2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს შენიშვნები აქვს. საბიუჯეტო ოფისის დასკვნა მისმა ხელმძღვანალმა თათა ხეთაგურმა დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, სადაც 2016 წლის საბიუჯეტო პროექტის შემაჯამებელი მოსმენა გაიმართა.
მისი თქმით, მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილი მაჩვენებლებით გათვალისწინებულია მიმდინარე ხარჯების სტაბილურობის შენარჩუნება და ამავდროულად, არაფინანსური აქტივების შეძენის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები) ზომიერი ზრდა (80 მლნ ლარით 2016 წლისათვის), რაც ჯამში ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესებას განაპირობებს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით გათვალისწინებული ფისკალური პოლიტიკის პასუხები მკაცრ ფისკალურ დისციპლინას მოითხოვს, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს - ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდის პირობებში, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, მოსალოდნელია გაიზარდოს აგრეთვე მიმდინარე ხარჯებიც.
რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარებას, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, აღნიშნული სცენარისათვის მთავრობის პოლიტიკის პასუხად წარმოდგენილია ბიუჯეტის დეფიციტის საბაზისო დონეზე შენარჩუნება და ამისათვის 2016 წლისათვის გათვალისწინებულია საბაზისოსთან შედარებით მიმდინარე ხარჯების ზომიერი შემცირება (50 მლნ ლარით (0.6%)), და ე.წ. კაპიტალური ხარჯების არსებითი შემცირება (280 მლნ ლარით (16.8%)). ამასთან, მითითებულია, 2017 წლის ბიუჯეტში 2016 წლის კაპიტალური ხარჯების დანაკარგების კომპენსირება და მიმდინარე ხარჯების ზრდის შეჩერება. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში გათვალისწინებული პოლიტიკის პასუხები, კერძოდ, ეკონომიკური ზრდის შენელების პასუხად კაპიტალური ხარჯების არსებითი შემცირება კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზე საშუალოვადიან პერიოდში, ასევე პოლიტიკის პასუხებში ნახსენები დანაკარგების 2017 წელს კომპენსირების და მიმდინარე ხარჯების ზრდის შეჩერება მოითხოვს კიდევ უფრო მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, ვიდრე საბაზისო სცენარის შემთხვევაშია გათვალისწინებული.
საგადასახადო შემოსავლების პროგნოზთან მიმართებაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, წარმოდგენილი მაკროეკონომიკური სცენარით, 2016 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ჯამური საპროგნოზო მოცულობა 7,940 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტით წარმოდგენილ გეგმას 160 მლნ ლარით (2.1%-ით) აჭარბებს. საბიუჯეტო ოფისის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა ძირითადად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საპროგნოზო მაჩვენებლები აღემატება წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს მოგების გადასახადისა (154 მლნ ლარით) და დამატებითი ღირებულების გადასახადისათვის (91 მლნ ლარით).