„ჰკითხეთ ქიბარ ხალვაშს, რატომ შემოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის გავლით და რატომ შეხვდა ივანიშვილს“

„ჰკითხეთ ქიბარ ხალვაშს, რატომ შემოვიდა საქართველოში აზერბაიჯანის გავლით და რატომ შეხვდა ივანიშვილს“

„რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მოდავე ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოში გოგი თოფაძეს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ამის შესახებ გვარამიამ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის სასამართლოს მსვლელობისას განუცხადა. მისივე თქმით, ხალვაში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს დეპუტატ გოგი თოფაძის დახმარებით შეხვდა.

„თუ მოგიხერხდებათ, ქიბარ ხალვაშს ჰკითხეთ, რატომ იყო საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის გავლით და ვის შეხვდა. მე გეტყვით - შეხვდა გოგი თოფაძეს და მისი მეშვეობით ბიძინა ივანიშვილს. ჰკითხეთ რაზე ილაპარაკეს და რა გადაწყვეტილება მიიღეს. როგორ აპირებს საკუთარი დანარჩენი ქონების დაბრუნებას იმის სანაცვლოდ, რომ აქ სარჩელი აქვს შემოტანილი. ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე განცხადებით, „რუსთავი 2“-ის საკითხის პოლიტიზებას ახდენს თავად ქიბარ ხალვაში და მის უკან მდგომი ხელისუფლება, რომელიც დიდი ხანია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ნამდვილი მესაკუთრე ხალვაშია.

„როდესაც ამას გავლენიანი პოლიტიკოსი ამბობს, ეს ნიშნავს პროცესის პოლიტიზებას“, - განაცხადა გვარამიამ.