გერმანიაში მსგავსი სიტუაციები არ ხდება და მსგავსი შუამდგომლობები არ დგება, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის გერმანელმა ადვოკატმა პიტერ სებასტიან ლაუმ დღევანდელი სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე: გერმანიაში რომ მსგავსი საფუძვლები არსებობდეს მოსამართლის აცილებისათვის, მოხდებოდა თუ არა მისი აცილება.
როგორც პიტერ სებასტიან ლაუმ განმარტა, თეორიულად რომ დამდგარიყო ეს საკითხი გერმანიის სასამართლოში, იგივე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული მოსამართლის მიერ.
"ზოგადად გერმანიაში მსგავსი სიტუაციები არ ხდება და მსგავსი შუამდგომლობები არ დგება. თეორიულად რომ დამდგარიყო ეს საკითხი, იგივე იქნებოდა მოსამართლის გადაწყვეტილება. სასამართლო მოპასუხე მხარეს იგივეს ეტყოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ დასაბუთებული შუამდგომლობა. ეს იყო სკანდალებზე და თეორიებზე აგებული ვარაუდები", - განაცხადა გერმანელმა ადვოკატმა.
შეკითხვაზე, მას თუ გაუჩნდა ეჭვი იმ საფუძვლების მიხედვით, რომელიც მოპასუხე მხარემ დღეს სასამართლოში წარადგინა, ადვოკატმა უპასუხა, რომ ეჭვი უნდა იყოს დასაბუთებული და ლოგიკური.
"ასეთი შეგრძნება არ მქონია. ის, რომ მოსამართლე მოპასუხე მხარისთვის არასასურველ გადაწყვეტილებებს იღებს, არ ნიშნავს, რომ იგი არაობიექტურია", - განაცხადა პიტერ სებასტიან ლაუმ სხდომის გადადების შემდეგ.
ქიბარ ხალვაშისა და "რუსთავი 2"-ის დავაზე სასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს, 10.00 საათზე განახლდება.