"აქცენტი გადატანილია მხოლოდ იმაზე, რომ გაუპატიურების კადრები არ უნდა გაშვებულიყო"

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინულ მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას გამოეხმაურა, სადაც წინა ხელისუფლების დროს გადაღებული გაუპატიურების კადრებია ასახული.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, წინა მთავრობა კასრების ისტორიის გამო არ შეცვლილა და საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი მრავალი ფაქტორის გამო გააკეთა.

„მე მართლა გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოების აქცენტი გადატანილია იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამის ჩვენება, რა თქმა უნდა არა. არავინ ახსენებს, რომ ეს რეალურად მოხდა და ამ ადამიანებმა არაადამიანური საქციელი ჩაიდინეს. აქცენტი გადატანილია მხოლოდ იმაზე, რომ ეს არ უნდა გაშვებულიყო. რეჟიმი კასრების ისტორიის გამო არ შეცვლილა, შეიცვალა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი მრავალი ფაქტორის გამო და არა მხოლოდ ამ კადრების გამო“, - განაცხადა სერგეენკომ.

უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების განმარტებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.