ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს.

ასე გამოეხმაურა ზაქარეიშვილი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.

"ეს არის ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეფერენდუმი დაინიშნება და ჩატარდება, ეს იქნება უკანონო აქტი, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის აქტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ - 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე, არ სცნობს საერთაშორისო სამართალი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გუშინ ცხინვალში, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს განუცხადა, რომ აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩაატაროს დეფაქტო რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ - შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და საუკუნეების განმავლობაში უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოება და აყვავება", - განაცხადა თიბილოვმა.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზებაში ჩაერთვებიან საზოგადოების ფართო მასები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. რეფერენდუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი თიბილოვს არ დაუკონკრეტებია.