საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სტუდენტებთან გამართა. ქვეყნის პირველმა პირმა „IDC Herzliya“-ის ინსტიტუტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა თემაზე „პატარა სახელმწიფოების გამოწვევა მსოფლიოს ახალ დღისწესრიგში.“ სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საქმიანობა გაიხსენა და სტუდენტებთან დისკუსიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა ისრაელსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზეც ისაუბრა, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო რეგიონში ქმნის. „ისტორიულად საქართველოს საუკუნეების მანძილზე უხდებოდა ბრძოლა საკუთარი იდენტობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად დიდი იმპერიების წინააღმდეგ, რომელთა ინტერესს წარმოადგენდა ეკონტროლებინათ საქართველოს ტერიტორიები“-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, საქართველოში მცხოვრები ებრაელი ხალხის და მათი როლის მნიშვნელობას ახალი სახელმწიფოს შენებაში. „ საქართველომ შეძლო და შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა, მეოცე საუკუნეში ხელახლა ააშენა ახალი თანამედროვე სახემლწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. სახელმწიფო დაფუძნებული წარსულზე, რომელიც ძალიან არის დაკავშირებული ებრაელ ხალხთან და ებრაულ სათვისტომოსთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში მეგობრულად და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც საქართველო აგებდა თავის სახელმწიფოს ებრაელი ხალხი ასევე იყო ამ პროცესის მონაწილე და ისევე განიცდიდა იმ პრობლემებს, როგორც ეთნიკური ქართველები, და იყვნენ ნაწილი ახალი სახელმწიფოს შენების პროცესისა”-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. საუბარი საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ქვეყნის ტრანზიტული როლის მნიშვნელობას შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. „ ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია და საქართველოში ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც იმის გამო რომ ეთნიკურად ქართველები არიან საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ. საქართველო არის დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელმაც შეძლო და მიუხედავად დიდი ზეწოლისა შეინარჩუნა საკუთარი იდენტობა, უნიკალური ენა, დამწერლობა, ჩვენი სახემწიფოებრიობა. ეს არის ის განცდა, რომელიც გააჩნია თითოეულ ქართველს, ამაზე ვფიქრობთ ჩვენ პოლიტიკოსები, როდესაც საქართველოს მომავალზე ვსაუბრობთ. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას და არ შევეგუებით, რომ ჩვენს ძლიერ მეზობელს გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს ჩვენი უფლებები და სუვერენიტეტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ არის აღიარებული და დამტკიცებული“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. საუბარი საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც შეეხო და ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთერთობებს, საქართველოში იმ ხელსაყრელ პირობებს, რომელიც ბიზნესის კეთების კუთხით არსებობს. დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა და უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე საერთაშორისო საზოგადოების როლზე, და მათ ჩართულობაზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში დღეს დასრულდა.