ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა სტრუქტურაში ცვლილებებს გეგმავს.
როგორც კობიაშვილმა მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სისტემა თუნდაც მენეჯმენტის, კადრების კუთხით პრობლემატურია.
"ძალიან ბევრი გაურკვევლი ადამიანია დასაქმებული ფედერაციაში, რომლებიც ხელფასს იღებენ, რომ თითქოს მუშაობენ და არავინ იცის ვინ არის ის ადამიანი. ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ. ასეთი მსგავსი ხელშეკრულებებია სამწუხაროდ ბევრი. ამიტომ ვამბობ, რომ პირველ რიგში სისტემაა შესაცვლელი. პირველ რიგში სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ, რაც მსგავს რაღაცეებს გააუქმებს და არავის ექნება იმის საშუალება, რომ ერთპიროვნულად მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. რომ მოვედით ფეხბურთის ფედერაციაში, უნდა ვიცოდეთ რას ვიბარებთ. როდესაც ვსაუბრობ კადრების რეორგანიზაციაზე, ამაზე ბევრმა ფაქტორმა მიბიძგა. ფეხბურთის ფედერაციაში რომ მობრძანდეთ, აქ თუ 300 ადამიანამდე ნახავთ, არვიცი", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, ყველას გაემიჯნება ფუნქციები, ვინ რა მოვალეობას შეასრულებს ფედერაციაში.
"პირველივე კვირას, ელემენტარულ საკითხებზე შემოდიოდნენ ჩემთან და ამ სიტუაციაში რეაგირების საშუალებაც არ არსებობს. ფიზიკურად წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რომ დღის განმავლობაში იმდენი ადამიანის მიღება მიწევს, პასუხისმგებელი არავინ არ არის. ასე იყო ეს სისტემა მოწყობილი. პრეზიდენტთან მიდიოდნენ ყველა თემაზე, რადგან იმ ადმაიანს კონკრეტულად უნდა ეთქვა, რომ "კი, ასე იქნებაო". სხვა პასუხისმგებლობას ვერ იღებდა, გონიათ, რომ დღესაც ასეა. სტრუქტურაა გაუმართავი. როდესაც ვიცე-პრეზიდენტს არავითარი ფუნქცია არ აქვს იმის გარდა, რომ UEFA-ში წერილები აგზავნოს და საბუთზე ეწეროს, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. ეს მიდგომა შეიცვლება", - აღნიშნა კობიაშვილმა.