„ჩვენ 22-ში ველით, რომ მოსამართლე ფორმალურად დაასრულებს პროცესს, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“

„ჩვენ 22-ში ველით, რომ მოსამართლე ფორმალურად დაასრულებს პროცესს, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელ ლევან ყარამანაშვილის ადვოკატის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სასამართლო სრული ფორმალობაა.

როგორც მან დღეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, არანაირი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს არ აქვს, რომელიც საქმეს მიიყვანდა იმ ლოგიკურ შედეგამდე, რომლის დადგომასაც ის ვარაუდობს.

„დღემდე კიდევ გვქონდა იმის ილუზია და იმედი, რომ მოსამართლე ურთმელიძეს შერჩენილი ჰქონდა ნამუსი და ის გადადგამდა იმ ნაბიჯებს, რომელიც კეთილსინდისიერ მოსამართლეს უნდა გადაედგა. დღეს დასაბუთდა ყველა ჩვენი შიში, ვარაუდი. დღეს დადასტურდა, რომ პროცესს აქვს ფორმალური ხასიათი. მან, შეიძლება ითქვას, თავზე ხელი აიღო. მთლიანად გავიდა კანონმდებლობის ფარგლებიდან. მან წარმოუდგენელი რამ გააკეთა. კერძოდ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის მოხმობით, მან აუკრძალა „რუსთავი 2“-ს გარკვეული შუამდგომლობების დაყენების უფლება. ასეთი რამ უპრეცედენტოა ალბათ მის კარიერაშიც კი. შესაბამისად, ჩვენ 22-ში ველოდებით, რომ ის ფორმალურად დაასრულებს პროცესს, გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. თუ რა  იქნება ეს გადაწყვეტილება, ჩვენთვის არის აბსოლუტურად აშკარა. როგორც სასამართლო, ისე მოსარჩელე, არის ფორმალური და აქ არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არხის ხელში ჩაგდებაზე საუბარი“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მთლიანად გასულია კანონმდებლობის ჩარჩოდან.

„მართლა კომიკურია. დედასთან დაკავშირებით ის საუბრობდა, რომ დედა არ არის მისი ოჯახის წევრი. ცოლთან დაკავშირებით ის საუბრობდა, რომ ცოლის განცხადებები არ არის მასთან შეთანხმებული. აქ აბსოლუტურად სხვა ნიუანსია მნიშვნელოვანი და არა ის, რომ მისი დედა არის თუ არა ოჯახის წევრი, არამედ მის ობიექტურობაში ეჭვის შესატანად საკმარისია თუ არა ის, რომ პროკურატურას დედამისი მძევლად ჰყავს აყვანილი. აქ საუბარია ეჭვზე და სამართლებრივად ამის უკან რაც დგას, ეს არის სრულიად დასაბუთებული“, - აღნიშნა ბიბილაშვილმა.

დღეს საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას განიხილავდა. სასამართლოზე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მთავარი შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების თაობაზე. საქმეზე მომდევნო სხდომა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა.