აზერბაიჯანმა და საქართველომ სამხრეთ ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობა დაადასტურეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
საგარეო უწეყების ინფორმაციით, გუშინ გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის რესპუბლიკას, სადაც გაიმართა გიორგი კვირიკაშვილისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე დელეგაციასთან გაფართოებულ ფორმატში.
"განხილულ იქნა ორი ქვეყნის ურთიერთობათა ფართო სპექტრი და დაისახა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დონე და ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა, რომელიც დამატებით იმპულსს შესძენს უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისაკენ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ რეგიონში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.
მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში და აღნიშნეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირების უდიდესი მნიშვნელობა. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკითხს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. ორმხრივი დღის წესრიგის პარალელურად, მინისტრებმა განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციათა ფარგლებში.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა.