დიდი ღამე

დიდი ღამე

მუხტგამოცლილ ელექტროსაათს თუ დაკვირვებიხართ?

წამების ისარი ერთ ადგილზე ნერვიულად ძიგძიგებს, ტოკავს...

ტოკავს და სადღაც, ბატარეის შიგთავსში ჯერ კიდევ ჩარჩენილი ენერგიის მაქსიმალური მობილიზებით ცდილობს მომდევნო პოზიციაზე გადასვლას.

ცდილობს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

გაჩერებული საათის ”კარდიოგრამა” საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას მაგონებს რაღაცით.

ჩვენც ერთ ადგილზე ვტკეპნით მიწას, თავგამოდებით ვცდილობთ ნაბიჯის წინ გადადგმას, მაგრამ არაფერი გამოგვდის და მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ საკუთარ კუდს დადევნებული ძაღლივით.

და ეს ტრიალი ოცი წელია გრძელდება.

დღეს 22 დეკემბერია.

22 დეკემბრის ღამე ყველაზე ხანგრძლივი ღამეა. 

23 დეკემბრიდან მოყოლებული ღამეების ხანგრძლივობა ნელნელა იკლებს.

ასეა ბუნებაში.

მაგრამ ასე არაა საქართველოში.

ქართულ კალენდარზე 20 წელია, თარიღი არ შეცვლილა.

1991 წლის 22 დეკემბერი ისე დაღამდა, 23 დეკემბერი არ გათენებულა.

ეს დღე უგამორჩეულესად შავი თარიღია საქართველოს ისტორიაში.

ესაა დღე, როდესაც ყველაზე სრულად იჩინა თავი ქართული ხასიათის ყველა მანკიერმა თვისებამ.

22 დეკემბერი არის სიბრიყვის, შურის, ბოღმის, წინდაუხედაობის, დავიწყების, უპასუხისმგებლობისა და ღალატის აპოთეოზი.

22 დეკემბერი უფრო მეტია, ვიდრე ბაზალეთი.

ბაზალეთში ქართველები იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ.

22 დეკემბერს საქართველოს ბოროტი გენია აიჯაგრა საქართველოს უკვდავ სულზე.

20 წელი გავიდა, მაგრამ ჯერ ისევ ბოროტად ბოლავს რუსთაველის შემოგარენი.

ისევ გაისმის ავტომატების კაკანი და ჰაუბიცების გრიალი.

ისევ იღვრება სისხლი.

ისევ დუმს თემიდა.

არა თვალაკრული, არამედ - თვალდავსებული.

ისევ უძრავად დგას სასწორი თემიდასი.

22 დეკემბრის სისხლიანი დრამის მთავარი პერსონაჟები რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არიან მიმოფანტულები.

ზოგი - მთაწმინდაზე...

ზოგი - ქაშუეთში...

ზოგი - დიდუბეში...

ზოგი ჯერ კიდევ განაგრძობს უბადრუკ ღარღილს და ცოდვილი ლეშით ამძიმებს ისედაც ცოდვილ დედამიწას.

ჰო, ლეშით, რადგან ბინძური სული 22 დეკემბრის სისხამ დილით დაქუხებული ზარბაზნის ზალპს გააყოლეს ჯოჯოხეთში.

ისტორიის უზენაესმა სამსჯავრომ 22 დეკემბერს უკვე გამოუტანა განაჩენი, მაგრამ იგი ძალაში ჯერ კიდევ არაა შესული.

დოკუმენტის მხოლოდ ტექსტია ცნობილი.

ვიცით, რა წერია სამოტივაციო ნაწილში.

ვიცით, რა წერია სარეზოლუციო ნაწილში.

თითქოს, ყველაფერი ვიცით, მაგრამ განაჩენი, აგერ 20 წელია, ბეჭედდაუსმელი და დაუმოწმებელი ძევს ადამიანების მიერ შექმნილი სასამართლოს კანცელარიაში.

გილოცავთ ყველას!

გილოცავთ ქურდებო, ბოზებო, ყაჩაღებო, მარადიორებო!

თქვენი მიზანი შესრულებულებულია.

საქართველო გაძარცვულია.

ჩემი ქვეყანა გაბახებულია.

გილოცავთ საბჭოთა მძორით გამოზრდილო წითელო ინტელიგენტებო!

თქვენი ამბიცია დაკმაყოფილებულებულია.

თქვენ ისევ ჭკუის საკითხავ ელიტად და ერის მამებად ითვლებით გონებადაბნელებულ საქართველოში.

გილოცავთ პარტიული ნომენკლატურის ვირთხებო!

თქვენი დედამოტყნული შთამომავლობა დღესაც განაგრძობს ჩემი სამშობლოს ნაგვემი სულისა და სხეულის ჯიჯგნას.

და, რაც მთავარია, გითანაგრძნობთ, ძმებო!

გითანაგრძნობთ დაბნეულო, ფეხის ხმას აყოლილო, დეზორიენტირებულო, საკუთარი ჭკუით უკეთეს საქართველოზე მეოცნებე ქართველებო.

20 წლის წინ ჩვენ ბარიერის სხვადასხვა მხარეს ვიდექით და ტყვიას ვესროდით ერთმანეთს.

ერთმანეთს?

სინამდვილეში - საკუთარ მომავალს.

ერთადერთი პოზიტივი, რაც განვლილ 20 წელს მოჰყვა, ისაა, რომ ახლა ერთად ვართ.

20 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, იკვეთება დიდი ქართული ერთობის მკრთალი კონტურები.

20 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც, მზად ვართ, ხელი ჩამოვართვათ და მოვუბოდიშოთ ერთმანეთს.

ამას გვავალდებულებს ჩვენი კაცობა, ღირსება და პასუხისმგებლობა.

ამას მოითხოვს ჩვენგან დაჩეხილ-დანაწევრებული, მიწაზე გართხმული და სულში ჩაფურთხებული საქართველო, წინაპართა სისხლით გაჟღენთილი და ძვლებით გაპოხიერებული ქართული მიწა.

ჩვენივე შვილებისა და შვილიშვილების მომავალი მოითხოვს ამას.

ჩვენ უნდა დავასრულოთ 22 დეკემბრის დიდი ღამე. 

ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გავათენოთ 23 დეკემბრის დილა.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ თარიღთა კანონზომიერი ცვლა ქართულ ჟამსაბრუნავში.

ჩვენ უნდა ავაღორძინოთ 9 აპრილის სული. 

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საწყევრად არ დავუტოვოთ სახელი შთამომავლობას.

ჯერჯერობით კი...

ნერვიულად ადგილზე ტოკავს მუხტგამოცლილი წამების ისარი.

კვლავ 1991 წლის 22 დეკემბერია ქართულ კალენდარზე.