა, დაიწყეს სტერილური გარემოს ჩამოყალიბება, წინასაარჩევნო პერიოდში რომ არ იყოს დისკუსია, არ იყოს განხილვა იმ საკითხების, რომელიც ხალხს აღელვებს. 
მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ის ვითარება, რომ ყოველი არჩვენების შემდეგ ხელისუფლება მოდის ძალიან კარგი წინასაარჩევნო დაპირებებით, აკეთებს დემოკრატიულ ნაბიჯებს, რეფორმებს იწყებს და შემდეგ, შუა გზაში, როდესაც დარჩენილია ორი ან ერთი წელი არჩვენებამე, კვლავ იწყებს ძველი მეთოდებით და ხერხებით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას", - განაცხადა ალასანიამ.