ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს.
ამის შესახებ კახა კალაძემ "გაზპრომის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ენერგეტიკის მინისტრს უკვირს, რომ დღეს ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს "გაზპრომთან" და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს, რომელიც 2005 წელს ვითარდებოდა.
"არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს. გასაგებია, მოდის არჩევნების წელი და მავანი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა თავი შეახსენოს მოსახლეობას. დღეს რატომღაც ექსპერტების ნაწილი არ იხსენებს გაზპრომთან და მილსადენთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო მოვლენებს. მე შეგახსენებთ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს გაზპროპმთან ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით და რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები, მე დარწმუნებული ვარ რომ მილსადენი იქნებოდა გაყიდული. მაშინ აშშ-ს მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად იქნა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ, სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუტსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით", - აღნიშნა კალაძემ.