საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე, გლობალური უსაფრთხოების თემებზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიური და ურყევი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ისრაელის მხრიდან არის დაინტერესება მშენებლობის, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის სფეროებით.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმნის. ამ თვალსაზრისით, საქართველოსათვის ისრაელის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ძალიან საინტერესოა, საქართველოსათვის სოფლის მეურნეობის სფეროში ისრაელის გამოცდილების გაზიარება, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ისრაელის გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და start up-ების პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ასევე, საქართველო-ისრაელის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროშიც, რადგან დღეს ისრაელიდან ვიზიტორების ზრდის დინამიკა პოზიტიურია. მხარეებმა გლობალურ უსაფრთხოებაში, ქვეყნის როგორც რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ არაპროგნოზირებად გარემოში, საქართველო ისრაელის თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმატების გასაღებია.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დღეს დასრულდება.