ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (პირველი ნაწილი)

ასი დღე, რომელმაც შეძრა საქართველო (პირველი ნაწილი)

(ცოტა ანალიზი, მეტი ემოცია და უფრო მეტი პათეტიკა, ანუ ხმამაღალი ფიქრები თემაზე - ”ეს რა ჭირი გვჭირს, ტო?!”)

საქვეყნოდ ცნობილ შვედ მწერალს ასტრიდ ლინდგრენს აქვს არაჩვეულებრივი საბავშვო თხზულება ”ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი”. ამ ლიტერატურული შედევრის ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია მოხუცი ქალბატონი კრიუსე-მაია, რომელიც დროდადრო საოჯახო საქმეებში ეხმარება სვენსონების ოჯახს.

მოთხრობაში არის ასეთი სცენა: ემილის მშობლები ბავშვებთან, მოახლესთან და მოჯამაგირესთან ერთად 31 ოქტომბერს ვიმერბიუს ტრადიციულ ბაზრობაზე მიემგზავრებიან, მათ კრიუსე-მაიასაც შესთავაზეს წასვლა, მაგრამ მოხუცმა ქალბატონმა, რომ იტყვიან, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: ”ჯერ ჭკუაზე არ შევშლილვარ. ამბობენ, დღეს დედამიწაზე უზარმაზარი კომეტა ჩამოვარდებაო. მე კიდევ სიკვდილი შინ, ლიონებერგაში მინდა და არა სადღაც ეშმაკებში”.

ერთი შეხედვით, კრიუსე-მაიას არ გაემტყუნება. თუ აპოკალიპსი გარდაუვალია, სიკვდილი ისევ საკუთარ ჭერქვეშ ჯობია, შეჩვეულ გარემოში.

ხომ მეთანხმებით?

აპოკალიპსის მოლოდინი დღესაც არსებობს. მაიას (ოღონდ, არა კრიუსეს) ტომების სკანდალურად ცნობილი კალენდრის მიხედვით 2012 წელი უკანასკნელია კაცობრიობის ისტორიაში და არავინ იცის, რომელი ზეციური ინსტანციის ვერდიქტით, სულ მალე პირისაგან მიწისა უნდა აღიგავოს ღვთის მიერ ხატად თვისად შექმნილი ადამიანის ცოდვებისგან დამძიმებული პლანეტა.

რა ვქნათ ქართველებმა? კრიუსე-მაიას მსგავსად სახლში ჩავიკეტოთ და უდრტვინველად დაველოდოთ დედამიწაზე კომეტის ჩამოვარდნას, თუ ბოლო-ბოლო გავრისკოთ და მაინც წავიდეთ ვიმერბიუს ტრადიციულ ბაზრობაზე?

ეს კითხვა, გნებავთ - ხუმრობაში ჩამომართვით, გნებავთ - სერიოზულად მიიღეთ. მე, პირადად, იგი ფრიად აქტუალურად მესახება, რადგან კიდევ ერთხელ სვამს დღის წესრიგში ჯერ კიდევ წარღვნამდელ ეპოქაში ჩასახულ და დღემდე პასუხგაუცემელ დილემას - ”რა ვაკეთოთ”.

ქართველი ერის ისტორიაში ეს კითხვა არაერთხელ დასმულა საბედისწერო რაკურსით. მას ბევრჯერ გაეცა პასუხი ლოკალური თუ გლობალური პერსპექტივის გათვალისწინებით. არ შევუდგები იმის განსჯას, რამდენად მართებული იყო სხვადასხვა ეპოქაში მიღებული გადაწყვეტილებანი (ნამდვილად არ მინდა, სულ მცირე, ღიმილის მიომგვრელ სიტუაციაში ჩავიყენო თავი), მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ითქვას - არჩევანი არასოდეს გაკეთებულა პრობლემის საყოველთაო, ეროვნულ დონეზე განსჯისა და ანალიზის შემდეგ.

კითხვაზე - ”რა ვაკეთოთ” - პასუხს იძლეოდნენ და, შესაბამისად, სამოქმედო სტრატეგიას სახავდნენ მავანი მამასახლისები, სკეპტუხები, ერისმთავრები, მეფეები, მთავრობის თავმჯდომარეები, ცეკას მდივნები და პრეზიდენტები, მაგრამ არა მისი უდიდებულესობა ხალხი.

ვინმემ საქმეში ჩაუხედაობა, ან ტენდენციურობა რომ არ დამწამოს, აქვე დავძენ - ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ორჯერ იყო პრეცედენტი, როცა სტრატეგიული ვექტორი პრაქტიკულად ეროვნულ დონეზე გაკეთებული არჩევანით განისაზღვრა, 1918 და 1991 წლებში, მაგრამ ეს მაინც არ იყო ცივ ი გონებით, ყველა პლუსისა და მინუსის გათვალისწინებით არჩეული კურსი.

პირველ შემთხვევაში ამას ხელი შეუშალა ლამის მთელ ერზე სახადივით მოდებულმა უცხო, გაუცნობიერებელმა და მავნე იდეოლოგიამ.

მეორე შემთხვევაში პრევალირებდა საყოველთაო ექსტაზი და ეიფორია - გულწრფელი, შიგნიდან წამოსული, მაგრამ მაინც სათანადოდ გაუაზრებელი და ემოციურ ფაქტორზე დამყარებული.

ერთი სიტყვით, ჩვენ, უმეტესწილად, ფუნდამენტის გარეშე, ჰაერში ამოგვყავდა კედლები, ან საძირკველს ვასხამდით და უკედელსახურავოდ ვტოვებდით სახელმწიფოებრივ შენობას.

იქნებ, სახელმწიფოებრივი ისტორიის სტარტიდან 3000 წლის შემდეგ მაინც დადგა დრო, როცა უნდა დავფიქრდეთ განვლილ გზასა და დაშვებულ შეცდომებზე, ავწონ-დავწონოთ არგუმენტები და კონტრარგუმენტები, ერთი ღამე მაინც გავათევინოთ გულში ენის წვერზე მომდგარ დიახს ან არას და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება...

გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებელი იქნება მთელი ერი და არა მისი სახელით მოტლიკინე იქს ან იგრეკ დემაგოგი.

მაგრამ , სანამ იმას გავარკვევდეთ, რა გვინდა, მანამდე უნდა გვქონდეს უტყუარი დიაგნოზი- სად ვართ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რას ვაკეთებთ და რატომ? როგორია თანამედროვე სამყაროში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების განმსაზღვრელი ტენდენციები და რამდენად ხელგვეწიფება საკუთარი ადგილისა და როლის გააზრება არსებულ რეალობაში?

გიჟი არ ვარ, ყველა ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის პრეტენზია რომ მქონდეს. მე მხოლოდ ვცადე, უკანასკნელი ასი დღის მაგალითზე დამეხატა ჩვენი საზოგადოების განმაზოგადებელი სურათი. თუ იგი მეტისმეტად ნაცრისფერი გამოვიდა, ჩემს დალტონიზმს ნუ დააბრალებთ. უსახურ ყოველდღიურობაში შავმა და თეთრმა ტონებმა მთლიანად შთანქა ხალისიანი ფერები. მე კიდევ რეალისტობაზე ვდებ თავს და ფენტეზის ჟანრს მხოლოდ მხტვრულ შემოქმედებაში მივაგებ კუთვნილს.

+ + + 

ასი დღის წინანდელი საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც მეტაფორულად შეიძლება ვუწოდოთ ცვილის სახელმწიფო.

ეს იყო პოლიტიკური სუროგატი, რომელსაც ელდარ შენგელაიას ცნობილი კინოფილმის (”არაჩვეულებრივი გამოფენა”) უჩინარი პერსონაჟის, მიცვალებული სიდედრის მსგავსად, თითქოს ყველაფერი ”ადგილზე” ჰქონდა: ხელისუფლება - მისი შენარჩუნების რაგინდარა არსენალით (ჯარი, პოლიცია, სასამართლო, სიტუაციაზე მორგებული კანონები...); ოპოზიცია - ხელისუფლებაში მოსვლის ბუნდოვანი, მაგრამ უკვე დაკავებული ნიშის შენარჩუნების დაუოკებელი სურვილით; საგარეო მტრები და მოკეთეები (პირველთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, მეორე კი სწორედ ისეთი შემთხვევაა, როცა ”მოკეთე”, არა მხოლოდ რითმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასოცირდება სიტყვასთან - ”მოკეტე”); პირველი ღამის უფლების მსხვერპლი მეოთხე ხელისუფლება (ვისაც არ ეკუთვნის, საკუთარ თავზე ნუ მიიღებს და არც მე მექნება საქმე საბოდიშოდ); ენჯეოებად წოდებული ასო–ების მთელი არმია და ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული დავით ბაქრაძის ბავშვობისდროინდელი სურათივით პირდაფჩენილი ქართული საზოგადოება.

იყო მცირე იმედი და დიდი უიმედობა.

იყო ”ეგერ-აგერ” სიმართლე (იმერიზმებისთვის უკაცრავად) და ბლომად სიცრუე.

ხალხის მხრივ - არსებულით უკმაყოფილება და ამ არსებულის (სხვისი ხელებით) შეცვლის სურვილი.

ხელისუფლების მხრივ - მიღწეულით კმაყოფილება და ჰედონისტურ ნირვანაში განცხრომის ცხოველური ჟინი.

ერთი წინადადებით, იყო ყველაფერი, უძრავად სტაბილური ყველაფერი.

ორი სიტყვით - იყო ყველაფერი და... არაფერი.

ამ საყდრულ მდუმარებაში სახანძრო მანქანის სირენასავით გაისმა საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებითა და, ასევე, უპრეცედენტო თვითიზოლაციონიზმით გამორჩეული მილიარდერის აწ უკვე ისტორიული განცხადება:

”სამშობლო მეკარგება... მე მოვდივარ პოლიტიკაში!”

ამ განცხადებამ შეძრა და შეცვალა მთელი საქართველო.

+ + + 

ამ სიტყვების წარმოთქმიდან ასი დღე გავიდა.

ასი დღე არც ბევრია და არც ცოტა.

გააჩნია, ვისთვის და რისთვის?

ხოხვისთვის დაბადებული, ლოკოკინას ფსიქოლოგიის მქონე ობივატელითვის ას დღესა და ას წელს შორის არავითარი სხვაობა არ არსებობს.

გამორჩეულმა ასმა დღემ შეიძლება საუკუნის საკმარისი ვნება და ენერგია დაიტიოს, ან ამოაფრქვიოს.

მსოფლიო ისტორიიდან შეიძლება გავიხსენოთ ნაპოლეონის ასი დღე- დაბრუნება და წასვლა...

ჩვენს უახლეს ისტორიაში უკვე ვიხილეთ გამსახურდიას ასი დღე - დაბრუნება და დარჩენა...

ჩვენ ახლაც ეროვნული ისტორიის უაღრესად საინტერესო და სახიფათო ვირაჟზე ვიმყოფებით, რომელმაც დიდი ხნით უნდა განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი - როგორი იქნება იგი, ან, საერთოდ, გვექნება თუ არა სახელმწიფო.

გაივლის დრო და ჟამი, დაფარული გაცხადდება, არქივები გაიხსნება, უთქმელი ითქმება, დაუწერელი დაიწერება... მომავალ თაობათა ისტორიკოსები მშვიდად, გულდასმით ჩაუჯდებიან ამ დღეთა შესწავლას, მაგრამ თანამედროვენი ასეთ სიამოვნებას მოკლებული ვართ. ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა დისტანციიდან ვუყუროთ პროცესებს. იმას, რაც ჩვენს თვალწინ ხდება, ცხელ კვალზე ესაჭიროება არა მხოლოდ შეფასება და გაანალიზება, არამედ დასკვნების გამოტანაც. ცხადია, ეს არაა მარტივი საქმე. უდისტანციო შეფასება ბევრად უფრო მოწყვლადია სუბიექტივიზმისა და ტენდენციურობის წინაშე. ამ დროს გაცილებით დიდია საბედისწერო შეცდომის დაშვების რისკი, მაგრამ, ნათქვამია, მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტიაო და ჩვენც შეგვიძლია ანდაზის სიბრძნე დავისახოთ სახელმძღვანელო ორიენტირად.

ამ გადასახედიდან, უკანასკნელი ასი დღე მართლა წარმოადგენს ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო მონაკვეთს და ხამს, მთლიანობაში გადავავლოთ თვალი ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს...

+ + + 

ბიძინა ივანიშვილის გააქტიურების პირველივე დღეებში დაიწყო მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რამ მისცა ამგვარი იმპულსი მილიარდების მქონე ბიზნესმენს, რომელსაც ხელისგულზე უდევს მეორე მილიარდერის მიერ გაცხადებული დიდ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი და მისი ტრაგიკული აღსასრული.

ტრადიციულად ზარმაცი ქართული საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არც კი მოისურვა, გაეანალიზებინა ქვეყანაში არსებული ვითარება და მასზე ზეგავლენის მომხდენი საგარეო ფაქტორები. რას იზამ, პირველი შემთხვევა არაა, როცა მამა–მარჩენალისა და მესიის მომლოდინე მასა ბოჩოლას აღტაცებით ეგებება ახალ ლიდერს. მსგავსი მისტერიები ვიცით ისტორიიდან, გვინახავს უახლეს წარსულში და, ვაგლახ, ვატყობ, არაერთხელ ვიხილავთ მომავალშიც.

ყველაზე მეტად საზოგადოებრივ აზრს აინტერესებს პასუხი კითხვაზე - ვისი მხარდაჭერის იმედით შეუდგა მძიმე აღმართს ივანიშვილი? ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება ქართული პოლიტიკური სპექტრის ამა თუ იმ სუბიექტთან? რას ფიქრობენ მის შესახებ ”იქ”, სადაც ხალხების დაუკითხავად ხშირად გადაუწყვეტიათ მათი ბედი? 

რამდენად ინფორმირებულია აღნიშნულის თაობაზე ქართული საზოგადოება? 

თუ არ ვცდები, მსგავსი შეკითხვით ივანიშვილისთვის არცერთ ჟურნალისტს არ მიუმართავს. კიდეც რომ მიემართათ, ვეჭვობ, ბოლომდე გახსნილი პასუხი მიეღოთ. როგორც წესი, პოლიტიკოსები (ან პოლიტიკაში ყოფნაზე ამბიციის მქონე პერსონები) საკუთარი გეგმების ჩრდილოვან ასპექტებზე ღიად არ საუბრობენ. შესაძლოა, ამის თაობაზე არსებობს კიდეც რაიმე ცნობა, მაგრამ ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის ჭრელ სპექტრში გამომრჩა. ერთადერთი, რაც მახსენდება, არის პრესაში გაკვრით გამოთქმული მოსაზრება (თუ ვარაუდი) - მილიარდერმა ასეთი ნაბიჯი პატრიარქთან დათათბირების შემდეგ, მისი რჩევით გადადგაო.

ივანიშვილის გამოჩენით აღფრთოვანებული ზარმაცი სოციუმი ამ საკითხზე მაინც ფიქრობს, თუნდაც იმის გამო, რომ ბუნებით ცნობისმოყვარეა და აინტერესებს, როგორ ხდება ამგვარი გარიგებანი დიდი პოლიტიკის სამყაროში. და რადგან რამდენიმე ფაქტორის გამო (ინფორმაციის არარსებობა, ანალიზის უნარის დეფიციტი, ტრადიციული გულარხეინობა - გავიხსენოთ მეფე ერეკლეს მისამართით ნათქვამი ქიზიყელი გლეხის სიტყვები: მეფეო, მე კი მეძინა, მაგრამ მეგონა, შენ ფხიზლობდიო) ვერაფერს ხვდება, ამიტომ თავს იმშვიდებს დაახლოებით ასეთი ტიპის ”არგუმენტებით”:

- კაცმა მილიარდები იშოვნა, ძმაო, მაგას როგორ ვერ მოტვინავდა?

- ეგენი რომ აწი მოიფიქრებენ, ბიძინას მოფიქრებულიც აქვს და გაკეთებულიც.

- ყველაფერს ხომ არ იტყვის. აცალეთ, იცის კაცმა თავისი საქმე.

თავს იმშვიდებს-თქო, აღვნიშნე, მაგრამ ამგვარი დამშვიდება ხშირად თავის მოტყუების ტოლფასია.

უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის მითიურ უცხოელ მხარდამჭერებზე მსჯელობა ეიფორიის პირველ დღეებში მართლა არ იყო მარტივი საქმე. დღეს სხვაგვარი სიტუაციაა. განვლილმა პერიოდმა ბევრი რამ აჩვენა და გამოააშკარავა. უკვე სახეზე გვაქვს თვითონ ”ქართული ოცნების” კონსტრუქტორის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შეგვიძლია გარკვეული მსჯელობა მათ ლოგიკურობა-თანმიმდევრულობაზე. ბევრი რამის მთქმელია სახელისუფლებო წრეების, ოპოზიციური და ოპოზიციურობაზე პრეტენზიის მქონე პარტიების საპასუხო რეაქცია, მართვად მედიასაშუალებათა პროპაგანდისტული რიტორიკის გრადაცია. დაკვირვებული ადამიანი საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენელთა გამონათქვამებზე დაყრდნობითაც გამოიტანს გარკვეულ დასკვნას.

+ + + 

ერთგვაროვანი შეფასება შეუძლებელია. დღევანდელი გადასახედიდან ნათლად ჩანს- ივანიშვილის დემარში თანაბრად შეიძლება შეფასდეს როგორც ემოციურ-იმპულსურ, ასევე გარკვეულ, რაციონალურ გათვლა-მოლოდინებზე დამყარებულ ნაბიჯად.

ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით, ამგვარი გადაწყვეტილება შეიძლება სპონტანურადაც იქნას მიღებული, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში განცდილ-დაგროვილის გააზრების შედეგია. ძნელი სათქმელია, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი - ხელისუფლების მგლურმა მადამ და ოქროს ვერძის ხშირად გაპარსვის სურვილმა თუ, სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის განცდამ. მე, პირადად, ორივე ელემენტს ვამჩნევ, თუმცა არ გამაჩნია შესაძლებლობა, აფთიაქის სასწორზე ავწონო ისინი და, შესაბამისად, რომელიმეს მივანიჭო პრიორიტეტი. ამას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რომელი ფაქტორიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ორივე სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური განცდის ნაყოფია და ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხისგან ყველა ვარიანტში პატივისცემის ღირსია. ამ ნაბიჯს შედეგად უკვე მოჰყვა შიშისა და უიმედობის დაძლევა, რუტინის რღვევის პირველი ნიშნები და წინააღმდეგობის მინავლებული ჟინის გაღვივება. ერთი სიტყვით, სიტუაცია აიჭრა და შანსი გამოჩნდა.

დღეს, მომხდარიდან რვა წლის შემდეგ, დეტალურადაა ცნობილი, სად, როდის და რომელ წრეებში ჩაისახა ”ვარდების რევოლუციის” იდეა, ვინ და რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინა რევოლუციურ ტრიუმვირატს მახლობელი თუ შორეული საზღვარგარეთიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, პასუხს მოითხოვს კითხვა - იყო თუ არა ივანიშვილის ნაბიჯი წინასწარ შეთანხმებული საერთაშორისო პოლიტიკის უმთავრეს აქტორებთან, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებთან (პლუს ევროპა) და რუსეთთან.

თუ საფრანგეთის მოქალაქეობას გამოვრიცხავთ, არაფერი მეტყველებს, რომ ქართველი მილიარდერის ბეგრაუნდი ოდესმე რაიმეთი იყო დაკავშირებული ატლანტისტურ სამყაროსთან. იგი არის პიროვნება, რომელმაც შეგნებული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა რუსეთში და ბოლო პერიოდამდე იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. რუსეთში გაიფურჩქნა მისი ბიზნესმენური ტალანტი, იქ დააგროვა სერიოზული კაპიტალი და სხვა მულტიმილიარდერების მსგავსად, აქტიურად მონაწილეობდა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ლოგიკურია, რომ ივანიშვილს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან არც რაიმე სახის კონტაქტი გააჩნდა. ამ თვალსაზრისით, იგი გამოუცდელი კაცია და არ ფლობს ევროამერიკულ დიპლომატიასთან სალაპარაკო ენას, არა და აღნიშნულ სამყაროსთან ურთიერთობისთვის ჰაერივით სჭირდება კვალიფიციური ”თარჯიმნები”. ასეთი სპეციალისტების ნაკლებობას ქართული პოლიტიკა ნამდვილად არ განიცდის (პირველ რიგში, რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების სახით). ამით აიხსნება ის გარემოება, რომ პირველივე დღეებში მან მკაფიოდ გააკეთა აქცენტი ამ ორ პოლიტიკურ ძალაზე, რითაც ძალიან გააოცა ბევრი ვინმე (არ დავმალავ, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც).

რაც შეეხება რუსეთს... ვფიქრობ, სურათი აქაც ნათელია. ივანიშვილი ნაკლებად ჰგავს კრემლიდან მართულ პოლიტიკოსს (უკვე თამამად შეგვიძლია ამ ტერმინის გამოყენება) და ხელისუფალთა ყოველგვარი მცდელობა, შავი ფიარისთვის გამოიყენოს კავკასიონს გადაღმა გამომუშავებული მილიარდების თემა, განწირულია წარუმატებლობისთვის. ის, ვინც ნაციონალური მთავრობის ზედა ეშელონში გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროპაგანდისტულ ხრიკებს, ვერ ხედავს, რომ სინამდვილეში სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იმკის. ხელისუფლება ვერ ითვალისწინებს, ან ანგარიშს არ უწევს ივანიშვილის განსაკუთრებულ სტატუსს, რაც მან ფანტასტიკური მასშტაბის ქველმოქმედებით შეიძინა მოსახლეობის თვალში... 

აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს ვიღაც ბენდუქიძესთან, შარანგიებთან, ბეჟუაშვილებთან და მათი ჯუფთის გაქსუებულ ფულის ტომრებთან, რომლებსაც კაპიკს ვერ გააგდებინებ ხელიდან საზოგადო საქმის სასარგებლოდ. ადამიანებს, ვინც იცის, რას მოხმარდა ივანიშვილის მილიონები, ვერანაირი ფიარით ვერ დააჯერებ, რომ ეს ”რუსული”, ესე იგი, მტრის მიერ გამოგზავნილი ფულია (ამას ჰებელსის რანგის დემაგოგები სჭირდება. წიკლაურის, გაბაშვილის, ხერხეულიძის, მალაშხიას, მინაშვილის და კიდევ რამდენიმე სახელისუფლებო პროპაგანდისტის ინტელექტი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მარადიული მზრალობის სტადიაზეა და კიდევ დიდი დროა საჭირო მის გასალღობად). უკეთეს შემთხვევაში, მიაღწევ იმას, რომ მასა შეიძლება პოზიტიურად განეწყოს ამდენი სიკეთის ”ჩამდენი” რუსეთის მიმართ. აი, თუ გნებავთ, ცოცხალი მაგალითიც:

”თუ სამება პუტინმა აგვიშენა, სიღნაღი, ბათუმი და ქუთაისი პუტინმა აღგვიდგინა, სკოლები, საავადმყოფოები და თეატრები პუტინმა აგვიშენა, ქობულეთის ”ციცინათელა” პუტინმა აგვიშენა, ჯარს პუტინი გვიფინანსებდა, მსახიობებს, მწერლებს, პროფესორებს და მასწავლებლებს პუტინი უხდიდა ხელფასს, რას ვერჩოდით მაშინ? გდებულიყო, სიმონ, ე პუტინი და ეხადა ფული საქართველოს ასაყვავებლად”- დაახლოებით ასეთი რამ მითხრა ”ქართული ოცნების” პრეზენტაციის დღეს #51-ე საჯარო სკოლის წინ ქუთაისიდან ჩამოსულმა ნაცნობმა, მეოთხედი საუკუნე პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებში რომ ტრიალებს და იმდენი ღერი თმა რომ ჰქონდეს თავზე, რამდენჯერაც პუტინისთვის დედ-მამის მოკითხვა აქვს შეთვლილი, კაი ქოჩორა ბიჭი იქნებოდა ახლაც. ამას ხელისუფლებაშიც ხვდებიან, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებიან და ამიტომაც ვერ ახერხებენ ”პლასტინკის” გადაბრუნებას. ანტიივანიშვილური დისკურსისთვის სხვა თემა, მათ, უბრალოდ, არ მოეძევებათ, მით უმეტეს, ისეთი, რომელმაც შეიძლება ნეგატიურად იმუშაოს დასავლეთზე და უარყოფითად განაწყოს იგი ”კრემლის უკანასკნელი იმედის” მიმართ.

+ + + 

რაც უნდა შეთქმულების თეორიები ვთხზათ მსოფლიო იმპერიალიზმის ორი ოდიოზური ადეპტის (აშშ და რუსეთი მყავს მხედველობაში) მიერ გავლენის სფეროების შეთანხმებული გადანაწილების თაობაზე, ფაქტია, რომ ორი სუპერსახელმწიფოს ინტერესები კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში რეალურად გადაიკვეთა. ეს რეგიონი დღეისათვის აშკარად გამოკვეთილი ორი გეოპოლიტიკური კონცეფციის, ატლანტიზმისა და ევრაზიულობის შეჯახების ერთ-ერთი ყველაზე სეისმოაქტიური უბანია. ამდენად, ლოგიკურია, რომ ორივე მხარე გამადიდებელი შუშით აკვირდება არა მხოლოდ აქ განვითარებულ პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ პროცესებს, არამედ პერსონებსაც, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ან მოსვლის შემთხვევაში შეუძლია გარკვეული გავლენა მოახდინოს მოვლენათა განვითარებაზე.

ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი უკვე გახდა როგორც ამერიკელების, ასევე რუსების გაძლიერებული ყურადღების ობიექტი.

მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ქართველმა მილიარდერმა პირველივე განაცხადით დაადასტურა მკაფიოდ გამოკვეთილი დასავლური ორიენტაცია და, შესაბამისად - პარტნიორებიც ამ ნიშნით შეარჩია.

რას სთავაზობს ივანიშვილი დასავლეთს? რით შეიძლება გახდეს (ან უკვე გახდა) მისი პერსონა საინტერესო ატლანტისტური ბლოკის სახელმწიფოთა დედაქალაქებში მსხდომი პოლიტიკოსებისთვის? რამდენად აქვთ მათ საფუძველი, ირწმუნონ ”ქართული ოცნების” ლიდერის გულწრფელობა, მისი ბიზნესის რუსული ფესვების გათვალისწინებით?

შეიძლება, ვინმე შემეკამათოს - კაცმა დეკლარირებულად გამოაცხადა ევროატლანტიკური კურსის ერთგულების შესახებ და რაღა დარჩა გასარკვევიო.

დიახ, განაცხადა, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკის ნიუანსებში ზედაპირულად ჩახედული ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ პრაქტიკულად უცნობი პოლიტიკოსის მიერ ამა თუ იმ კონცეფციის ვერბალური მხარდაჭერა არ/ვერ გახდება მის მიმართ უპირობო ნდობის საფუძველი. ის, რასაც ამბობს ესა თუ ის ლიდერი, აუცილებლად უნდა იქნას განხილული ზოგად კონტექსტში. მარტივად რომ ვთქვათ, ივანიშვილის ფსიქოტიპის, ბეგრაუნდის, უახლოესი გარემოცვის, საზოგადოებრივი თვალსაზრისით აქტუალური შეხედულებებისა და სამომავლო გეგმების ერთ მთლიანობაში განხილვის გარეშე დასავლეთი არ იჩქარებს მწვანე შუქის ანთებას და უპირობოდ არ დაასკვნის- ეს ჩვენი კაციაო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახლა სწორედ ასეთი შესწავლა მიმდინარეობს. აფთიაქის სასწორზე მისხალ-მისხალ იწონება ყოველი „ჰო“ თუ „არა“ და შედეგსაც მალე ვიხილავთ.

დასავლური (პირველ რიგში – ამერიკის) პოლიტიკური ელიტა, ვისთვისაც სააკაშვილი უკვე დიდი ხანია იქცა თავის ტკივილად, დაბეჯითებით ეძებს საქართველოში ლიდერს, რომელსაც ხალხის ნდობაც აქვს და, ამასთან - რევოლუციური კატაკლიზმების გარეშე ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა. პერსონა, რომელიც ყველა ამ პირობას აკმაყოფილებს, აქამდე არ ჩანდა. მკვეთრად პროდასავლურ ალასანიას და უსუფაშვილს არ გააჩნიათ საზოგადოებაში ასეთი მასშტაბის მხარდაჭერა. განვლილმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ძლიერი ლოკომოტივის გარეშე მათ არ ხელეწიფებათ დამოუკიდებლად გასვლა საფლაგმანო პოზიციაზე. სწორედ აქ შეიძლება გამოიკვეთოს ივანიშვილის ფუნქცია, რომელსაც, მოსახლეობის დღევანდელი განწყობის გათვალისწინებით, უპრობლემოდ შეუძლია მიიზიდოს ელექტორატის დაახლოებით 55-60% (შეიძლება მეტიც).

ივანიშვილის პერსონაზე დაკვირვებით შეიძლება დამატებით გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც მას პერსპექტივაში აქცევს დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის მისაღებ ფიგურად.

იგი სოლიდური ასაკის მამაკაცია, ცხოვრებაში ბევრის მომსწრე და მნახველი. არ გამოირჩევა ობივატელური მენტალობისთვის გამაღიზიანებელი ჰედონისტური კომპლექსითა და მუცელღმერთობით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილის მსგავსად, მან რეპუტაცია შეილახოს ჭამა-თქვლეფასთან და სიძვის დედაკაცებთან დაკავშირებული სკანდალური ისტორიებით.

ივანიშვილის ბეგრაუნდი და გზა უკიდურესი გაჭირვებიდან ნაციონალურ ლიდერობამდე ნაცნობი და მისაღებია დასავლეთის, განსაკუთრებით ამერიკული მენტალიტეტისთვის (ყველაფერს რომ დავანებოთ, მხოლოდ ლინკოლნის და ობამას პრეცედენტები კმარა ამის საილუსტრაციოდ).

ივანიშვილს სანაქებო მეოჯახის, მეუღლისა და მამის იმიჯი აქვს (გასათვალისწინებელია ბერას ფაქტორიც), რაც ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია დასავლურ სოციოკულტურაში.

კოჯრის გზაზე მდებარე სასახლის ულტრათანამედროვე დიზაინი აშკარად მეტყველებს, რომ მისი მფლობელის გემოვნება მთლიანად ჯდება დასავლურ სტანდარტებში (შედარებისათვის შეგვიძლია პარალელი გავავლოთ რუს მულტიმილიონერთან, ფსიქოლოგიითა და ქცევით ”მუჟიკ” ბრინცალოვთან, რომელიც თხუთმეტიოდე წლის წინ მონაწილეობდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში). ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო რელიეფურად იკვეთება მინა-ფოლადის სასახლეში გამოფენილი მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშების ფონზე (ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სწორედ ივანიშვილს ეკუთვნის ქართული ”გუგენჰაიმის” შექმნის იდეა?).

ივანიშვილი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანია, გააჩნია საჭირო მომენტში საჭირო ადამიანების შერჩევისა და გვერდით დაყენების უნარი (ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური მიზანდასახულობიდან გამომდინარე, ალასანია-უსუფაშვილზე აქცენტის გადატანა ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს).

სავარაუდოდ, დასავლეთი უნდა დააფიქროს ივანიშვილის კონტროლიდან გამოსვლის ბუნდოვანმა პერსპექტივამ (ლიბერალური დემოკრატია მთლად ნდობით ვერ უყურებს ”სამშობლო მეკარგება”-ს ტიპის ფრაზეოლოგიით მოსაუბრე, ესე იგი, დასავლური სტანდარტებით ნაციონალისტური გადახრილობის მქონე ლიდერს), რადგან სამშობლოზე დაფიქრებული და მზრუნველი პოლიტიკოსი ძნელად თუ მოთავსდება კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის ჩარჩოში. ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ამ მიმართულებით, მაგრამ მილიარდერის გარემოცვაში ორი გამობრძმედილი ლიბერალის არსებობა საჭიროების შემთხვევაში მისი სწრაფად ”მოთოკვის” საიმედო გარანტიაა.

თუ ყოველივე ამას ივანიშვილის პოლიტიკური პლატფორმის ფონზე განვიხილავთ (ორიენტაცია დასავლეთზე, კურსი ნატოსა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ, რუსული ჯარის ღიად გამოცხადება საოკუპაციო ძალად), პრინციპში, შეიძლება დავასკვნათ, რომ სასწორი მის მხარეს გადაიხრება. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე, მეტ-ნაკლებად სერიოზული რისკ-ფაქტორი. 

მილიარდერი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში; აქვს იქ სერიოზული კონტაქტები, მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და, რაც მთავარია, ჯერ კიდევ იქაა განთავსებული მისი ბიზნესაქტივების სოლიდური ნაწილი. ზემოთაც აღვნიშნე, რომ კრემლის ”ხაზეინებს” ხელთ აქვთ ქმედითი ბერკეტები მილიარდერის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად. ერთი სიტყვით, ფრთხილი დასავლეთის თვალში გარეგნულად საკმაოდ ბევრი საფუძველი არსებობს ეჭვისათვის, ხომ არაა ივანიშვილი კარგად გათვლილი რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილი და კრემლის ტროას ცხენი?

ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ლიდერის ქარიზმატულობის ფაქტორი. ეს თვისება ივანიშვილს აშკარად აკლია. საზოგადოებასთან მისი კომუნიკაცია შორს დგას სასურველისაგან. განვლილი ასი დღის განმავლობაში, თავზეხელაღებული და გაუხედნავი მუსტანგივით მოჭენავე სააკაშვილისგან განსხვავებით, მას არცერთი ცოცხალი შეხვედრა არ გაუმართავს მოსახლეობასთან (”ქართული ოცნების” პრეზენტაცია არ ითვლება). ტელეკომუნიკაცია კი, შეზღუდული საინფორმაციო ველის პირობებში, საკმარისი არაა საზოგადოებამდე საკუთარი იდეების მისატანად.

ცხადია, დასავლეთს ნაკლებად ადარდებს ივანიშვილის ქარიზმატულობის ხარისხი, ზოგადად, მაგრამ უეჭველად მიაქცევს ყურადღებას, თუ ეს ხელის შემშლელ გარემოებად იქცა მოსახლეობამდე ლიბერალური იდეოლოგიის მიტანის საქმეში.

ჩვენთან არავის შეუმჩნევია, მაგრამ, შეუძლებელია დასავლეთში ყურადღება არ მიექციათ ივანიშვილის ვერბალური თვითგამოხატვის ერთი დამახასიათებელი დეტალისთვის. მხედველობაში მაქვს პირველ პირში გამოკვეთილად საუბარი და საკუთარ ეგოზე ხაზგასმით კონცენტრირება. სამაგალითოდ, შეიძლება გავიხსენოთ მისი გახმაურებული სასტარტო ინტერვიუ. იქ ”ქართული ოცნების” ლიდერმა სიტყვა-სიტყვით ასეთი რამ თქვა - ”მომავალში საქართველოში შეიძლება ისეთი დემოკრატია ა ვ ა შ ე ნ ო, რომ ევროპელებიც კი გ ა ვ ა კ ვ ი რ ვ ო”-ო. 

თავისთავად, ამ აზრსა და სურვილში სადაო ან მიუღებელი არაფერია. უფრო - პირიქით, მაგრამ გაუცნობიერებლად (რატომღაც მგონია, რომ ივანიშვილს შეგნებულად არ შეურჩევია გამოხატვის ასეთი ფორმა) საკუთარ პერსონაზე ამგვარი აქცენტირება უკვე იძლევა გარკვეულ საფუძველს დაფიქრებისათვის - ხომ არ იმალება მილიარდერის გარეგნულად გულღია, ერთგვარად ნაივური პერსონის სიღრმეში ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელი, მაგრამ პოტენციური ავტოკრატი? ამის გამოცდილება უკვე ყელამდე გვაქვს საქართველოში. მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია ტრიბუნასთან მდგარი, თმააბურძგნული და მზერააღგზნებული, საათზე დაჩერებული სააკაშვილის სახე, თითის ქნევით რომ იძახდა, ახლა ორს თხუტმეტი უკლია და ნახევარ საათში ჟღენტი (ცნობისათვის, ამჟამინდელი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრზეა საუბარი) თანამდებობიდან იყოს გათავისუფლებულიო.

კიდევ ერთი ავტოკრატი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოახერხებს მოსახლეობის საყოველთაო მხარდაჭერის განიავებას და საქმეს სოციალურ ამბოხებამდე მიიყვანს, ამერიკელებს საქართველოში ნამდვილად არ სჭირდებათ. ამდენად, მათი ეჭვები და ყოყმანი სავსებით ბუნებრივია.

(პირველი ნაწილის დასასრული)