საქართველოში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა

საქართველოში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა

26-27 ნოემბერს  საქართველოს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში,  იოჰანეს ჰანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ მიაწოდა.

მისივე განცხადებით, 26 ნოემბერს, თბილისში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიასა და სექტორულ დიალოგს მოიცავს. სესიას პარტნიორი ქვეყნების საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი პირების გარდა, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგან შმიტი დაესწრებიან.

როგორც გიგიაძემ განაცხადა, შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდება რიგის სამიტზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებაზე და სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის შედეგებზე.

პარლამენტის ორი კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ შესაბამისი სამთავრობო უწყებების წარმომადგელებს უსმენს.