ირანის ელჩი საქართველოს პრემიერის ირანში ვიზიტს არ გამორიცხავს

ირანის ელჩი საქართველოს პრემიერის ირანში ვიზიტს არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, ირანს ეწვიოს. მომავალის წლის დასაწყისში კი, საქართველოს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვევა. ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოში აბას თალებიფარმა დღეს განაცხადა.

"ჩვენს ორ ქვეყანას შორის საუკეთესო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველა დონის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა. 2016 წლის დასაწყისში ვგეგმავთ ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს საქართველოში. სამომავლოდ უკვე საუბარია, რომ დავიწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტზე მუშაობა", - განაცხადა აბას თალებიფარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტი სავარაუდოდ, აუცილებლად გაიმართება და ვიზიტის მომზადებაზე მუშაობა მალე დაიწყება.