Hats Off Jethro tull!

Hats Off Jethro tull!

ზოგჯერ დაფიქრდება კაცი და 21-ე საუკუნის დაუნდობელ მიწიერ სამყაროში ნათელი წერტილების შეცნობის სურვილით განიმსჭვალება ხოლმე, სადაც და რა სფეროშიც არ უნდა იყოს, რადგან პრაგმატიზმმა უკვე ყოველივე მოიცვა და უმეტესწილად არაპროფესიონალიზმთან გაიგიავებული, ჭამს და ღრღნის ადამიანის შინაგან სამყაროს, მის სულსა და გულს უგრძნობს ხდის ყოველივე მშვენიერისადმი და რაც მთავარია აყრუვებს და ახშობს მის გონებას, რადგან უბრალო მელოდიის შეცნობაც კი უჭირს თანამედროვე ადამიანის ყურს...


აბა წარმოიდგინეთ ნებისმიერი დღევანდელი პოპ-ვარსკვლავი მილიონობით დოლარის ღირებულების თანმდევი მუსიკალური კლიპის გარეშე და მიხვდებით, რომ ტყუილად ეს კლიპი არ გადაუღიათ... წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი ხომ ნამდვილად დაიბრაკებოდა და აღარ გაიყიდებოდა... და განა ასე იყო იმ დროს, როდესაც Jethro tull-ის ალბომები Thick As A Brick და Passion Play ამერიკულ ჰიტ-პარადებში პირველ (!) ადგილებს იკავებდა და როგორმე კლიპით გაფორმებას ალბომის თითოეული გვერდის 20-20 წუთიანი კომპოზიციები არ საჭიროებდა?

ყველაფერი კი იქამდე 10 წლით ადრე დაიწყო, როდესაც ბატონი იან ანდერსონი გიტარაზე დაკვრის შესწავლას ეწაფვოდა და პატიოსნად შრომობდა ახლადშექმნილ კოლექტივში The John Evean Band. მალე შოტლანდიური წარმოშობის ყმაწვილმა ერიკ კლაპტონსაც მოუსმინა John Mayall’s Bluesbreaker-ში და გადაწყვიტა, რომ გიტარაზე კლაპტონის დარად ვერასოდეს დაუკრავდა, აი ფლეიტა კი “თავისუფალი” იყო, რადგან როკ-სამყაროში იმ პერიოდში არც არავინ ფიქრობდა ამ ინსტრუმენტის დანერგვას, ანუ ანდერსონის თქმით, იგი არც არავიზე უკეთ, არც არავიზე უარესად ფლობდა ფლეიტას... 

ჯგუფსაც უცნაური სახელი ეწოდა. იანმა გაიხსენა მე-17 საუკუნის ინგლისელი ფერმერი ჯეთრო ტალი, რომლის გამოგონილ გუთანშიც, საეკლესიო ორღანის სხვადასხვა ნაწილები იყო დამონტაჟებული... მალე The John Evean Band კვინტეტად იქცა და მსოფლიოს Jethro tull-ის სადებიუტო ალბომი This Was მოევლინა. 

საერთოდ მომავალშიც უნდა აღინიშნოს ანდერსონის ცნობიერებაში წარსულის, აწმყოსა და მომავლის (Living In The Past, Living With The Past, Passion Play) გაიგივება, ხოლო 20 წლის განვითარებადი მუსიკოსისაგან, რომელიც ფლეიტისა და გიტარის ათვისებასთან ერთად, კიდევ არაერთ ეკზოტიკურ ინსტრუმენტს ეუფლებოდა, სადებიუტო ალბომის ამგვარი სახელწოდება მომავალში ან წინასწარმეტყველურ, ან კიდევ უბრალოდ - აღტკინებული ჭაბუკის ფანტაზიის განუხორციელებელ საგნად უნდა ქცეულიყო. მესამე ვარიანტი კენ ჰენსლის სიტყვები – Proud Words On Dusty Shelves, როგორც მომავალი გვიჩვენებს, იან ანდერსონს ვერ შეეხებოდა, რადგან სახელოვანი შოტლანდიელი საკმარისად პრაგმატულად აზროვნებდა საიმისოდ, რომ მისი ალბომები თაროებზე მტვრის ბუდედ არ ქცეულიყო... 

რაც მთავარია იანმა, რომელიც მშობლიურ დანფერმლაინში ბავშვობიდანვე ხშირად აკითხავდა შოტლანდიის სამეფო გვარის წარმომადგენელთა საძვალეს, თავიდანვე დაისწავლა ცხოვრებისეულ საკითხებთან სიღრმისეული და საფუძვლიანი მიდგომა. მომავალი გვიჩვენებს, რომ მისი რეპერტუარი ყოველთვის ასახავს ეპოქის მუხტს და რაც უფრო დიდი დრო გავა, მით უფრო მოიკლებს მისი მსმენელთა რიცხვი, სამაგიეროდ იმატებს ხარისხი, რადგან თუკი იგი 1972-1973 წლებში მისი ალბომები პლატინისა ხდებოდა, ამას იმ ეპოქის შოუ-ბიზნესი განაპირობებდა, დღევანდელ დღეს კი – Black Eyed Peas-ისა თუ ემი ვაინჰაუსის ეპოქაში, ბატონი იანის ნამდვილი გმირობაა, რომ მისი თინნეიჯერი მსმენელები Aqualung-სა, თუ Benefit-ს რომ უსმენენ... 

საქმესთან დამოკიდებულებაში ანდერსონი მის თანამედროვეთაგან განსხვავებით, შორს იყო დაბინდული გონებით შემოქმედებითი გამომხატველობისაგან და ჟეტჰრო თულლ-ის სხვადასხვა პერიოდის წევრები, დიდი მუსიკოსობის მიუხედავად, ლოთობისა თუ სხვადასხვაგვარი ოინბაზობის მიზეზით, არაერთგზის დამშვიდობებიან მკაცრ იან ანდერსონს. ამ მხრივ გამონაკლისი ხომ მხოლოდ გიტარისტი მარტინ ბარრია...

არსებობის ათწლეულის ფეიერვერკად 1978 წლის ლაივ ალბომი – ნამდვილი აფეთქება “Bursting Out” იქცა, რომლის პირდაპირმა სატელევიზიო ჩვენებამ თითოეული კონტინენტი მოიცვა. სამწუხაროდ, მაშინ საბჭოთა მოქალაქეები ვიყავით და ამის შესახებ არც გაგვიგია. 

მალე პროგრესივ-როკის იდეა საბოლოოდ დასამარდა და გაურკვევლობაში მყოფი ბატონი იანი, კომპიუტერულ-სინთეზატორული მუსიკის კეთების შესწავლას შეუდგა; ესეც ზუსტად ამოიცნო, რადგან ალბომი Under Wraps თან დიდი ტირაჟით გაიყიდა, თან არასოდეს მტვერი არ დაედება, რადგან მისი შეძენისაგან თითოეული კონტინენტის წარმომადგენელმა Jethro tull-ის კოლექციონერმა თავი შეიკავა... 

მით უცნაური იყო შოუ-ბიზნესის ეპოქის ამოცნობა 1987 წელს, როდესაც “კონცეპტუალური ალბომების” შემქმნელმა მუსიკოსმა გრემის ნომინაციაში წლის საუკეთესო ჰევი-მეტალ(!) ალბომით - Crest Of A Knave გაიმარჯვა. ამ დროისათვის იანის ფლეიტის თვალსაწიერი კიდევ უფრო ფართოვდებოდა, რაც ეკზოტიკის მწვერვალს ალბომ Roots To Branches-ში მიაღწევს, ხოლო ხმის ტემბრი კი ზოგჯერ Dire Straits-ის მარკ ნოფლერისას მოგაგონებდათ. მაინც რა შუაშია მეტალი? არც არაფერში, უბრალოდ ზოგჯერ განვითარებული შოუ-ბიზნესის სამყაროშიც ნებსითა, თუ უნებლიედ – ეშლებათ ხოლმე... 

სახელწოდება Rock Island-თვის უკვე შესანიშნავი ფუნდამენტიც შეიქმნა და წინამორბედის საქმის ღირსეულ გამგრძელებელ ალბომმაც აღარ დააყოვნა. მაგრამ 90-იანი წლების სტუდიური მწვერვალი ანდერსონმა ალბომ Roots To Branches–ით დაიპყრო. ეს სახელწოდებაც ხომ წინაპართა ძვლებიდან წარმოდგება და წინასწარმეტყველურია... ამ ახალ Stand Up–ში, Songs From The Wood-სა, თუ Ministrel In The Gallerey-ში ფლეიტა უკიდეგანო სივრცეს მოიცავს და ზღაპრული ჟღერადობით ავსებს თითოეულ სიმღერას, ანუ ტოტს იმ ხისა, რომლის ნაყოფიც იმ გუთნით ნახნავი მიწის ნაამაგარია, გარდაცვალებიდან სამი საუკუნის შემდეგ ვინმე იან ანდერსონმა რომ შეაქმნევინა ბატონ ჯეთრო ტალს. ასე, რომ, Hats Off To Jethro Tull!