3 მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა, დღეს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი დაკითხონ.
არჩილ ცაბუტაშვილი, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა, 14 ოქტომბერს უნდა დაეკითხათ, თუმცა წინა პროცესზე ვერ მოესწრო. საქმე ეხება წყალმოარაგების კომპანიიდან ფულადი თანხების, დაახლოებით სამი მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტს. აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირია მიცემული, მათ შორის - კომპანიის მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით გამოძიებისას თამარ ფხოველიშვილმა დანაშაულის ჩადენაში ამხილა არჩილ ცაბუტაშვილი, თუმცა ამ კუთხით გამოძიება არ ჩატარებულა და ცაბუტაშვილის ამ საქმესთან შემხებლობა, მისი შემოსავლები თუ გასავლები ფორმალურად არის შესწავლილი.
"გამოძიება არ დაინტერესდა, თუ საიდან ჰქონდა ცაბუტაშვილის ის სოლიდური თანხები, რომელსაც ხარჯავდა საზღვარგარეთ მაშინ, როდესაც მას სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებით წყალმომარაგების კომპანიის დირექტორობამდე უკრაინაში, სადაც ის ცხოვრობდა, საქართველოდან უგზავნიდნენ თანხებს, რათა ეარსება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, თამარ ფხოველიშვილი სასამართლოში დაკითხვისას დაარღვევს დუმილს და სრულად ამხელს იმ კორუფციულ სქემებს, რომლის სათავეში, ბრალდებულის განმარტებით, ცაბუტაშვილი იდგა. ასევე, ბრალდებული, ცაბუტაშვილი, დაცვის მხარის ინოფრმაციით, საზოგადოებისათვის ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის ახლობელი, კერძოდ მისი მეჯვარეა და სწორედაც ამის გამო მოხდა ამ პირისათვის ხელის დაფარება პროკურატურის მხრიდან.
წყალმომარაგების კომპანიიდან 3 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს, 10:30 საათზეა ჩანიშნული.