პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საამაყოა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდი აქტიურად განაგრძოbს ქართული ეკონომიკის დახმარებას.
როგორც ღარიბაშვილმა ახალი პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „აქსისი“ თანაბარი წილებით მონაწილეობენ „აქსის თაუერსის“ პროექტის განხორციელებაში.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მომსწრენი ვართ მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციის. ჩემთვის საამაყოა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი თანაინვესტირების ფონდი, აქტიურად განაგრძოს ქართული ეკონომიკის დახმარებას, ხელშეწყობას, გაძლიერებას და დღეს კიდევ ერთი დიდი მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციის მომსწრენი გავხდით. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია "აქსისი“ თანაბარი წილებით მონაწილეობენ „აქსის თაუერის“ პროექტის განხორციელებაში, რომლის ჯამური ღირებულება 83 მილიონი დოლარია. მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ თანაინვესტირების ფოდნის ჩართულობით გახდა შესაძლებელი, 7 წლის მანძილზე შეჩერებული პროქტის განახლება. კომპანია „აქსისის“ და თანაინვესტირების ფონდის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განახლდა ეს პროექტი, რომელიც დასრულდება 2017 წელს. კომპანია „აქსისი“, რომელიც არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია, საქართველოში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ამჯერად „აქსისი“ გვთავაზობს ძალიან საინტერესო პროექტს, ესაა „აქსის თაუერის“ მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს საცხოვრებელ, ასევე ატლასის საოფისე 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, გასართობ და კომერციულ ფართებს, რაც სრულიად ახალი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია და მას ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ.
"მათ საქმეში აქტიურად ეხმარებიან და კონსულტაციებს უწევენ უცხოელი პარტნიორები. დარწმუნებული ვარ, რომ „აქსის თაუერსის“ სახით თბილისს უნიკალური კომპლექსი შეემატება. ჩვენ ველოდებით, რომ ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოტანას საქართველოს ეკონომიკაში. ამ პროექტში დასაქმდება მინიმუმ 1000 კაცი, ხოლო მშენებელობის დასრულების შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი მუდმივად იქნება დასაქმებული. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თანაინვესტირების ფონდის ჩართულობა ქართული ბიზნესის და ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მოგეხსენებათ, რომ თანაინვესტირების ფონდი უკვე არის მონაწილე 10 პროექტის, რომლის საერთო ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.