მაზურკას ვნებანი (ვის სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება?)

მაზურკას ვნებანი (ვის სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება?)

ის, რაც შესავლით იწყება, ყოველთვის როდი წარმოადგენს რიტორიკას. მოცემულ შემთხვევაშიც ასეა - საჭიროება მოითხოვს და პუბლიცისტიკის სადებიუტო რეპერტუარის ერთ ფრიად გაცვეთილ ხერხს უნდა მივმართო. მადლობის მეტი რა მეთქმის, ჩემო პატიოსანო მკითხველო, რაკი დრო გამონახე და ამ ნაცოდვილარის წასაკითხად გაისარჯე. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვ, ათიოდ წუთით შეწყვიტე დაწყებული საქმე, გახსენი კომპიუტერის მონიტორზე ეს ბმული (http://www.tabula.ge/article-19148.html), გაეცანი სტატიას - ”პუტანების” ქვეყანას - არა!” და მხოლოდ ამის შემდეგ მიუბრუნდი წინამდებარე ბლოგტექსტს.

+ + + 

ქართულში მეტაფორული დატვირთვის მქონე შესანიშნავი გამოთქმები გვაქვს, მაგალითად - ქვის კოდვა, წყლის ნაყვა, კედელზე ცერცვის შეყრა და ასე შემდეგ.

როდესაც რაიმეს თქმას, ან დაწერას დააპირებ, ჭკუადამჯდარი კაცი, წესით, უნდა დაფიქრდე, ვისთვის ან რისთვის ირჯები. აქვს კი მოპირდაპირე მხარეს სურვილი ან მზაობა, მოგისმინოს, შენს არგუმენტებზე დაფიქრდეს, აწონ-დაწონოს და გააანალიზოს, ანდა - იმდენი სულგრძელობა, რომ შეცდომა აღიაროს და დაგეთანხმოს?

ეს უკანასკნელი საერთოდ იშვიათი ხილია, ქართველობაში - მით უმეტეს. ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ხომ ოდითგანვე ”უჩემოდ ვით იმღერეთა”-ს ტიპის ფორმულებს ჰქონია გასავალი და საწინააღმდეგო შემთხვევების ჩამოთვლას ერთი ხელის თითებიც კი ეყოფა თავისუფლად. ჰოდა, თუ სიტყვის დაძვრის წინ იმაზე იფიქრე, უკან დაიხევს თუ არა ოპონენტი, ჯობია, საერთოდ გაჩერდე, რადგან მოსალოდნელი შედეგი წინდაწინვეა ცნობილი. თუ მოწინააღმდეგეს თავში ინტელექტის ნატამალი ოდნავ მაინც უჭანჭყარებს, ცხადია, არ დაგეთანხმება და იქნებ საწინააღმდეგო არგუმენტებიც ჩამოგიყალიბოს. ვინმე რეგვენი ამასაც არ იკადრებს და ტყვიას თუ არა, რიყის ქვას მაინც დაგიშენს უშურველად.

ერთი სიტყვით, ან მცდელობაზე უნდა აიღო ხელი, ან შეეგუო იმ აზრს, რომ საცრით წყალს ზიდავ.

მე მეორეს ვარჩევ. წუთისოფელს მხოლოდ და მუდამ რაციოს გადასახედიდან მტერმა უყურა- მოსაწყენია ფრიად. წყლის ნაყვასა და ქვის კოდვასაც აქვს თავისი მუღამი. ყოველთვის არსებობს იმედი, რომ ეს, ერთი შეხედვით, უნაყოფო შრომა შედეგს მოიტანს. იმედი კი, როგორც ხატოვნად ამბობენ, არ კვდება, უარეს შემთხვევაში- კვდება, მაგრამ უკანასკნელი.

სწორედ ამ განაზრახით კიდევ ერთხელ ვიტვირთებ წყლისმნაყველისა და ქვისმკოდველის ძაღლუმადურ მისიას. იმედი მაქვს, ეს მცდელობა უსაქმური კაცისა და მახათის ცნობილი იგავის ასოციაციას არ მოგგვრის, პატივცემულო მკითხველო.

+ + + 

სტატია, რომელმაც წინამდებარე ბლოგტექსტის დაწერისკენ მიბიძგა, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა რატომღაც ”ტაბულად” წოდებული ჟურნალ ”პარტიული სიტყვის” ტაბლოგში. მას ხელს აწერს მწერალი მამუკა ხერხეულიძე, ბლოგერი ზურაბ ოდილავაძე და ... მრავალწერტილი.

მწერალ მამუკა ხერხეულიძეს არ ვიცნობ. გამიგია ასეთი გვარსახელისა და ესესელური გამომეტყველების მქონე მოლიტერატორო ტიპი, რომელიც, თავზე ვაზელინგადასმული გულმოდგინედ ეღირება მმართველი პარტიის ანუსს, მაგრამ ჯერ ვერა და ვერ იშოვნა მოხერხებული მისადგომი ნაციონალურ ნავადგურში (რას იზამ, ძნელია მარიფათიან სამადაშვილებთან, კაკალაშვილებთან და წიკლაურებთან კონკურენცია).

ბლოგერ ზურაბ ოდილავაძეს, ასე თუ ისე, ვიცნობ და რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ვაფასებ კიდეც. ამ კაცს აზრიც უჭრის და კალამიც. ვინ მოსწონს და რატომ, სხვა საქმეა. მის შეხედულებას არა მხოლოდ იმიტომ აქვს არსებობის უფლება, რომ არსებობის უფლება ყველა აზრს აქვს. არა, ამდენად ლიბერალიც არ გახლავართ. მაგალითად, დახვრეტის მუქარითაც ვერავინ მაიძულებს, ვიფიქრო, რომ, სიტყვაზე, ვინმე ორუჯრედიანი ხაბაზის აზრსაც აქვს არსებობის უფლება. და საერთოდ, ხაბაზ(ებ)ის არსებობა ნიშნავს, რომ შესაქმეს ტექნოლოგიური ციკლი თავის დროზე ხარვეზებით წარიმართა და ბიბლიური ეპოქიდან მოყოლებული წუნდებული პროდუქცია ბლომად დაგროვდა ცოდვილ მიწაზე.

მრავალწერტილი? 

მრავალწერტილსაც ვიცნობ, უფრო სწორად, მრავალწერტილში მოხვედრის კანდიდატებსაც. ახლა მეზარება, მაგრამ სტატიის დასარულს რამდენიმე სავარაუდო გვარსახელს აუცილებლად მივუთითებ. ვინძლო, თქვენც შემაწიოთ ორიოდ სიტყვა.

+ + + 

ერთნაირად აზროვნების და შეხმატკბილებულად წერის უამრავი მაგალითი იცის ლიტერატურის, გნებავთ - პუბლიცისტიკის ისტორიამ. 

მარქსი და ენგელსი...

ძმები გრიმები და ძმები გონკურები...

ილფი და პეტროვი...

არა მხოლოდ აზროვნების და წერის, ნეტარხსენებულმა საბჭოეთმა კოლექტიური ხატვის მაგალითიც კი შემოგვთავაზა კარიკატურისტების ცნობილი სამეულის - კუკრინიკსის სახით.

აგერ, ჩვენს დროში, ძველი ტრადიცია ისევ ააღორძინეს მამუკა ხერხეულიძემ და ზურა ოდილავაძემ. ზემოთ დასახელებული სტატია იმის დასტურია, რომ აღნიშნული წყვილი, თუ დასცალდა, კიდევ არაერთი ტაბლოგით გაახარებს დანატრებულ მკითხველს. ჰოდა, რაკი ჩვენს თვალწინ პოლიტიკური პუბლიცისტიკის ახალი, ვარსკვლავური ტანდემი ყალიბდება, უპრიანია, მისთვის საფირმო ნიშნის შერჩევაზეც ვიფიქროთ. დარწმუნებული ვარ, იგი სულ მალე ბრენდად იქცევა, ისეთ ბრენდად, რომლის გამოჩენასაც გულის ფანცქალით დაელოდება მთელი ქართული ინტელექტუალური Blogworld-ის ბომონდი.

საბოლოო გადაწყვეტილება, ცხადია, ავტორებზეა, თუმცა, შემიძლია საკუთარი მოკრძალებული ვერსია შევთავაზო მათ. ავიღოთ, მაგალითად, ბატონი ხერხეულიძის სახელი მამუკა, მოვაცილოთ შუამდებარე მარცვალი ”მუ” და მის ნაცვლად ჩავსვათ ბატონი ოდილავაძის სახელის პირველი სამი ასო ”ზურ”. რა მივიღეთ? მა-ზურ-კა, ანუ მაზურკა. ეს ერთი სახალისო პოლონური ცეკვის სახელია. გარდა იმისა, რომ კარგად ჟღერს, შინაარსობრივადაც მიესადაგება პატივცემული twins of pamphleteers-ის სულისკვეთებას. მგონი, უკვე დარწმუნდით, რომ მათაც კარგად ეხერხებათ სხვის დაკრულზე ცეკვა.

ზემოთ ვთქვი და აქაც გავიმეორებ - მოლიტერატორო ხერხეულიძის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება-თქო. თავს ვერ დავდებ, მაგრამ თუ ინტუიცია არ მღალატობს, ”პუტანების” ქვეყანას - არა!” ზურა ოდილავაძის ნაპასტევი უნდა იყოს. ამიტომ, თქვენის ნებართვით, ერთი-ორჯერ პირველ პირში შევეხმიანები. მშვენიერი სახელი ჰქვია, იმედი მაქვს, გამიგებს და არ გამიბრაზდება.

+ + + 

ერთი პირობა კინაღამ დავფიქრდი - კი მაგრამ, რაში უნდა შევედავო ამ პატიოსან წყვილს, რომელიც არაორაზროვნად აცხადებს, ”პუტანების” ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა და საბჭოთა ოცნებას ასრულება არ უწერიაო.

ეს განცხადება ერთი ერთზე იმეორებს ჩემს შინაგან პოზიციას. არც მე მინდა, ბატონებო, ”პუტანების” ქვეყანაში ცხოვრება. შვიდი-რვა წლის წინ იმედიანად ვიყავი განწყობილი, რომ საბჭოთა ოცნება ვეღარასოდეს აღორძინდებოდა საქართველოში. ხელისუფლების გადამკიდე, დღემდე ეს რწმენა გვარიანად შემელახა, მაგრამ სულის სიღრმეში მცირე იმედი მაინც ღარღილობს. შესაძლოა, ეს უფრო სურვილია, ვიდრე მოლოდინი, მაგრამ სუსტად მბჟუტავი სანთელიც საკმარისია ბნელ გვირაბში ხელის ცეცებით გზის გასაგნებად.

კიდევ ბევრ რამეში ემთხვევა ჩემი პოზიცია წერილის ავტორთა შეხედულებებს. გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მთლად რიგიანი ქრისტიანი არ ვარ და მიჭირს, ბოლომდე გავიზიარო ათი მცნების ის პუნქტი, მტრის სიყვარულისკენ რომ მომიწოდებს. პატიოსნად ვაცხადებ - მთელი არსებით მძაგს ის ხალხი, ვინც საბჭოეთს განასახიერებს და უკან, ბრეჟნევის ეპოქაში მექაჩება. არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემმა შვილიშვილებმა ახალ უძრაობაში იცხოვრონ და საკუთარ თავზე გამოსცადონ მისი თანამდევი რეფორმების საშინელებანი. ამ ადამიანებს მტრებად მივიჩნევ, ჩემი ქვეყნის და პირად მტრებად. მართალია, ეს სიტყვა მჭახედ ხვდება ყურს და გასული საუკუნის 30-იანი წლების ჯერ კიდევ შეუხორცებელ იარას გვახსენებს, მაგრამ ამის გამო ცნების რეალური შინაარსი არ იცვლება. მტერი მტერია და ვინც სინამდვილეს თვალს არ გაუსწორებს, უკანასკნელი ბრიყვის მდგომარეობაში აღმოჩნდება. მე მგონი, ეს მარტივი ჭეშმარიტება ბიბლიურ ეპოქაშიც ესმოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი ასახსნელია, რას ნიშნავს სენტენცია- სისხლი სისხლის წილ, კბილი კბილის წილ. ვინც მახვილს აღიღებს, მახვილითვე წარიწყმიდების.

”პუტანების” ქვეყანაში არასოდეს დავბრუნდებითო - მკერდზე მჯიღებს იცემს მაზურკა. მეც მანდ ვარ, ბატონებო, თუმცა მცირეოდენი კორექტივით. თქვენ, თქვენი ჭკუით, საბჭოეთში დაბრუნება არ გინდათ, მე კი დღეცისმარე იმაზე ვფიქრობ, როდის დავაღწევთ თავს ამ ოხერ საბჭოეთს.

ობიექტურ ოპონენტთან, ან ისეთთან, ვისაც ობიექტურობაზე პრეტენზია აქვს, პოლემიკა ძნელი არა არის, მაგრამ როდესაც შენს წინ იდეოლოგიური დოქტრინარიზმით მოწამლული ადამიანები დგანან, თავის შეკავება ძნელია. არა და, პატივცემული ავტორები სწორედ რომ მამალი ნაციონალები გახლავან. ეს ცხადად ეტყობა მათი მსჯელობისა და აზროვნების სტილს, არგუმენტების მოხმობის ხერხს, ზოგად სულისკვეთებას, მაგრამ ყველაზე მეტად ისტორიის ქრონოლოგიაში იჭედებიან პუბლიცისტები. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ხაზგასმით აღნიშნავენ, ჩვენს ქვეყანაში ცვლილებანი ფორმალურად ოცი, რეალურად კი მხოლოდ ათი წლის წინ დაიწყოო. გონების განსაკუთრებული დაძაბვა არაა საჭირო იმის მისახვედრად, საით უკაკუნებენ ზედმეტად მონდომებული ავტორები. წესით, უნდა ეთქვათ, რვა წლის წინო, იმიტომ რომ 2004 წლის იმ ”ბედნიერი” იანვრიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გვირგვინის კურთხევა შედგა, სწორედ ამდენი დრო გავიდა. მაშ, რა ხდება? მარტივი არითმეტიკის უცოდინარობასთან გვაქვს საქმე თუ სხვა, გაცილებით შორს მიმავალ ჩანაფიქრთან? უფრო ამას ჰგავს. ბატომ მაზურკას შემთხვევით არ უხსენებია ათი წელი. ეს პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ ამჟამინდელმა მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2001-2002 წლებში დაიწყო რეფორმების განხორციელება ქვეყანაში. მართალია, ამ თეორიას აქვს ცხადად გამოხატული მინუსიც (ქრონოლოგიური ჩარჩოს გარეთ დარჩა ის პერიოდი, როდესაც პოლიტიკურ არენასა და ლექსიკონში ერთდროულად დამკვიდრდა ცნება ”ახალგაზრდა რეფორმატორები”), მაგრამ მწყალობელი ასეთ წვრილმანებზე როდი ხურდავდება. მთავარია, პარტიის გენერალური ხაზი არ გაიხაროს ვოლუნტარიზმის ლინზაში. ამ თვალსაზრისით ბატონ მაზურკას წუნს ვერავინ დასდებს. მაშ როგორ - ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ისტორია ჯერ კიდევ იმ დროიდან იწყება, როდესაც ვარდის გაუშლელი კოკრები რეზინის წვრილი სალტეებით იყო შეკრული. 2003 წლის ნოემბერში ეს კოკრები ერთბაშად გაიშალა და ისეთი სურნელება დააფრქვია, სკუნსი მიმიქარავს. ამიტომაცაა დღევანდელ საქართველოში აქტუალური აირწინაღების თემა

”ტაბულას” ბლოგერები იმდენად სერიოზულად მსჯელობენ ბოლო ათწლეულზე, როგორც გარდაქმნების ეპოქაზე, ძალაუნებურად ჩნდება რაღაც უჩვეულო იდეის შემოთავაზების მოლოდინი. მაგალითად, რას იტყვით, რომ ქვეყანას სახელი გადაერქვას და, სიტყვაზე, მიშლანდია ეწოდოს, მის ბედნიერ იმპერატორს კი, სამხრეთელი მეზობლის ანალოგიით - მიქელ ათაგურჯი.

ისღა დაგვრჩენია, სეთურის კოლონიის მუშებივით ერთხმად შემოვძახოთ: პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ!

+ + + 

მაზურკას მიზანდასახულობა ძნელი მისახვდრი არა არის. ავტორ(ებ)ის სურვილია, გააბიაბრუონ ყველაფერი, რაც მეორე პოლიტიკური ცენტრის შექმნასტანაა დაკავშირებული და რაკი ამ პროცესის ეპიცენტში ბიძინა ივანიშვილი დგას, მთავარი დარტყმაც მის წინააღმდეგაა მიმართული.

გულწრფელად მიკვირს, როგორ უნდა იყო დემოკრატიისა და პლურალიზმის ადეპტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი ერთპარტიულ სახელმწიფოში ალტერნატიული პოლუსის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც იგი საყოველთაოდ გაზიარებულ პრაქტიკას წარმოადგენს საზღვარგარეთის ცივილიზებულ ქვეყნებში. მესმის, რომ ორი, ან მეტი ცენტრიდან მხარი დაუჭირო რომელიმე ერთს, მაგრამ უარყო და მტრად გამოაცხადო ყველა, ვინც შენსავით არ ფიქრობს, ეს ჰუსეინისა და კადაფის სტილია. მერე რა, რომ მთელი შენი ლოგიკა ქვიშაზე აგებული ციხესიმაგრეა და არა თუ ცუნამს, მსუბუქად აღელვებული ტალღების დაჯახებასაც ვერ უძლებს.

მაზურკას ლექსიკონში საპატიო ადგილი უკავია პოლემიკაში გამობრძმედილი ”ნაციდეოლოგების” (გაბაშვილი, წიკლაური, გოგორიშვილი, მინაშვილი, დარჩიაშვილი, ხერხეულიძე, მალაშხია და K ...) მიერ დამკვიდრებულ ტერმინს - რუსი ოლიგარქი. ვეჭვობ, პატივცემულ წყვილს სწორი წარმოდგენა ჰქონდეს ამ სიტყვის მნიშვნელობაზე. ოლიგარქი ისეთი პიროვნებაა, ვინც ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტების წყალობით, მისი ლობირებით განავითარა ბიზნესი, ან დააგროვა ქონება. რაც შეეხება ოლიგარქიას, იგი სახელმწიფო მოწყობის ისეთი მოდელია, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება პირთა ვიწრო წრეს (მსხვილ ფინანსურ მაგნატებს) ეკუთვნის. შესაბამისად- ოლიგარქიულია სახელმწიფო, რომელსაც პირთა ასეთი წრე მართავს.

თუნდაც ეს მცირეოდენი განმარტება საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ პატივცემულ პუბლიცისტებს მისამართი ეშლებათ. დღევანდელ საქართველოში ნამდვილად არიან კლასიკური ოლიგარქები, მაგრამ ისინი სახელისუფლებო პირამიდის წვერზე (სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, ახალაია), ან მისადგომებთან (ბენდუქიძე, ბეჟუაშვილები, გეგენავა, შარანგია, კოხოძე, ჩოჩელი...) არიან ლოკალიზებული. სწორედ ამის გამოა ჩვენი ქვეყანა ოლიგარქიული სახელმწიფო და ამ დროს ოქროყანის გზატკეცილზე ”რუსი ოლიგარქის” ძიება გამიზნული სიბრმავის, ან უკიდურესი სუბიექტივიზმის ცხადი ნიმუშია.

+ + + 

თავი დავანებოთ იმას, რომ მაზურკას სტატია უხვადაა გაჯერებული შეურაცხმყოფელი გამოთქმებითა და ალუზიებით, მაგალითად: ”საბჭოთა მუმიები”, ”სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, რომელსაც ”მაღალი ინტელიგენცია” სახლში ფეხს არ დაადგმევინებდა”, ”მეძავები”, ”პუტანები”, ”პოლიტიკური გვამები”, ”ბიკინებიანი სპორტსმენები”... ჩავთვალოთ, ამგვარი სტილი თავისთავად მეტყველებს ავტორთა შინაგან კულტურაზე. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა საბჭოეთის თემა, რომელიც ბლოგტექსტის ლაიტმოტივს წარმოადგენს, თუმცა, მართალი გითხრათ, ვერსად დავინახე, სად ან რაში ხედავენ ავტორები კომუნისტური წარსულის ნოსტალგიას. სახეზეა მხოლოდ ცუდად შენიღბული გაღიზიანება პოლიტიკურ არენაზე გამოსული ახალი პერსონის მიერ რუსეთში ნაშოვნი მილიარდების მიმართ, აგრეთვე შევარდნაძის დროინდელ ერთ-ერთ ფუნქციონერზე მინიშნება, თუმცა არაფერია ნათქვამი ხელისუფლებასთან ასოცირებული ბიზნესმენების რუსეთშივე დაგროვებულ მილიონებსა და ვარდების რეჟიმის სამსახურში ჩამდგარ ფერნაცვალ წითელ ფუნქციონერებზე.

რაკი ”ტაბულას” ავტორები ამის ახსნით თავს არ იწუხებენ, უპრიანია, თეზისურად მაინც შევახსენოთ თანამედროვე საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგიერთი რეალია, რომელთა დამკვიდრებაში ლომის წილი ხელისუფლებას მიუძღვის და რომლებიც არსობრივად სხვას არაფერს წარმოადგენენ, თუ არა საბჭოთა წარსულიდან გადმოყოლილ რუდიმენტებს.

+ + + 

რა არის საბჭოთა კავშირი?

საბჭოთა კავშირია, როდესაც სახელმწიფოს ხალათიანი შეურაცხადი მართავს და ასანთით ხელში ყოველდღიურად ეთამაშება დენთის კასრს, მისი წყალობის მომლოდინე კამარილიაში კი ერთსაც არ უჩნდება პროტესტი, აღარაფერს ვამბობ შიშისა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ქვეყნისა და, გნებავთ, საკუთარი შთამომავლობის მიმართ.

საბჭოთა კავშირია, როდესაც სახელმწიფოში შერჩევითი სამართალია გაბატონებული და საზოგადოება ორ, პოლარულად განსხვავებულ ჯგუფად იყოფა - ყველაფრის უფლების მქონე უმცირესობის კასტა და ყოველგვარ უფლებას მოკლებული დემოსი, უფრო სწორად, ოხლოსი. არ დაგავიწყდეთ, შერჩევითი სამართალი გაცილებით დიდი ბოროტებაა, ვიდრე უსამართლობა, ზოგადად. უსამართლო საზოგადოებაში ღიად მაინცაა ცნობილი, რომ ეს არის ავტორიტარული რეჟიმის არსებობის დაუწერელი კანონი და რაკი ეს ვიცით, დიაგნოსტირება შედარებით იოლია. შერჩევითი სამართალი კი ამსხვრევს თვით ამ ცნებაში ჩადებული კეთილშობილური პრინციპის ხერხემალს, აუკუღმართებს ბიბლიური დროიდან დღემდე ადამიანების მიერ ნალოლიავებ სოციალური თანასწორობის იდეას, თესავს ნიჰილიზმსა და აპათიას.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ხელისუფლება ყოველგვარი ჯებირის, რაბის, შლიუზისა და ხერგილის გამოყენებით ცდილობს აზროვნების დაგუბებას, როდესაც მონოპოლიზებულია მთელი საინფორმაციო სივრცე, მოსახლეობას მეთოდურად უტენიან თავში სიცრუეს და არ აძლევენ განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობას.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას მიზანმიმართულად ამყოფებს რამდენადაც ობიექტურად არსებული, იმდენადვე ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატის ტყვეობაში, თვითონ არაფერს/ვერაფერს აკეთებს მასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად და ”პუტანებად” ნათლავს ყველას, ვინც ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

საბჭოთა კავშირია, როდესაც როდესაც ბოლომდე კასტრირებული ბიზნესი მოკლებულია თავისუფალი განვითარებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკური ინვესტირებით მონაწილეობის შესაძლებლობას.

საბჭოთა კავშირია, როდესაც წარმატებულ რესტორატორებს ერთდროულად, ერთ ღამეს უჩნდებათ საკუთარი რესტორნების ეკონომიკის სამინისტროსთვის ჩუქების სურვილი და ”ქველმოქმედების” ჟინით აღტყინებულები დილამდეც ვერ იცდიან ნაჩუქრობის აქტის ნოტარიული წესით დასამოწმებლად.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები წესრიგის დაცვას კი არა, ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება და სახელმწიფოში რეალურად არსებობს გესტაპოსა და აბვერის ფუნქციის მქონე სტრუქტურული ქვედანაყოფები.

საბჭოთა კავშირია, როდესაც მთელ მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ვართ პატიმართა და პრობაციონერთა პრიცენტული შეფარდებით და ერთ-ერთი უკანასკნელი- მოსწავლეთა შორის წაკითხულის აღქმისა და კრიტიკული აზროვნების ხარისხით.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა სახელმწიფო იდეოლოგიის რანგშია აყვანილი, უდანაშაულო მოქალაქეებს ქუჩებში ხვრეტენ, ხოლო შემდეგ ხელისუფლების უმაღლესი პირი შეწყალების აქტს გამოსცემს კრიმინალთან ბრძოლაში ”დამაშვრალი” პოლიციელების გასათავისუფლებლად.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ადამიანებზეც ზემოქმედებისა და შანტაჟის მიზნით ”კანონის დამცველები” მასობრივად იყენებენ ისეთ უღირს მეთოდებს, როგორიცაა წამება, გაუპატიურება, ინსინუაციების გავრცელება, კომპრომატების ფაბრიკაცია და და მათი გასაჯაროების მუქარა.

საბჭოთა კავშირია, როდესაც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილის გამჟღავნების შემდეგ მოქალაქეობას ართმევ ქვეყნის წინაშე უზარმაზარი დამსახურების მქონე პიროვნებას და საკანონმდებლო იშკილბაზობით მაქსიმალურად ზღუდავ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ლეგალურად გამოყენების შესაძლებლობას.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ბიუჯეტის შავი ხვრელიდან მილიონები გაედინება ტაშფანდურა-სახიობათა დასაფინანსებლად და ღვთის ანაბარა არიან მიტოვებული განაწამები დევნილები, მიწისძვრით დაზარალებულები და ეკომიგრანტები.

საბჭოთა კავშირია, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი ჩინოსნების ოჯახის წევრებს, ბავშვობის, სკოლისა და სტუდენტობის მეგობრებს მოულოდნელად ეღვიძებათ ბიზნესის კეთების საოცარი ტალანტი, როცა უმაღლეს დონეს აღწევს ელიტური კორუფცია და მარცხენა მხარეს მიედინება სიაბანდ ტენდერებში გამარჯვებული ფირმების მიერ დაბრუნებული მრავალმილიონიანი ”ატკატები”.

საბჭოთა კავშირია ბუტაფორიული კლინიკების გახსნა ბუტაფორიულივე სამედიცინო აპარატურითა და ვიდეოკამერით დასაფიქსირებლად საწოლში ნაჩქარევად ჩაწვენილი შარვალკოსტუმიანი პაციენტებით. 

საბჭოთა კავშირია ყაზარმებად ქცეული სასწავლო დაწესებულებანი, ღირსებააყრილი პედაგოგები და განათლების უფლებადაკარგული ახალგაზრდა თაობა.

საბჭოთა კავშირია პრეზიდენტის შეხვედრების კვალდაკვალ ყვითელი ავტობუსებით გადაადგილებული ნაცჯოგი, ვენერა ბებოები, ”მიშა მაგარია”-ს კომპოზიტორი მინისტრები, ბუხუტიები და მისასალმებელტექსტდაზეპირებული მსახიობები.

საბჭოთა კავშირია მთელი ქართული საარჩევნო გარემო თავისი კანონმდებლობით, უსაშველოდ გაბერილი სიებით, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაშისტური მეთოდებით და კორპუსის ”მამაშების” ინსტიტუტით.

საბჭოთა კავშირია საკუთარი მოსახლეობისთვის თავპირის დალეწვა, ტყვიის დაშენა და გაზოთერაპია იმ დროს, როცა ხელისუფლება ფარისევლურად ცრემლს ღვრის ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო მეზობელ სახელმწიფოში.

საბჭოთა კავშირია ტელედაჭერები და ექსპროპრიაციები, ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა და იმავე მეთოდების დანერგვა პოლიტიკაში.

საბჭოთა კავშირია ჯარისკაცების გაგზავნა სხვათა ომში.

საბჭოთა კავშირია დაუგეგმავად დაწყებული უაზრო ომი, მტრის ხელში მიტოვებული მშვიდობიანი მოსახლეობა და თვითმფრინავის დანახვით დამფრთხალი, შუა ქუჩაში წამოპლაკული მთავარსარდალი.

საბჭოთა კავშირია ანტიეკლესიური ფსიქოზი, ღამით მალულად დანგრეული და დღისით სატვირთო მანქანის დაჯახებით კარიბჭეშენგრეული საყდრები. მაღალი სასულიერო იერარქების მოსასყიდად გაღებული ჯიპებიც საბჭოთა კავშირია.

საბჭოთა კავშირია ”რუსთავი ყველას” პროპაგანდისტული მანქანის მიერ ზენიტში აყვანილი სიყალბის აპოლოგია, მოჩვენებითი წარმატებების ბუმი და ყოველივე ამის გასაფიარებლად საზღვარგარეთის ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი მილიონები...

+ + + 

დიახ, ყოველივე ეს საბჭოთა კავშირია და, მასზე უარესიც. ნეტარხსენებული ”სესერეკა” დიდი ხნის განმავლობაში დამდგარ ჭაობს წარმოადგენდა და მისი არყნოსილი სიმყრალე წიაღიდან ზედაპირამდე ნაკლებად აღწევდა. ნაციონალური ხელისუფლების მიერ შექმნილი ქართული სამოთხე კი ფეკალიებით სავსე, არეულ-აზელილი სარკოფაგია, რომლის აუტანელი ოხშივარი ყველა მიმართულებით ვრცელდება და რომელშიც სუნთქვა შეუძლებელია რესპირატორის გარეშე.

ხედავთ თუ არა ყოველივე ამას თქვენ, ბატონო პუბლიცისტებო?

შეუძლებელია, ვერ ხედავდეთ, მაგრამ თავს იბრმავებთ, რადგან ასე გაწყობთ. ასე აწყობს იმ პოლიტიკური ელიტის ინტერესებს, რომლის ფსკერზე, სადღაც კუთხეში მიყუჟულ მარგინალებსაც თქვენ წარმოადგენთ და განწირული ფაფხურობთ, რომ ზედაპირზე ამოტივტივდეთ.

ოდესმე ერთი სიტყვით მაინც გამოგითქვამთ ახალი ქართული საბჭოეთის წინააღმდეგ პროტესტი? მაშინ ხომ გაცილებით მეტი საფუძველი ექნებოდა მკითხველს, მიეღო და გაეზიარებინა თქვენეული საგა ძველ საბჭოეთში არდაბრუნების შესახებ?

ვხედავ, ამაოდ ვირჯები - ხელისუფლების კრიტიკა თქვენი საჯილდაო ქვა ნამდვილად არაა. ასეთი ტვირთის ასაწევად არც სურვილი გაქვთ და არც განვითარებული ძვალკუნთოვანი სისტემა. თქვენ მხოლოდ კატისებრი კნავილი შეგიძლიათ დემოკრატიული პროცესების თანამდევი სირთულეებისა და მისი მარადიულობის შესახებ და ამასაც მხოლოდ იმისთვის აკეთებთ, რომ ბედის ირონიით ძალაუფლების ოლიმპზე მოხვედრილ მანქურთებს არსებობა გაუხანგრძლივოთ. იმდენი უნარიც არ დაგანათლათ გამჩენმა, ეს განზრახვა არგუმენტირებულად შეფუთოთ და იაფფასიან დემაგოგიას ჯერდებით, აქაოდა, ”პუტანების” სახელმწიფოში ცხოვრება აღარ გვინდა, საბჭოთა ციხეში არ დავბრუნდებით, ეს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ ძალებს აღემატებაო.

იქვე ხართ, ჩემო კარგებო!

იქვე ხართ გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ზნეობრივად, მენტალურად... 

1990 წლის შემდეგ ერთი ნაბიჯიც არ გადაგიდგამთ წინ განვითარების გზაზე, საკუთარ სიბინძურეში იხრჩობით და კონვულსიური მოძრაობით სხეულზე ეჭიდებით სხვებსაც, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებს წონასწორობას, რათა საკუთარი თავიც და ქვეყანაც იხსნას უფსკრულში დანთქმისაგან.

+ + + 

მაზურკას ნაპასტევზე ზედმეტ დროს ნამდვილად არ დავკარგავდი და არც თქვენ დაგაკარგინებდით, მაგრამ ამ მცირე მოცულობის სტატიაში არის ერთი პასაჟი, რომლის უყურადღებოდ დატოვება არამიზანშეწონილად მიმაჩნია.

საბჭოეთში არდაბრუნების მოსურნე პუბლიცისტები არაორაზროვნად გვაფრთხილებენ, ვინც ამას აპირებთ, იძულებული გავხდებით, თქვენს წინააღმდეგ ნებისმიერი ხერხი და საშუალება (ხაზგასმა ჩემია. იერ.) გამოვიყენოთო.

ხაზგასმულ სიტყვებს მიაქციეთ ყურადღება. სტილი და სულისკვეთება ხომ არ გეცნოთ? გასული საუკუნის 30-იანი წლების სურნელი ხომ არ დატრიალდა თქვენს ირგვლივ, მკითხველებო?

აქ რომ მხოლოდ ორ მახათმომარჯვებულ მჯღაბნელთან გვქონდეს საქმე, კიდევ ჰო, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხერხეულიძე-ოდილავაძე და ძმანი მათნი ხელისუფლების იდეოლოგთა შორის მოიაზრებიან, ხოლო თავად ეს პუბლიცისტური ნახველი საბჭოთა ეპოქინდელი ”პარტიული სიტყვის” ფუნქციის მქონე ”ტაბულას” ბლოგებში გამოქვეყნდა (ჩემი თაობის ხალხს კარგად ეხსომება ასეთი სახელწოდების მქონე ჟურნალი, საქართველოს კპ ცკ-ის ორგანო).

”ტაბულა” გავარიტ, პარტია გავარიტ”, ყოველ შემთხვევაში, მისი უკიდურესად ლიბერასტული ფრთა მაინც ”თავისუფლების ინსტიტუტისა” და ხელისუფლებაში მის მიერ დელეგირებული ნაცრისფერი კარდინალის, გიგა ბოკერიას სახით.

ეს პირდაპირი და შეუნიღბავი მუქარაა, მკითხველო. ავტორები გვეუბნებიან, ან მიიღეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცხოვრების სტილი, ან სულს ამოგხდით და ძვალ-რბილს გაგიერთიანებთო. მოდი და ნუ მიაქცევ ყურადღებას, როდესაც ვიცით, რაზე წამსვლელი ხალხი დგას ამ განცხადების უკან.

ვიცით, ბატონებო, ვიცით. ჯერ კიდევ ცოცხალია 7 ნოემბრისა და 26 მაისის შთაბეჭდილებები. ხეირიანად ჯერ კიდევ არ გამშრალა რუსთაველსა და რიყეზე დაღვრილი სისხლი. ჯერ კიდევ ჩაგვესმის ყურში რეზინის ხელკეტებისა და პლასტმასის ტყვიების ავბედითი ზუზუნი. ისიც ვიცით, ნამდვილად ყველა ღონესა და საშუალებას გამოიყენებთ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ აზვირთებულ მდინარეს მაინც ვერ შეაჩერებთ, თავისუფლების გამოღვიძებულ სულს ვერ ჩაახშობთ და თვითონვე ჩაიხრჩობით საკუთარი ძალმომრეობის ბინძურ ჭაობში.

თქვენ შეგიძლიათ ხელკეტები დაგვცხოთ, გაზით დაგვწამლოთ, წყლის ჭავლი დაგვიშინოთ, მოკლედ - ჩაგვრეცხოთ, მაგრამ იმის უფლებას ვერ წაგვართმევთ, ასფალტზე დაყრილებმა, დასისხლიანებულებმა და დაბორკილებმა თავი წამოვწიოთ, თვალებში ჩაგხედოთ და ვაჟას უკვდავი სიტყვები მოგახალოთ - ”ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!”

მართლაც რომ ”ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა”!

+ + + 

დასასრულს, მოზრდილი ამონარიდი მინდა შემოგთავაზოთ მაზურკას შემოქმედებიდან.

”ეყიდებიან პარტიები და მუშტრის დაკვეთით მყისიერად იცვლიან პრინციპს, ”კლიენტებს” დაუფარავად ეძლევიან ”დამოუკიდებელი” ”მედია მაგნატები” თუ ”მიუკერძოებელი” ექსპერტები, ტენდერის პირობების მოლოდინში გაყურსულან- ”მაღალი იდეალების” ”ულტრა ლიბერალები”, ”ანდერგრაუნდის” წვრილბურჟუაზიული ჰიპები”, ”სინდისის პატიმრები” და ”უკომპრომისო” არასამთავროები, პოდიუმზე დაკეკლუცობენ ”დიდი” მწერლები, თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწენი თუ ბიკინებიანი სპორტსმენები. აკადემიური გილდიის წევრები კი მომავლის გაურკვევლობის შიშით მარადქალწულობის შენარჩუნებას ცდილობენ. სრულად საქართველოს მკვდრეთით აღმდგარი ”პოლიტიკური გვამების” ფართო სპექტრი ერთი ფულიანი მეშჩანის მეძავი აღმოჩნდა, ხოლო ვისაც მისი უხეში ვნება ჯერ არ ღირსებია, ის მოუთმენლად ელოდება რიგს. ასეთია სამარცხვინო რეალობა და იშვიათი გამონაკლისი მხოლოდ ადასტურებს წესს”...

სუბიექტური ვიქნები, თუ არ ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ამ სიტყვებში სიმართლეა. ვერც იმათ ობიექტურობას ვიწამებ, ვინც მწარე რეალობას თვალს არ გაუსწორებს და მხოლოდ იმის გამო განრისხდება, რომ მაზურკას განცხადების ადრესატები ცალსახად ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკში ეგულება. ობიექტური საზომის უქონლობა ის ძნელად განსაკურნავი სენია, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს საზოგადოების თვითგაჯანსაღების პროცესს. ჩვენ ახლა ვგავართ იმ პაციენტს, ვინც, ასე თუ ისე, იცის საკუთარი დაავადების ძირითადი სიმპტომები და ცდილობს, დროულად შეარჩიოს ეფექტური ანტიბიოტიკები, მაგრამ დავიწყნია მეორე საფრთხე, რაც ყოველთვის თან სდევს არასრულფასოვანი მკურნალობის პროცესს - დისბაქტერიოზი. ორგანიზმში მიკროფლორის სახეობრივი და რაოდენობრივი შეფარდების აღსადგენად აუცილებელია არა მხოლოდ ერთი ავადმყოფობის დამარცხება, არამედ სამკურნალო პრეპარატების ჭარბი გამოყენებით გამოწვეული დისბალანსის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული გაჯანსაღების ნაცვლად მივიღებთ ერთი სენის ჩანაცვლებას მეორეთი, რომელმაც გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება უფრო დაამძიმოს ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.

ამ სამედიცინო წიაღსვლის შემდეგ გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ, ერთი მხრივ, მაზურკას განცხადება სიმართლეს შეესატყვისება. ფაქტია, კომერცია-სოვდაგრობის ჩარჩივაჭრულმა სულმა მძლავრად მოიცვა ალტერნატიულობაზე პრეტენზიის მქონე ოპოზიციური ისტებლიშმენტი და ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო გმირობის ტოლფასმა ნაბიჯმა კიდევ უფრო რელიეფურად გამოკვეთა ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერი მხარეები. ბევრი ვინმე, ვისი, როგორც მოქალაქის იერ-სახე არც მანამდე გამოირჩეოდა უზადო რეპუტაციით, ბოლომდე გაიშიფრა. სარფის მომლოდინეთა სხვა, კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი ჯგუფი რიგში დგას შუშის სასახლის მისადგომებთან. ერთი მხრივ, ყურს გვჭრის ამბიციადაკმაყოფილებულთა ნეტარი პეტელი, მეორე მხრივ- უარყოფილთა, ან უარყოფის მეჭველთა გესლიანი სისინ-ქირქილი. უანგარო და ქვეყნის კეთილდღეობისკენ მიმართული სამოქალაქო ერთობა, რომლის აუცილებლობა ცნობადთა ამა ქვეყნისათა შემხედვარე უჩინო მასის უპირველეს დაკვეთას წარმოადგენს, ჯერ კიდევ მიუწვდომელ ქიმერად რჩება...

დიახ, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ სხვა საკითხია, რა აღელვებს მაზურკას, როდესაც მენტორის ტოგამოსხმული თავდაჯერებულად გვმოძღვრავს და ისე სურს წარმოაჩინოს საქმე, თითქოს ცის კაბადონზე გამობრძანებულმა სავსე მთვარემ შესაბრალისი მზერა გადაავლო ავადმყოფის საწოლქვეშ შეგორებულ ღამის ქოთანს?

დავუჯეროთ? დავუჯერებდი, რომელიმე მათგანს ოდესმე ერთი სიტყვით, მოზომილად და ზრდილობისთვის მაინც რომ გაეპროტესტებინა ხელისუფლების ნაავკაცარი.

მაგრამ არა, ისინი მხოლოდ სხვის თვალებში ბეწვის ძებნას არიან ნაჩვევი და როგორც აღზევებაზე მეოცნებე მდაბიოებს შეეფერებათ, ლამის პატრონებს გადაასწრონ სიყალბის პროპაგანდაში. ნაციონალური ელიტის თვით ყველაზე ოდიოზური წარმომადგენლებიც კი ვერ გასცდნენ ნეტარხსენებული საბჭოეთიდან ნასესხები ლოზუნგის- ”გასაკეთებელი კიდევ ბევრია”- მიერ შემოფარგლულ სამანებს. როგორც თავად დარწმუნდით, მაზურკამ უკვე გადალახა ეს მიჯნა და ნება-ნება შემოგვაპარა ახალი ფორმულა- ”კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი”-ო (იგულისხმება, რაც გასაუმჯობესებელია, ის უკვე გაკეთებულია).

სიმართლე ყველაზე ბასრი იარაღია დედამიწის ზურგზე, მაგრამ არაფერია მასზე უფრო ბილწი და ბლაგვი, როდესაც იგი შერჩევით ხასიათს ატარებს.

ნახევარსიმართლე სიცრუეზე უარესია.

”ტაბულას” პუბლიცისტების სიმართლეც ნახევარსიმართლეა და როცა სიმართლე უფრო დიდი სიცრუის გადაფარვას ემსახურება, გახვრეტილი შაურია მისი ფასი.

+ + + 

შეწყვიტეთ დებოში და დაბრუნდით დეპოში!

სხვა რა გითხრათ და გირჩიოთ, ”კოლეგებო”? ეს თქვენი შეგნებული არჩევანია და რაკი პირველ ჩვენებაზე მტკიცედ დგახართ, ღმერთმა დიდხანს გატაროთ მაგ ნახევარსიმართლის მოლიპულ გზაზე. იმედი მაქვს, თქვენთან ერთად დიდხანს არ მომიწევს ცხოვრება ახალგაზრდა ბრეჟნევის მიერ შექმნილ საბჭოთა სამოთხეში.

+ + + 

როგორც ნახეთ, ”ტაბულას” ავტორებმა თავიანთ პუბლიცისტურ ნაღვაწს უილიამ ბატლერ იეიტსის სტრიქონები წაუმძღვარეს ლექსიდან - ”ირლანდიას”

მეც დავაპირე რაღაც ანალოგიურით მეპასუხა და, საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს გამახსენდა შოტლანდიური პოეზიის სიამაყის, რობერტ ბერნსის არაჩვეულებრივი ლექსი - ”კბილის ტკივილს”

და რადგან ეს შედევრი მოცულობით საკმაოდ ვრცელია, თავს უფლებას მივცემ, მხოლოდ მისი ფინალური სტრიქონები შემოგთავაზოთ:

”...ჰოი სატანავ, ბნელსახიერო,

შავი კუპრის და ცეცხლის მიერო,

შოტლანდიის მტრებს, სულო ძლიერო,

გვედრებ კივილით,

გადაუხადე სამაგიერო

კბილის ტკივილით.”