„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, „გაზპრომით“ სოკარის ჩანაცვლება არ იგეგმება.
როგორც შატბერაშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, საქართველო არცერთ ნავთობკომპანიაზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული და ალტერნატიული წყაროები უნდა გააჩნდეს, რომელიმე წყაროდან გაზის მიღების შეფერხების შემთხვევაში.
„სოკარის“„გაზპრომით“ ჩანაცვლება არ იგეგმება და თუ დაიგეგმა ასეთი ჩანაცვლება, მე პირადად წავალ წინააღმდეგი. საქართველო არ უნდა იყოს არც მარტო „გაზპრომზე“, არც მარტო „სოკარზე“ და არც მარტო ჯერ-ჯერობით არ შემოსულ ირანულ გაზზე ჩამოკიდებული. არცერთ ქვეყანაზე და არცერთ ენერგო კომპანიაზე საქართველო არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. არ არის გამორიცხული, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, სომხური რაკეტის გაშვება და გაზსადენის აფეთქება მოხდეს, ან სხვა რაიმე სხვა ბუნებრივი კატაკლიზმა მოხდეს და აზერბაიჯანული გაზი გაითიშოს. თუ ერთი გაითიშა, მეორე ალტერნატივა გექნება, თუ ორივე გაითიშება, მესამე ალტერნატივა გვექნება. ასე რომ, რაც მეტი გაზი შემოვა საქართველოში, მით უკეთესია, რადგანაც ალტერნატიული წყაროები ბევრი უნდა იყოს“, - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.