ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული, ეს ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომაა, რაც დამიშვია

ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული, ეს ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომაა, რაც დამიშვია

ჩამოშორდით ამ პროცესს და მიანდეთ ის სხვა მოსამართლეს, რომელსაც არ ექნება დატყვევებული ოჯახის წევრის და ანტიგვარამიულად განწყობილი მეუღლის პრობლემები, - ასე მიმართა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განმხილველ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს პროცესის მიმდინარეობისას. ნიკა გვარამიამ აღნიშნული პოზიცია დააფიქსირა მოპასუხე მხარის შუამდგომლობის წარდგენისას, რომელიც ითხოვს მოსამართლის აცილებას.

"ტელეკომპანია "რუსთავი 2" პერსონალურად თქვენს გამო საფრთხეშია. ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული. ეს ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომაა, რაც დამიშვია. ჩემი ხმა, თქვენ რომ მოსამართლე გამხდარიყავით, იყო გადამწყვეტი. ეს იყო მძიმე შეცდომა", - განაცხადა მოსამართლის მისამართით ნიკა გვარამიამ, რაზეც მან თამაზ ურთმელიძის მხრიდან შენიშვნა და გაფრთხილება მიიღო, რომ კორექტულად ისაუბროს.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ არაკორექტული და შეურაცხმყოფელი განცხადება მას არ გაუკეთებია და, უბრალოდ, საკუთარი აზრი დააფიქსირა, რომ "მოსამართლეს პატივს არ სცემს".

"მაქვს კითხვა, მოსამართლის დედამ მოუქნია თუ არა ნაჯახი სიძეს. თუ ეს "რუსთავი 2"-მა მოიგონა. არის თუ არა საფუძველი, რომ ეს მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური "რუსთავი 2"-ის მიმართ. ჩვენი სიუჟეტის გამო დედათქვენი მისცეს პასუხისგებაში და რა გინდათ თქვათ, რომ მიუკერძოებელი იქნებით ჩვენს მიმართ? მე თქვენ გიწოდებთ კორუმპირებულს და მგონია, რომ გარიგებაში ხართ შესული ხელისუფლებასთან. თქვენი მეუღლე მიწოდებს მე არამზადას და ნაძირალას. ხართ თუ არა გარიგებაში ხელისუფლებასთან, ამას სხვა დროს, სხვა გარემოებაში, სხვა ადამიანები დაადგენენ. სამართლიანი გადაწყვეტილებაც რომ მიიღოთ, ეს ჩემთვის იქნება უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება. არავის არ სურს, რომ თქვენ განიხილოთ პროცესი, "რუსთავი 2"-ის არც ერთ თანამშრომელს, ეს გსურთ მხოლოდ თქვენ და მოპასუხე მხარეს. ეს არ სურს არც საზოგადოებას, ჩვენ გპირდებით, რომ ვაწარმოებთ მონიტორინგს დედათქვენის საქმეზე, ჩამოშორდით ამ პროცესს და მიენდეთ სხვა მოსამართლეს, რომელსაც არ ექნება დატყვევებული ოჯახის წევრის პრობლემა, ასევე არ ექნება ანტიგვარამიულად განწყობილი მეუღლის პრობლემა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში.

ამასთან, გამოცხადებული შესვენების შემდეგ ცნობილი გახდება მოსამართლის გადაწყვეტილება, დააკმაყოფილებს თუ არა მოპასუხე მხარის შუამდგომლობას აცილებასთან დაკავშირებით.