საქართველოს იუსტიიის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მოსამართლეთა კორპუსის თხოვნით იუსტიციის სამინისტროში გუშინ საღამოს გაიმართა. ღონისძიებას 160-მდე მოსამართლე ესწრებოდა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ და მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს. დისკუსია მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკითხზე წარიმართა.
თეა წულუკიანმა მოსამართლეების მხრიდან გამოთქმული შენიშვნების ნაწილი გაიზიარა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან მოუსმინა და გაიგო რა აწუხებთ მოსამართლეებს. წულუკიანის განცხადებით, მისი მიზანია, მოსამართლეები იყვნენ დამოუკიდებლები, თავისუფლები, არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, არამედ საკუთარი ხელმძღვანელებისგან.
მისივე თქმით, მოსამართლეთა კორპუსმა კატეგორიული პოზიციები დააფიქსირა ზოგიერთ სიახლესთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ინიცატივით, მან იუსტიციის სამინისტროს რეფორმაში შეიტანა. "ეს კატეგორიული წინააღმდეგობები ეხება იმას, რომ ორი მესამედით დისციპლინური დევნის შედეგად გადაწყვეტილების მიღება, მით უმეტეს, ღია კენჭისყრით, მათთვის მიუღებელია. ეს წესი თავის დროზე მე გავაუქმე მართლმსაჯულების პირველი ტალღის დროს და დავეთანხმე მოსამართლეებს, რომ ის, რაც არის პირველი ტალღის შედეგად შემოტანილი პროგრესი, მე ამ პროგრესის გზაზე უკან არ დავიხევ და დავტოვებთ ორ მესამედ ფარულ კენჭისყრას, როგორც არის დღეს. აგრეთვე აღარ გავაუქმებთ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტს, რადგან მოსამართლეები მართლები არიან, რომ სხვა ყველა ქვეყანაში სასამართლოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს კიდევ ერთ საკითხზე. შემოღებული იქნება წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელიც ათი წელი იყო მოსამართლე, საბჭო ორი მესამედით დანიშნავს მოსამართლედ, მას აღარ ექნება სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, მაგრამ ავტომატური გადანიშვნა ვერ მოხდება. მათ უნდა გაიარონ კონკურსი, თუმცა ისინი, ვინც ათი წელი იმსახურა, პრობაციას აღარ გაივლიან.
ამასთან, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქმეთა ელექტრონული განაწილება და თავმჯდომარეების არჩევითობა ის ნოვაციებია, რასაც მოსამართლეები ეთანხმებიან და მოსწონთ. მინისტრის ინფორმაციით, გამოითქვა მოსაზრება, რომ სასამართლო სისტემა საქმეთა ელექტრონული განაწილებისთვის მზად არც 1-ელ იანვარს იქნება და საკითხის განხილვა დეტალურად უნდა მოხდეს.
რაც შეეხება ინსპექტორთა და მენეჯმენტის დეპარტამენტს, თეა წულუკიანის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, იდეის ავტორ ნინო გვენეტაძესთან შეჯერდება. არ არის გამორიცხული, რომ საკითხზე ვენეციის კომისიამ იმსჯელოს.
იუსტიციის მინისტრმა მოსამართლეთა კორპუსთან შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსამართლეები რეფორმას ემხრობიან, მათ ჰქონდათ შენიშვნები, რომელთა ნაწილი გაითვალისწინეს, ნაწილი მინისტრისა და ნინო გვენეტაძის შეხვედრას საჭიროებს, ნაწილი კი მომავლის თემებია.
იუსტიციის მინისტრის მიერ შენიშვნების ნაწილის გაზიარებას მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან ტაში მოჰყვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კმაყოფილება გამოთქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.
"რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აჟღერებდა, ეს არ იყო სასამართლოს პოზიცია. დღეს რა პოზიციებიც აქ დაფიქსირდა, თითქმის ყველა მოსამართლის პოზიციაა. რაც იუსტიციის მინისტრის მიერ იქნა გაზიარებული. თქვენც ხედავთ, როგორი მოხარულები ვართ. ეს მარტო ჩვენი პოზიციის გაზიარება კი არ იყო, ეს სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.