ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციას ბევრი ვალი აქვს.
როგორც მიხეილ მესხის სტადიონის მედიაცენტრში კობიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაცია სწავლობს, რა მიზნით მოხდა ამ თანხების აღება და დახარჯვა.
"ვითიბი ბანკთან" ფედერაციას აქვს 3 მილიონი ლარის დავალიანება. ვსწავლობთ, თუ რა მიზნით მოხდა ამ თანხის აღება და დახარჯვა. ბანკთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოხერხდეს გადავადება, ან გრაფიკით დაფარვა. UEFA-სთან არის 2 მილიონი ევროს ოდენობით დავალიანება. ეს თანხა UEFA-ს უნდა გადმოერიცხა 2016 წელს, თუმცა ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ მიმართა UEFA-ს და ეს თანხა დაგეგმილზე ადრე გადმოირიცხა იმ მიზნით, რომ კლუბებს დახმარებოდნენ. კლუბებს ეს თანხები რეალურად გადაურიცხეს, თუმცა გადარიცხულია 2 მილიონზე ნაკლები თანხა, დანარჩენი კი სად წავიდა, ჩვენთვის უცნობია. ამავე ორგანიზაციასთან არსებობს 480 000 ევროს ოდენობით დავალიანება, იქიდან გამომდინარე, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვიდან ეს თანხა ფედერაციას უეფა-სთვის არ გადაურიცხავს. სად არის ეს თანხა და სად წავიდა ჩვენთვის უცნობია. ჩვენ ვიყავით UEFA-ში, გავმართეთ ამ უხერხულ საკითხებზე შეხვედრები და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა კობიაშვილმა.