საქართველოს ინტერ-ფრაქციული ჯგუფი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის

საქართველოს ინტერ-ფრაქციული ჯგუფი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის

კონკურსში გამარჯვება, OGP-ის საქართველოს გუნდს შესაძლებლობას მისცემს მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება, რითაც საქართველო კიდევ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტმა მზაობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership - OGP) ჩართულობის მზაობა 2015 წლის 12 თებერვალს გამოთქვა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით). კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებისგან დაკომპლექტებული ინტერ-ფრაქციული ჯგუფი. საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიზანია საქართველოში ღია პარლამენტის პრინციპის დანერგვის ხელშეწყობა, პარლამენტის ინტეგრაცია ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შექმნა და განხორციელება.

ინტერფრაქციულმა ჯგუფმა საქმიანობა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მაგ. გაეროს განვითარების პროგრამა, IDFI, ევროკავშირი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და ა.შ.) მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე განახორციელა.

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების წარმატებული თანამშრომლობის საფუძველზე მომზადებული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში, დანერგოს ინოვაციები მმართველობის სფეროში და მხარი დაუჭიროს ინფორმაციის ღიაობას. გეგმა 18 ვალდებულებისგან შედგება და 2015-2016 წლებზეა გათვლილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI), ინფორმაციით, ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების თითქმის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.

2015 წლის სექტემბერში ღია მმართველობის პარტნიორობამ გამოაცხადა კონკურსი, რათა 2015 წლის 27-29 ოქტომბერს მექსიკაში, ქ. მეხიკოში, დაგეგმილ ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტზე გამოავლინოს და დააჯილდოვოს ის სახელმწიფო გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და აქტიურად იყო ჩართული OGP-ის პრინციპების დანერგვაში.

კონკურსის მონაწილედ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი წარადგინა. ასევე, IDFI-მ მოამზადა ვიდეო-რგოლი და ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის აღწერილობა, რომელიც კონკურსის ორგანიზატორებს წარუდგინა. შედეგად, საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი გავიდა კონკურსის ნახევარფინალში, სადაც გამარჯვებულის ვინაობა ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე გაირკვევა. ხმის მიცემა დაწყებულია და 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და გამოხატოთ მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფისადმი 

https://review.wizehive.com/voting/view/ogp-champions/35775/3301496/0