ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (მესამე ნაწილი)

ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (მესამე ნაწილი)

ორბიტაზე რაკეტის გაყვანიდან ასი დღე ისე გავიდა, რომ კონკრეტული დოკუმენტი, მომავალი მოძრაობის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა არ ჩანს.

მეტყვით – კონცეფცია ორ-სამ თვეში არ იქმნებაო. მასზე კომპეტენტურ სპეციალისტთა მთელი ჯგუფის ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. ეს ყველას გვესმის, მაგრამ გვესმის ისიც, რომ მოსახლეობას (გარკვეულ ნაწილს მაინც) არანაირი სურვილი არ აქვს არჩევანი მხოლოდ ივანიშვილის პერსონის გამო გააკეთოს. არიან ადამიანები (საბედნიეროდ, მათი რაოდება მცირე როდია), ვინც მოუთმენლად ელის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ კონცეპტუალურ ხედვას. მათთვის საინტერესოა, როგორ ესმის ივანიშვილს (იგულისხმება – მომავალ გუნდს) ესა თუ ის საკითხი, რა მიდგომას ანიჭებს იგი უპირატესობას და რამდენად შესატყვისობაშია ეს მეთოდები საერთაშორისო კონიუნქტურასთან.

არ იფიქროთ, თითქოს ვამტკიცებდე, რომ ამ თვალსაზრისით ”ტერრა ინკოგნიტასთან” გვაქვს საქმე. ცხადია, ასე არაა. ჯერ ერთი, მომავალი პროგრამის ცალკეული მონახაზი, ამა თუ იმ ფორმით, უკვე გახმიანდა თვითონ ივანიშვილის ინტერვიუებსა და გამონათქვამებში. მეორეც, მისი პარტნიორებიდან არცერთი არ წარმოადგენს ახალბედას ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მათი პოზიციის შესახებ, ასე თუ ისე, საზოგადოება ინფორმირებულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალ კონფიგურაციაში ძველი ელემენტების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებანი უცვლელი ფორმით გადავა. ”ქართული ოცნება” არ/ვერ იქნება ძველი დომინოს ფიგურების გადალაგება ახალ კოლოფში. ეს უნდა იყოს პრინციპულად ახალი გაერთიანება, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას შესთავაზოს ახლებური ხედვა მის წინაშე მდგარ საჭირბოროტო საკითხებზე.

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემებიდან განსაკუთრებით მწვავე და აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. ამდენად, განსაკუთრებული ინტერესით (ერთგვარი ღელვითაც) ველოდები დოკუმენტს, რომელიც პასუხს გასცემს კითხვაზე- რის გაკეთებას აპირებს ამ მხრივ მომავალი ხელისუფლება? როგორ წარმოუდგენია მას დაკარგული რეგიონების დაბრუნება საქართველოს იურისდიქციაში და იმ ფაქტორების განეიტრალება, რომელთა არსებობა დღემდე ობიექტურად შეუძლებელს ხდის პრობლემის მოგვარებას?

ღელვით მოველი-თქო – შემთხვევით არ მითქვამს. მაქვს კიდეც საამისო საფუძველი.

თუ ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვითარება რაღაცით წააგავს სურათს, გურამ დოჩანაშვილის მიერ მაღალმხატვრულად აღწერილს შესანიშნავ მოთხრობაში- ”ვატერ(პო) ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები”. ივანიშვილის მიერ შემოკრებილი პოლიტიკური სუბიექტები წყლის ზემოთ მოხერხებულად თამაშობენ რესპექტაბელური პარტნიორების როლს (ერთობლივად ატარებენ ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებს, მომღიმარი სახით ჩნდებიან საზოგადოების წინაშე...), მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. გაცილებით საინტერესოა უხილავი ნაწილი – ის, რაც წყლის ქვემოთ ხდება. არ მაქვს საფუძველი, ვამტკიცო, რომ სპორტსმენები წყალქვეშ წიხლებით უმასპინძლდებიან ერთმანეთს და ცდილობენ, დაასწრონ ხელსაყრელი პოზიციის დაკავება. ჯერჯერობით, აქამდე საქმე არ მისულა და, იმედი მაქვს, არც მივა, მაგრამ ივანიშვილის აუზის წყლისქვეშეთი და წყლისზედეთი რომ ჰარმონიულად იდენტურიც არაა, ამის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც იოლია. 

შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მეჩვენება, რომ მეფის კარზე გავლენის თვალსაზრისით ორ ძირითად პარტნიორს შორის (რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები), ამ ეტაპზე, ერთგვარი ”სტატუს ქვოა” დამყარებული. თუმცა, ალასანიას უჩვეულო (ერთგვარად ნერვიული) და, შიგადაშიგ, უადგილო აქტიურობა მკარნახობს, რომ იგი გარკვეულ საფრთხეს გრძნობს და პრევენციულ ზომებს მიმართავს წონასწორობის შესანარჩუნებლად.

რამდენადაც ივანიშვილის პირადი გამონათქვამებითა და პრესაში გამოქვეყნებული მასალებით შეიძლება ვიმსჯელოთ, მილიარდერი განსაკუთრებული სიმპათიითა განწყობილი რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილის მიმართ (მართალია, ერთი წლის წინ ბ-ნი პაატა საჯაროდ ამტკიცებდა, ივანიშვილი სააკაშვილის კარტია და ოპოზიციის დასასუსტებლად სჭირდებაო, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა. პოლიტიკური ერთობის გაცხადების შემდეგ სიყმაწვილის შეცდომების გახსენების სურვილი არცერთ მხარეს აღარ გააჩნია). ეს უკანასკნელი საკმაოდ ცნობილი ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში. მართალია, იგი არასოდეს ყოფილა ლიდერი, მაგრამ ყოველთვის ირიცხებოდაც რესპუბლიკელთა ელიტაში. სწორედ პაატა ზაქარეიშვილის სახელს უკავშირდება კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის გეგმა, რის თაობაზეც ბევრჯერ დაწერილა ქართულ პრესაში და რის გამოც მის ავტორს არაერთხელ მიაკერეს მოღალატის იარლიყი (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მეტნაკლებად დასაბუთებული კონცეფცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მხოლოდ ორ პიროვნებას აქვს მომზადებული, პაატა ზაქარეიშვილს და ნოდარ ნათაძეს).

ივანიშვილის მიერ ზაქარეიშვილისთვის გამოცხადებული ნდობა (თუ ეს ინფორმაცია სწორია) არაორაზროვნად გვიბიძგებს იქითკენ, რომ სწორედ ამ უკანასკნელის მიერ მომზადებული კონცეფცია შეიძლება დაედოს საფუძვლად მომავალი ხელისუფლების სტრატეგიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. ეს გარემოება კი სიფრთხილისკენ გვიბიძგებს და, ხამს, ვისაც რაიმე ესმის, დროულად გამოვიფხიკოთ ყურები.

სამწუხაროდ, ზაქარეიშვილის კონცეფციას ჯერ არ ვიცნობ. მის შესახებ წარმოდგენა მაქვს მედიაში თვითონ ავტორისა და მისი ოპონენტების მიერ გაკეთებული კომენტარებით. ასეთ პირობებში, ცხადია, ვერც მხარდაჭერას გამოვუცხადებ და და ვერც ქვეყნის მტრის თიკუნს მივატყეპებ, მაგრამ სიფრთხილისკენ კი ნამდვილად მოვუწოდებ.

როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში დასაკონკრეტებელია ოპონენტის სტატუსი, ვისთანაც მოლაპარაკების მაგიდას უნდა მივუჯდეთ სადაო საკითხების გადასაწყვეტად. მართლაცდა, ვინაა და რას წარმოადგენს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობა? შეგვიძლია, ჩავთვალოთ ისინი კონფლიქტის/მოლაპარაკების მხარეებად, თუ ასეთი მხოლოდ რუსეთია და, შესაბამისად, დიალოგიც მასთან უნდა ვაწარმოოთ? ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზები და ოსები საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მხარეებად უნდა აღიაროს და მხოლოდ ეს შექმნის თანასწორ სასტარტო პოზიციას ნაყოფიერი მოლაპარაკების დასაწყებად.

ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაჭრა ნამდვილად მოითხოვს თამამ, გაბედულ და არაორდინარულ მიდგომას. განვლილმა ოცწლეულმა უკვე აჩვენა, რომ ურაპატრიოტული ლოზუნგი - ”არავითარი აფხაზური და ოსური მხარეები, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და უპირობოდ უნდა დაგვიბრუნდეს”- ჩიხისკენ მიმავალი გზაა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს. ეს ყველას გვესმის, მაგრამ ოპონენტებისთვის თანასწორუფლებიანი, ოფიციალური სტატუსის მინიჭება არაერთ რისკ–ფაქტორს შეიცავს და ამაზეც ღირს დაფიქრება. წვრილმან დეტალებამდეა გასათვლელი ყველა სამართლებრივი ნიუანსი, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ამ აღიარებას. ხომ არ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ჩვენი ჟესტი, როგორც მომხდართან შეგუება და დე ფაქტო არსებული ქვეყნების სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ცნობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი? სხვას რომ თავი დავანებოთ, იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, რა სტატუსით მოაწერენ ხელს აფხაზური და ოსური მხარის წარმომადგენლები მოლაპარაკებათა პროცესში შემუშავებულ ოფიციალურ დოკუმენტებს? ერთ მხარეს საქართველოს პრეზიდენტი (იმედია, არა სააკაშვილი), ხოლო მეორე მხარეს - აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი/სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (ესა და ეს)?

ბავშვი ჯერ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო, ისე გამომდის. ჯერჯერობით, ხელისუფლებაში ისევ საკაშვილის გუნდია და პირველი რიგის ამოცანას სწორედ მისი გასტუმრება წარმოადგენს, მაგრამ ეს რიგითობა თავიდან ვერ ააცილებს ივანიშვილს წინასაარჩევნო პროგრამაში სეპარატულ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგიის დაფიქსირებას. ეს კი გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. სახელისუფლებო პროპაგანდას შეუძლია მოხერხებულად გამოიყენოს აფხაზებისა და ოსების მოლაპარაკების მხარედ აღიარების იდეა და დემაგოგიური გნიასი ატეხოს სოროსისტების მიერ საქართველოს ცალკეულ ნაწილებად დაშლის მცდელობაზე. ზაქარეიშვილი ამ დროს არავის გაახსენდება, ამომრჩევლების რისხვა კი ივანიშვილს დაატყდება თავს...

მეხიც ხომ ყველაზე მაღალ მუხას ეცემა პირველად?!

+ + + 

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ვიზუალურად საგრძნობ მინუსს დღეისათვის ერთპოლუსიანობისკენ მკაფიოდ გამოკვეთილი მისწრაფება წარმოადგენს. ვერბალურად რუსეთოფობ და ამერიკანოფილ ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი უკრიტიკოდ და უალტერნატივოდ იზიარებს ევროატლანტიკურ ორიენტაციას (ხელისუფლებასთან ჩახუტებული ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატები, ედპ, პადოშ-დემოკრატები და დავითაიას ოჯახის წევრები, რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები... სხვებიც) და პრაქტიკულად არაფერი კეთდება ალტერნატიული პოლუსის შესაქმნელად, რომელსაც, პირობითად, რუსული ვექტორი შეიძლება ვუწოდოთ სახელად. ის, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება, სერიოზულ შეფასებას არც იმსახურებს. ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები ვერა და ვერ გასცდნენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ზოგად რიტორიკას.ზოგიერთი მათგანი (ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ძიძიგური, კუკავა, დავითაშვილი) პირადადაც ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, მათ შორის პუტინსაც, თუმცა ეს მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტია, რომელთა შეკრებით მთლიანი პანოს შეკვრა ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ რომ ქართველი პოლიტიკოსები ბოლომდე თანმიმდევრული არ არიან საკუთარ გეგმებსა და განაზრახში. მათ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაც სურთ და არც პროდასავლურობის მოდური პიჯაკი ეთმობათ. 

არცერთი მათგანი არაა მზად, პრინციპულად დასვას საკითხი და საზოგადოებას შესთავაზოს დისკუსია სტრატეგიული ორიენტაციის თაობაზე - მომგებიანია თუ არა ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის სწრაფვა ნატოსკენ? რა მოგვიტანა ამ კურსის მიმდევრობამ (რას გვიქადის იგი ირან-ამერიკის მოსალოდნელი ომის შემთხვევაში) და ხომ არ დადგა დრო, გადავსინჯოთ საგარეო პოლიტიკური ორიენტირები? პრობლემის ამ კუთხით დასმა ჩვენში, ლამის, სამება-ერთარსების სახარებისეული დოგმატის რევიზიად აღიქმება. ერთადერთი, ვინც გაბედა და არა მხოლოდ წამოჭრა საკითხი, არამედ პრინციპულად განსხვავებული კონცეპტუალური ხედვაც შემოგვთავაზა, კახა კუკავაა, თუმცა პოლიტიკური გაბარიტებიდან გამომდინარე, მას აშკარად არ ხელეწიფება ალტერნატიული პოლუსის ლიდერობა.

ბლოგტექსტის მიზანდასახულობიდან გამომდინარე, აქ საჭიროდ არ ვთვლი, დაწვრილებით განვმარტო ცნება - „რუსული ვექტორი“ (ამას სხვა დროს შემოგთავაზებთ). შესაძლოა, რომელიმე თავჩაკირულმა რეპტილიამ ამ თემაზე საუბარი საბჭოთა წიაღში დაბრუნებისა და პუტინის ქოშის ჭვინტზე ამბორის სურვილად ჩამომართვას. პრობლემას ვერ ვხედავ. ტვინდასეტყვილთა და ინტელექტამოხაპულთა სამკურნალო პრეპარატი ჯერ არ მიუკვლევია მედიცინას და, ვეჭვობ, ოდესმე მიაკვლიოს. ეს არა მხოლოდ ინტერნაციონალური, გალაქტიკათაშორისი სენიცაა და მანამდე იარსებებს, სანამ იარსებებს მზის სისტემა. მე მხოლოდ იმათთვის ვწერ, ვისაც ესმის, რომ, სულ მცირე, უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაოდენ სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, მთლიანად რუსეთის ”კეთილ” ნებაზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტირებიც (მისი ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიმართულება მაინც) ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა იქნას შემუშავებული.

მიუღებელ ხელისუფლებასთან ერთად სწორედ რუსულ ვექტორზე ორიენტირებული სერიოზული პოლიტიკური ცენტრის არარსებობაა საქართველოს მიმართ კრემლის მესვეურთა მომლოდინე დამოკიდებულების მიზეზი. ივანიშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, ეკისრა ასეთი პოლუსის ჩამოყალიბების მისია. ეს მისთვის ბევრად უფრო ბუნებრივი მდგომარეობა იქნებოდა, ვიდრე მანამდე სრულიად უცნობი დასავლური კავშირების ძიება. შემიძლია წარმოვიდგინო, რატომ არ გადადგა მილიარდერმა ასეთი ნაბიჯი. რუსული კარტის ღიად გათამაშების შემთხვევაში იგი ერთდროულად გახდებოდა არა მხოლოდ ხელისუფლებისა და მისი სატელიტების, არამედ ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილის (პირველ რიგში, ახლანდელი პარტნიორების) სამიზნე. აი, მაშინ უნდა გენახათ ხმაშეწყობილი კაკაფონია პუტინის ემისრისა და კრემლის წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერის შესახებ. ასეთი ნაბიჯს ივანიშვილი, ბუნებრივია, ვერ გადადგამდა და საკუთარ თავს არ დააყენებდა გამანადგურებელი დარტყმის ქვეშ. მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გაცილებით მომგებიანია, რადგან წარმოადგენს ხელისუფლების ალტერნატივად მიჩნეული პროდასავლური დასის საკვანძო ფიგურას, ამასთან, არაოფიციალურად ინარჩუნებს ყველა ძველ რესურსს რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის საკითხში.

+ + + 

სამწუხაროდ, ისევ და ისევ ”ქართული ოცნების” პოლიტიკური პროგრამის არარსებობის გამო, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, დეტალურად ვისაუბროთ ახალი ალიანსის პროდასავლური ორიენტაციის კონკრეტულ მახასიათებლებზე. მხოლოდ ევროატლანტიკური ვექტორის მიმდევრობაზე ზოგადი განცხადება საკმარისი არაა. ამას სააკაშვილიც მშვენივრად ახერხებს. წესით, ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა უნდა განმარტონ, რაში ემთხვევა მათი პოზიცია სახელისუფლებო ხედვას და რაშია ის პრინციპული განსხვავება, რის გამოც ისინი საკუთარ თავს ალტერნატივად გვთავაზობენ.

მოდით, ერთი შეხედვით გულუბრყვილო კითხვას დავსვამ - რატომ მაინცდამაინც პროდასავლური ორიენტაცია? რა გვინდა ოკეანის გადაღმა და ეშმაკებში, როდესაც აქვე, ყურის ძირში გვყავს ქრისტიანული რუსეთი? მერე რა, რომ ერთმანეთში წყენა გვაქვს? მეზობლები ხან ჩხუბობენ, ხან ურიგდებიან ერთმანეთს. რა გვჭირს საიმისო, რომ ”უფროს ძმასთან” საერთო ენა ვერ გამოვნახოთ? მით უმეტეს, ყველანი ვაღიარებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის გასაღები კრემლის ერთი კაბინეტის მაგიდის უჯრაში მდებარე წითელ ზარდახშაში განისვენებს.

ვიმედოვნებ, მიმიხვდით, რომ ეს მაპროვოცირებელი შეკითხვა ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზული ტონითაა დასმული. მოდით, წუთით დავუშვათ, რომ ჩვენ არც პროდასავლეთელები ვართ და არც პრორუსულები, ამ ეტაპზე საერთოდ არ გვაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი კურსი და ვცდილობთ ორიენტირებას აბსოლუტურად უცნობ გარემოში...

აქ, უპრიანია, დროებით გადავუხვიო მსჯელობას, რადგან უკვე ვგრძნობ ურაპატრიოტული რისხვით ანთებულ მზერას და მესმის აღშფოთებული შეძახილები - კი მაგრამ, რატომ უნდა ვიყოთ პროამერიკელები, ან პრორუსები, პროირანელები ან პროთურქები? ჩვენ ქართველები ვართ და დავრჩეთ ქართველებად!

ქართველი ერის სტრატეგიული ორიენტაციის ამგვარ ფორმულირებას ხშირად ვხვდებით ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებასა და მედიაში. როგორც წესი, ასეთ თეზისს ყველაზე ხშირად წესიერი, ქვეყნის მოყვარული, მაგრამ პოლიტიკურად არც მთლად შორსმჭვრეტელი ადამიანები აყალიბებენ. 

კეთილი და პატიოსანი. ვის შეიძლება ჰქონდეს რაიმე პროქართულობის, ანუ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში წმინდა ეროვნული ფასეულობების დამკვიდრების საწინააღმდეგო? არც არავის! მაგრამ იგივე პატრიოტ ქართველებს მინდა შევახსენო არაჩვეულებრივი სადღეგრძელო უკვდავი რუსული კინოკომედიიდან- ”კავკაზსკაია პლენნიცა”- ტაკ ვიპიმ ზა ტო, ჩტობი ნაში ჟელანია ვსეგდა სოვპადალის ს ნაშიმი ვოზმოჟნოსტიამი”.

სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას ეროვნულ დონეზე, მით უკეთესი ქვეყნისთვის. სართოდაც, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი პირობითი ცნებაა და მის არქონაში ვერაფერს ვხედავ შეურაცხმყოფელს. ფილოსოფიური გაგებით თავისუფალი კატეგორია პოლიტიკასა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არც არსებობს (ენვერ ხოჯას ალბანეთი და კიმ ჩენ ირის ჩრდილოეთი კორეა სათვალავში ჩასაგდები არაა). არა თუ ხუთმილიონიანი (?) საქართველო, სხვა ხალხები და ქვეყნები, 50 და 100-მილიონიანი მოსახლეობით, იძულებული არიან, ანგარიში გაუწიონ კონიუნქტურას და ამის მიხედვით განსაზღვრონ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა. მეტიც, ამ თვალსაზრისით არც სუპერსახელმწიფოები არიან აბსოლუტურად თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ისინი სულ უფრო ხშირად უწევენ ანგარიშს ფოკუს-რეგიონში არსებულ რეალობას და ლავირებენ კონკრეტულ სიტუაციაში წარმოქმნილი ინტერესების ფარგლებში.

ზემოთქმულის დასადასტურებლად უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება, თუნდაც – ბოლო ნახევარი საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიიდან, მაგრამ, ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გადატვირთავს ისედაც გაჭიანურებულ ბლოგტექსტს.

მოკლედ, თუ აზრი სწორად ჩამოვაყალიბე, იმის თქმა მინდა, რომ დღეს პროქართული პოლიტიკა იმაში ზუსტად და დროულად გარკვევაა, რა პლუსები და მინუსები გააჩნია ჩრდილოურ და დასავლურ ვექტორებს. მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელი ტენდენციების სკრუპულოზური ანალიზი დაგვეხმარება სწორ ორიენტირებასა და ისეთი კურსის შერჩევაში, რომელიც მაქსიმალურად (და არა აბსოლუტურად. ამაზე ფიქრი ქიმერაა) შეესატყვისება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს.

რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ საქართველოში?

ერთი მხრივ, არსებობს ხელისუფლება, რომელიც სიტყვიერად აღიარებს მკაფიოდ გამოკვეთილ პროდასავლურ ორიენტაციას. ქართული პოლიტიკა პარადოქსების ბოსტანია, რომელშიც ამა თუ იმ მწვანილეულს მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება ვუწოდოთ ტრადიციული სახელი. ქინძს ოხრახუშის სურნელი აქვს, ნიახურს - რეჰანისა და საშკვლავს - ყვითელი ყვავილის. ჟარგონულად, ჩვენში მოსული ამბავია, თან პროდასავლურობას მიაწვე, თან ეკონომიკაში რუსული კაპიტალი გააბატონო. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა. მთავარი ისაა, რომ სააკაშვილის რეჟიმის ევროატლანტიკური ორიენტაცია წმინდა წყლის ხუშტურია. იგი არც მოსახლეობის შეგნებულ არჩევანს ემყარება, არც ობიექტური რეალობიდან გამომდინარეობს. ესაა თვითდინებაზე მიშვებული პოლიტიკური კურსი, რომელსაც არანაირი ლოგიკური ჩარჩო არ გააჩნია და, ამდენად, გასაოცარი სულაც არაა სააკაშვილისეული პროდასავლურობის თანმხლები უცნაური დანამატები, მაგალითად, ირანულ-ჩინურ-სინგაპურული მეტასტაზები.

ვარდების რევოლუციის მერვე წლის თავზე შექმნილი და იმთავითვე მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივად მიჩნეული ალიანსი მისი მთავარი წარმომადგენლის, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, როგორც ირკვევა, არ ფიქრობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გადასინჯვას. აქედან, სულ მცირე, იმ დასკვნის გამოტანა მაინც შეიძლება, რომ ხელისუფლების ალტერნატივა, იმავე ხელისუფლების მსგავსად, საჭიროდ არ თვლის, საკუთარ ხალხს დაეკითხოს- უნდა თუ არა მას განუსჯელ-შეუსწავლელად თავს მოხვეული დასავლური ორიენტაცია.

ზედმეტად გულუბრყვილო რომ ვიყო, ვიკითხავდი: მაშინ რა ხდება, ხალხო, რა იცვლება – მხოლოდ პერსონალია?

მაგრამ, არც მაინცდამაინც გულუბრყვილო ვარ და ისიც კარგად მახსოვს, რაც ზემოთ დავწერე ქართველი ხალხის, როგორც არადამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის შესახებ.

იდეალურთან მიახლოებულ სიტუაციაში, ივანიშვილს, წესით, არ უნდა ეჩქარა განცხადების გაკეთება ევროატლანტიკური ორიენტაციის შესახებ. ჯერ ერთი, აღნიშნული იდეა არც მაინცდამაინც პოპულარულია მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში; მეორეც - ეს შიშველი ილუსტრაციაა ფორმულისა - მე მხოლოდ გთავაზობთ და თქვენი აზრი არ მაინტერესებს; მესამე - ნაადრევი დეკლარაციით მილიარდერმა წინასწარ შეიზღუდა სამომავლო პოლიტიკური არსენალი დასავლური სამყაროს მიერ შემოთავაზებული თამაშის წესებით (ფაქტობრივად- გამოცხადებული ორიენტირის ტყვეობაში მოექცა). სიტუაცია, როდესაც იძულებული ხარ, ფაქტებიდან კი არ გამოიტანო დასკვნა, არამედ სწორედ ფაქტები მიუსადაგო წინასწარ გამოტანილ დასკვნას, ეწინააღმდეგება ელემენტურ ლოგიკას. ამას, რომელიღაც ეტაპზე, უეჭველად მოჰყვება ჩიხი.

პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ხელისუფლების შეცვლით არაფერი იცვლება (ამ ნაწილში, რასაკვირველია. სხვა მიმართულებებზე ახლა არ ვსაუბრობ)- სინამდვილეში საქმე გვაქვს არა ქვეყნისა და მისი მომავლის განმსაზღვრელი ხალხის (დემოკრატია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს...), არამედ ამ ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ორიენტაციასთან. განსხვავება მხოლოდ მოტივაციაშია. სააკაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს არაადექვატური ადამიანის ხუშტურთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ცხოველური სურვილითაა ნაკარნახევი. ივანიშვილი+კომპანია იმავე გზით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას, რადგან თვლის, რომ ევროატლანტიზმი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე ევრაზიანიზმი და მისი თანადგომის შემთხვევაში წარმატების შანსი უფრო მეტია.

კი, მაგრამ, ჩვენ ვინმე გვეკითხება რამეს?

ზოგიერთების მხრივ – ხელისუფლების შენარჩუნების, ზოგიერთების მხრივ კი – მისი მოპოვებისთვის ატეხილ ორომტრიალში ვინმეს ახსოვს კი, რომ არსებობს ცნება - გეოპოლიტიკური მუდმივა? ნებისმიერი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ხომ ამ მუდმივამ უნდა განსაზღვროს და იგი წარამარა არ უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახირებებს.

საქართველოს შემთხვევაში გეოპოლიტიკური მუდმივა ის მოცემულობაა, რომელშიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ქვეყანა, რომელიც ახლაც გვაკრავს ირგვლივ და რომლის თვალსაჩინო ცვლილებების შანსი უახლოეს მომავალში მინიმალურია (ეს ცალკე საუბრის თემაა, რომელის უფრო მეტ ცოდნასა და კვალიფიკაციას მოითხოვს, ვიდრე თქვენ მონა-მორჩილს გააჩნია).

ზემოთ განვითარებული მსჯელობა აუცილებლად მოითხოვს პასუხს კითხვაზე - საქართველოს მოსახლეობამ ბრმად უნდა მიიღოს მოქმედი თუ პოტენციური პოლიტიკური ელიტების მიერ შემოთავაზებული კურსი თუ, ბოლოს და ბოლოს, ჩიტი ბდღვნად ღირს და დროა, მასაც დავეკითხოთ, რომელ მიმართულებას უჭერს მხარს?

ჩემი აზრი გაინტერესებთ?

კი ბატონო, გიპასუხებთ, მაგრამ მანამდე რკინის ჩაფხუტს დავიხურავ თავზე, ტანზე უახლესი მოდიფიკაციის ჯავშანჟილეტს ჩავიცვამ და კარგად შევიფუთნები. ეშმაკს არ ძინავს. შეიძლება ჩემმა პასუხმა ბევრი წესიერი და პატრიოტულად განწყობილი მოქალაქე გააღიზიანოს.

- მე, საქართველოს მოქალაქე იერემია... შობითგან 50 წლის, ცოლშვილი(შვილი)ანი, ეგერ-აგერ ნაკითხი დიპლომირებული ისტორიკოსი, საღ ჭკუაზე მყოფი, ვაცხადებ, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკური ორიენტირის განსაზღვრა მოსახლეობის ნების საფუძველზე...

ენის წვერზე რამდენიმე სიტყვა მიტრიალებს: წარმოუდგენელია... დაუშვებელია... სისულელეა... დამღუპველია... საშიშია...

მოდი, ამ უკანასკნელზე შევჩერდები - ნაკლებად კატეგორიული ჟღერადობა აქვს და უფრო ნეიტრალურიცაა.

დიახ, საშიშია, იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია შეგნებული არჩევანის გასაკეთებლად აუცილებელი მინიმალური ცოდნა.

მათ არ იციან, რა არის ევროატლანტიზმი, ევროკავშირი, ნატო, გლობალიზაცია და რეგიონალიზმი...

არც ევრაზიანიზმი იციან და არც ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკური განაზრახები.

ახალგაზრდა თაობის დიდ უმეტესობას ეს პრობლემა ნაკლებად აღელვებს.

ვისაც აღელვებს (ძირითადად - საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს), მათი დიდი ნაწილისთვის რუსული ორიენტაცია მანეთიან შაქართან, თბილისი მოსკოვის ავიარეისზე 37-მანეთიან ბილეთთან და ჩრდილოეთიდან საგასტროლოდ ჩამოსულ ქერათმიან მანდილოსნებთან ასოცირდება.

ნატო? ძალიან ბევრს ნატო მართლა ვენახზე გადაფარებული ბრეზენტი ჰგონია, ან ჭიშკართან დაბმული ქოფაკი, რომლის შიშით ეზოში ვერავინ შემოეხეტება.

წინამდებარე ბლოგტექსტის პირველ ნაკვეთში უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორჯერ, 1918 და 1991 წლებში გვქონდა პრეცედენტები, როდესაც სტრატეგიული კურსი ეროვნულ დონეზე გაკეთებული არჩევანით განისაზღვრა. იმის მიუხედავად, რომ უდიდეს პატივს ვცემ მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეს ხელს არ მიშლის, დავინახო: როგორც – ერთ, ისე – მეორე შემთხვევაში არჩევანი საკითხის ბოლომდე გააზრების, რაციონალური განსჯისა და დეტალური აწონ-დაწონვის შემდეგ არ ყოფილა გაკეთებული.

შედეგი? შედეგი სახეზეა, ანუ – ავლაბარში.

მესამე არჩევანი, თუ იგი მცდარი აღმოჩნდა, შესაძლოა უკანასკნელიც აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ამდენად - შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

ნურავინ ჩამომართმევს ამ განცხადებას მთელი ერისთვის მიყენებულ შეურაცხყოფად. ასეთი განზრახვა ნამდვილად არ მამოძრავებს. რაც ზემოთ ვთქვი, ვთქვი მომენტის თავისებურებიდან გამომდინარე და, ცხადია, მხედველობაში არ მქონია საკითხის პრინციპული ასპექტი. გონიერი მწვრთნელი ტრავმირებულ ფეხბურთელს დაასვენებს და მოუშუშებლად არ შეიყვანს მოედანზე, სადაც მან შეიძლება უარესი ტრავმა მიიღოს და საერთოდაც გამოვიდეს მწყობრიდან. ასე რომ, ორიენტაციაზე ფიქრი უკეთესი დროისთვის გადავდოთ, როდესაც ამ საკითხის გადასაჭრელად მომზადებული ვიქნებით (ჩვენი შვილების თაობა იქნება). მანამდე სხვა, გაცილებით მწვავე პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, რომელიც დაყოვნებას არანაირად არ ექვემდებარება.

ამაზე დასკვნით, მეოთხე ნაკვეთში ვისაუბროთ.

+ + + 

განცხადების გაკეთებიდან ასი დღის განმავლობაში ივანიშვილმა ჯერ კიდევ ვერ გამოკვეთა პოზიცია სახალხო კრებასთან მიმართებით, თუმცა, ჩანს, რომ აშკარად აქვს ამის სურვილი. ვფიქრობ, აქ მსოფლმხედველობრივი განსხვავება მხოლოდ შირმაა. ის, რომ ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებაზე ქუჩიდან ზეწოლის მომხრეა, არ შეიძლება, წარმოადგენდეს გადაულახავ ბარიერს. მაშინ რა ვუყოთ ძიძიგურ-დავითაშვილთან შეყონაღების ფაქტს? ვინმეს შეუძლია დაასახელოს ბოლო ათწლეულის თუნდაც ერთი ხმაურიანი ქუჩის აქცია, რომელშიც ამ ტანდემს მონაწილეობა არ მიუღია (წინა ათწლეულზე არაფერს ვიტყვი, რადგან კონსერვატორების ლიდერი ამ ნომინაციაში მთელ საქართველოში ნამდვილად უკონკურენტო ფავორიტია), ან იქნებ რომელიმე მათგანმა გამოიცვალა მსოფლმხედველობა? ცხადია – არა. 

მეტსაც ვიტყვი. ამ ორიოდე წლის წინ სწორედ კობა დავითაშვილის ინიციატივით მოეწყო საპროტესტო აქცია დიღომში მდებარე შეერთებული შტატების საელჩოსთან, სადაც მკაცრად იქნა გაკრიტიკებული თეთრი სახლის ადმინისტრაციის ორმაგი პოლიტიკა და შემგუებლური დამოკიდებულება საქართველოში დემოკრატიის დაბალი ხარისხის მიმართ. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ელჩმა მაშინ საკმაოდ სუსხიანი კომენტარი გააკეთა. 

თუ ვინმე თვლის, რომ ამერიკელთა კეთილგანწყობისთვის დიდი ყურადღების მიმნიჭებელი რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები კომფორტულად გრძნობენ თავს დავითაშვილთან კომპანიაში, ძალიანაც შეცდება, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ფაქტია, რომ ამგვარი ერთობა უკვე შედგა. მაშინ რა უშლის ხელს ასეთივე ტიპის ურთიერთობას სახალხო კრებასთან? პასუხი მარტივია - ლიდერთა პიროვნული შეუთავსებლობა. ეს განსაკუთრებით ალასანია-ბურჯანაძის შესახებ ითქმის, რომლებმაც ბოლო ხანებში რამდენიმე ”თბილი” რეპლიკა უსახსოვრეს ოპონენტს. რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ლიდერები პერსონალურ მოწინააღმდეგეებად აღიქვამენ ერთმანეთს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის პოზიციათა დაახლოებას. 

ამ პრობლემამ უკვე შეუქმნა დამატებითი თავსატეხი ივანიშვილს. სხვათა შორის, ეს კარგად აისახა არა მარტო მის სიტყვებში საფრანგეთის საელჩოსთან (”ქართული ოცნების” ლიდერი იქ პასპორტის ჩასაბარებლად იყო მისული და სწორედ იმ მომენტში დაუსვა შეკითხვა ჟურნალისტმა ბურჯანაძესთან დაკავშირებით), არამედ გამომეტყველებაზეც. პასუხად ივანიშვილმა მოკლედ ისაუბრა სახალხო კრებასთან პოზიციათა შეუთავსებლობაზე, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ეს იყო მხოლოდ საფასადო განცხადება. რა ხდება ინტერიერში, ეს მხოლოდ მილიარდერმა იცის.

დრო არ ითმენს. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც ცხრა თვეა დარჩენილი. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა პოლიტიკური რესურსის მობილიზება და ერთ კალაპოტში წარმართვა. მერკანტილური და პირად წყენაზე დამყარებული ბუტიაობის გამო ამის გაკეთება ვერ ხერხდება და გამაერთიანებელი ფაქტორის არსებობის მიუხედავად, წამყვანი პოლიტიკური ძალები გედის, კიბორჩხალასა და ქარიყლაპიას მსგავსად კვლავ სხვადასხვა მიმართულებით ექაჩებიან ფორანს.

აბსოლუტურად განსხვავებული სურათია სახელისუფლებო ფლანგზე. საშიში მოწინააღმდეგის გამოჩენამ პოზიტიურად იმოქმედა პოსტსააკაშვილურ ეპოქაში პირველობაზე მეოცნებე გავლენიან კლანებზე, რომლებიც უკვე მზად იყვნენ ერთმანეთთან დასატაკებლად. დღეს მეფის კარზე ტოტალური მობილიზაციაა გამოცხადებული. კბილებაკაწკაწებულ აფთრებს ესმით, რომ ლომის განადგურებამდე ნადავლის დათრევაზე ფიქრი ზედმეტია. ამიტომ, დროებით, გვერდზე გადადეს პირადი ამბიციები და გამალებით ემზადებიან გენერალური ბრძოლისათვის.

სამწუხაროს, ოპოზიციაში ჯერ არავის გახსენებია ლათინური ანდაზის სიბრძნე- “Fas est et ab hoste doceri”.

(მესამე ნაწილის დასასრული)