"გაზპრომის" შემოყვანა "სოკარის" ინტერესებს აზიანებს და არ არის გამორიცხული, საპასუხოდ "სოკარმა" მოსახლეობისთვის გაზი გააძვიროს

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, "გაზპრომის" შემოყვანა ქართულ ბაზარზე "სოკარის" ინტერესებს აზიანებს და არ არის გამორიცხული , საპასუხოდ "სოკარმა" მოსახლეობისთვის გაზის საფასური გააძვიროს.

როგორც შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ასეთ შემთხვევაში ტარიფის ზრდას აზერბაიჯანელებს დააბრალებენ.

ექსპერტი "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებებს "ძალიან სახიფათო თამაშს" უწოდებს და მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უნდა გასცეს პასუხი მარტივ კითხვას – "გაზპრომი" უფრო იაფად იძლევა გაზს, თუ "სოკარი" და რომელი უფრო საიმედოა და ამის შემდეგ ილაპარაკოს მოცულობების სტატისტიკაზე.

"კალაძე კიდევ ერთხელ გვაბედნიერებს და ამას აკეთებს ისეთი ფორმით, რომ ძალიან ბევრ შეკითხვას ტოვებს, როგორც მას სჩვევია. მე, მართალი გითხრათ, წესიერად მაინც ვერ გავიგე, რა ხდება. ერთი, რაც ცნობილია, "სოკარი" ამარაგებს მოსახლეობას საკმაოდ შეღავათიან ფასში, მიუხედავად იმისა, რომ ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, კვლავ ძველი ტარიფით იღებს საფასურს მოსახლეობისგან. ამის ფონზე, ბუნებრივია, "სოკარს" იმედი აქვს, რომ კომერციულ ობიექტებს მიჰყიდის გაზს და იქედან ამოიღებს მოგებას, კალაძე კი აპირებს შემოიყვანოს "გაზპრომი", რათა ამ უკანასკნელისგან იყიდონ ჩვენმა კომპანიებმა გაზი, რაც, ბუნებრივია, "სოკარის" ინტერესებს ურტყამს. "სოკარი" რომ ადგეს და ამის საპასუხოდ მოსახლეობისთვის გაზი გააძვიროს, მერე ყველაფერს აზერბაიჯანელებს დააბრალებენ. ამიტომ არის ეს ძალიან სახიფათო თამაში", - განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, არც პრემიერ-მინისტრს, არც ვიცე-პრემიერს ბოლომდე არ განუმარტავთ, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს "გაზპრომთან", ხოლო როცა მედიას და ექსპერტებს კითხვები უჩნდებათ, მათ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

რაც შეეხება იმას, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაზარდოს "გაზპრომის" წილი, შარაშენიძე ორ ვარიანტს ასახელებს:

"ერთი _ კომპანიები ფიქრობენ, რომ იქნებ "სოკარზე" უფრო იაფად იშოვონ გაზი სადმე და კალაძეც მიდის და ელაპარაკება "გაზპრომს" ისე, რომ არ, ან ვერ ფიქრობს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. მეორე - ვიღაც-ვიღაცებს მთავრობაში უნდათ, აზერბაიჯანთან წაგვაჩხუბონ და "გაზპრომი" შემოიყვანონ, თუმცა შეთქმულების თეორიების ნაკლებად მჯერა", - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც, თუ "გაზპრომიდან" გაზის ყიდვა კერძო კომპანიების ინტერესს წარმოადგენს, როცა საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას და ისეთ საშიშს ფენომენს, როგორც "გაზპრომია", სახელმწიფო ფრთხილად უნდა იყოს.