ლეონიდ თიბილოვის რეფერენდუმის გამართვის ინიციატივას მოსკოვში პირველი გამოხმაურება მოჰყვა

ლეონიდ თიბილოვის რეფერენდუმის გამართვის ინიციატივას მოსკოვში პირველი გამოხმაურება მოჰყვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ, ლეონიდ თიბილოვის ინიციატივას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მოსკოვში პირველი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც "რია ნოვოსტის" რუსეთის სახელმწიფოს დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ დსთ-ს ქვეყნების საკითხებში, ლეონიდ სლუცკიმ განუცხადა, რეფერენდუმის შედეგების პროგნოზირება ნაადრევია.

"ჩემი მოსაზრებით, ზედმიწევნით უნდა განვიხილოთ, რამდენად მომწიფდა ამის საჭიროება. მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიო საზოგადოების რეაქცია ძალზე მწვავე იქნება", - განაცხადა სლუცკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს დიდ ეკონომიკურ და სოციალურ დახმარებას უწევს.

"რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, უნდა გვესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ჩვენს გარშემო არსებული გეოსტრატეგიული რეალიებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა დეპუტატმა.

თავის მხრივ, რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებით რუსეთი ბენეფიტებს ვერ მიიღებს.

"სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებით მიღებული სარგებელი ნათელია. რუსეთისთვის კი, პლუსზე მეტი მინუსია როგორც დიპლომატიური, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით. ამაზე თვალის დახუჭვა რუსეთს არ შეუძლია", - განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით, რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ მოიქცევა რუსეთის ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ვლადიმერ ჯაბაროვმა მოსაზრება გამოთქვა, რომ რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან გაერთიანების გარანტია არ არის.

"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება შეუძლია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ. ამისთვის რუსეთის თანხმობაა საჭირო", - განაცხადა სენატორმა.

ჯაბაროვის თქმით, რეფერენდუმის შედეგები პროგნოზირებადია, თუმცა რთულია იმის თქმა, გადაწყვეტს თუ არა რუსეთი ე.წ. სამხეთ ოსეთის მიერთებას.