HUMAN RIGHTS WATCH-ი ჰააგის პროკურორის მოთხოვნას ეხმაურება

HUMAN RIGHTS WATCH-ი ჰააგის პროკურორის მოთხოვნას ეხმაურება

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას მოთხოვნას HUMAN RIGHTS  WATCH-ი ეხმაურება.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, HUMAN RIGHTS  WATCH-ი მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კანცელარიას, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საქართველოსა და რუსეთის საზოგადოების ინფორმირების კამპანია, რათა ამ ქვეყნების მოსახლეობას მკაფიოდ განემარტოს სასამართლოს მანდატი და პროკურორის მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები.

"საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე გამოძიებებში წინსვლის არარსებობა აფერხებს მართლმსაჯულების აღსრულებას მკვლელობებისა და იძულებით გამოდევნისთვის. დაზარალებულები კვლავ ელოდებიან მართლმსაჯულების აღსრულებას იმაზე, რაც 2008 წელს მოხდა", - აცხადებს HUMAN RIGHTS  WATCH-ის საერთაშორისო მართლმსაჯულების განყოფილების უფროსი იურისტი ელიზაბეთ ევენსონი.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საშუალება უნდა მიეცეთ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ, ხოლო რეგიონის პოლიტიკურმა ლიდერებმა სასამართლოს სრული მხარდაჭერა უნდა დაუდასტურონ".