„რთულია ვივარაუდოთ, რომ საქმის განხილვის დასრულება 22 ოქტომბერს მოესწრება“

„რთულია ვივარაუდოთ, რომ საქმის განხილვის დასრულება 22 ოქტომბერს მოესწრება“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი პაატა სალია ვარაუდობს, რომ მომდევნო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა დაიწყება.

როგორც დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ სალიამ განაცხადა, პროცესზე სავარაუდოდ, მოხდება ექსპერტების დაკითხვაც.

„მომდევნო სასამართლო სხდომაზე ვვარაუდობ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კიდევ ექნება შუამდგომლობები. არ ვიცი რა სახის იქნება შუამდგომლობები. მე ვფიქრობ, ყველა სახის შუამდგომლობა ამოიწურა პოტენციურად, რაც შეიძლებოდა საქმეში ყოფილიყო წარმოდგენილი. საქმის არსებითი განხილვა დაწყებულია და მე ვვარაუდობ, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა დაიწყება, შესაბამისად მოხდება ექსპერტის დაკითხვა და ა.შ. ალბათ რთულია ვივარაუდოთ, რომ საქმის განხილვის დასრულება მოესწრება იმავე დღეს იმიტომ, რომ მხარეების პოზიციები საკმაოდ მოცულობითია. ელემენტარულად, ამ პოზიციების წაკითხვა და გაჟღერება ძალიან დიდ დროს წაიღებს“, - განაცხადა სალიამ.

დღეს საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას განიხილავდა. სასამართლოზე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მთავარი შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე. საქმეზე მომდევნო სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა.