გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არ დაზარალდება

გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არ დაზარალდება

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არც ერთ შემთხვევაში არ დაზარალდება.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქართველოს არ განუხორციელებია აგრესია, სხვის ტერიტორიაზე არ გადასულა და ტერიტორიების ოკუპაცია არ მოუხდენია. ამდენად, ვოლსკის თქმით, აქ საქართველოს ბრალეულობა არ შეიძლება იყოს.

მისივე განცხადებით, ფაქტია, რომ ცხივალის რეგიონიდან გამოძევებულია ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი, რასაც ეთნიკური წმენდა ჰქვია და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს.

"რუსეთმა ძალიან მზაკვრული გონივრულობით დაგეგმა მისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვან სამხრეთ კავკასიაში – კერძოდ კი, საქართველოში შემოჭრა და აქ სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ეს გეგმა რუსეთმა განახორციელა იმ მძიმე სტრატეგიული შეცდომების საფუძველზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნებსით თუ უნებლიედ დაუშვა. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის და იმავე დღეებში განაცხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეს მნიშვნელოვანწილად აისახა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, ისევე როგორც ევროკავშირის სპეციალური კომისიის მასალებში. ის, რაზეც ახლა ვსაუბრობ საქმის პოლიტიკური ნაწილია. არსებობს სამართლებრივი საკითხები, რომელშიც ჰააგის ტრიბუნალის პროკურორი ვფიქრობ, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან მას საშუალება არ ჰქონდა, ქართული მხარის მიერ შეგროვილ მასალას გასცნობოდა. აქედან გამომდინარე, წინასწარი მონაცემებით, რაიმეს მტკიცება აბსოლუტურად შეუძლებელია", - აცხადებს გია ვოლსკი.