დიმიტრი პესკოვის განმარტებით, თიბილოვს სურკოვთან შეხვედრაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით არ უსაუბრია

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, თიბილოვს სურკოვთან შეხვედრაზე რეფერენდუმთან დაკავშირებით არ უსაუბრია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ლეონიდ თიბილოვს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრაზე, რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარებაზე არ უსაუბრია. როგორც პესკოვმა განაცხადა, საუბარი შეეხო ინტეგრაციისადმი სწრაფვას.

როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, "სამხრეთ ოსეთში" რუსეთთან ინტეგრაციის რომ ძალიან ბევრი მომხრეა, ეს დიდი ხნის წინ არის ცნობილი. "როგორც მე გავიგე, სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ბატონმა თიბილოვმა", -განაცხადა პესკოვმა.

რაც შეეხება კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს კრემლს ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, პესკოვმა განაცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის აღიარებული, რომელთანაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს".

ამასთან, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს განუცხადა, რომ აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩაატაროს დეფაქტო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება", - განაცხადა თიბილოვმა.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზებაში ჩაერთვებიან საზოგადოების ფართო მასები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. თიბილოვის განმარტებით, რეფერენდუმის შედეგების რეალიზაციასთან დაკავშირებული ნაბიჯები რუსულ მხარესთან იქნება შეთანხმებული. მას რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.