კრასნოგორსკის მერის პირველი მოადგილე იური კარაულოვისა და კრასნოგორსკის ელექტროსისტემების ხელმძღვანელ გიორგი კოტლიარენკოს მკვლელობაში ბრალდებულ „კრასნოგორელ მსროლელზე“ შსს-მ ჯილდო დააწესა.
რუსეთის შსს-ს წარმომადგენლის ელენა ალექსეევას განცხადებით, პოლიციამ იმ ავტომობილს მიაგნო, რომლითაც ეჭვმიტანილი, ბიზნესმენი ამირან გიორგაძე - მეტსახელად „კრასნოგორელი მსროლელი“ მიიმალა, თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან ალექსეევამ თავი შეიკავა.
ავტომანქანა, რომელშიც არავინ იმყოფებოდა, მოსკოვის გარეუბანთან, გზაზე მიტოვებული იპოვეს. მანქანის სალონში მაყუჩი, 9 მილიმეტრიანი კალიბრის 30-ზე მეტი ტყვია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის „კალაშნიკოვის“ ტყვიები, ტრავმული პისტოლეტი, ხელბორკილები, სკოჩი და სხვა ნივთმტკიცება იქნა აღმოჩენილი.
იარაღი, რომლითაც ეჭვმიტანილმა მკვლელობა ჩაიდინა, ავტომობილში არ აღმოჩნდა. ძალოვანი უწყების თანამშრომლები იარაღის ინტენსიურ ძებნას ახორციელებენ.
გამოძიების ვერსიით, ძალადობის დროს, ეჭვმიტანილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ან კარაბინის ტიპის მსგავსი იარაღი გამოიყენა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში იარაღი არ გავარდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა გასროლა პისტოლეტიდან მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს საკუთარ კაბინეტში კრასნოგორსკის მერის პირველი მოადგილე იური კარაულოვი და კრასნოგორსკის ელექტროსისტემების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო ჩაცხრილეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია ადგილობრივი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე. გამოძების წინასწარი მონაცემებით, სამივე პიროვნებას მეგობრობა აკავშირებდა, თუმცა, კონფლიქტის შესაძლო მიზეზად ბიზნესმენისთვის სახელმწიფო შესყიდვების აკრძალვა სახელდება. როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, ბიზნესმენი მარტო არ მოქმედებდა და მისი თანამზრახველი პირადი დაცვის წევრი შოთა ელიზბარაშვილია.